კოტე აფხაზის ქუჩა (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოტე აფხაზის ქუჩა)
კოტე აფხაზის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
ისტორიული რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები სომხის ქუჩა, პავლე ციციანოვის ქუჩა, სომხის ბაზარი, სილიბისტრო თოდრიას ქუჩა, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა

კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩა — ქუჩა კრწანისის რაიონში (კალა, ზემო უბნისა და ქვემო უბნის საზღვარი); თავისუფლების მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნამდე. წარმოიქმნა შუა საუკუნეებში. „კოჯრის კარიდან ჩამოსული დიდი ქუჩა“ იმთავითვე ცნობილი იყო შუა ბაზრის სახელით. ეს სახელი შეერქვა იმიტომ, რომ იგი ქალაქის (კალის) ორ უბანს – ზემო და ქვემო უბანს შუა მდებარეობდა.

1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც სომხის ქუჩა და პავლე ციციანოვის ქუჩა (ვერცხლის ქუჩასთან ერთად). თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც პავლე ციციანოვის ქუჩა (სომხის ბაზარი, ქურქისა და იარაღის რიგები), 1876 და შემდგომი წლების გეგმებზე — როგორც სომხის ბაზარი. XX საუკუნის 30-იან წლებში სარეწაო კოოპერაციის საბჭო („სარეწაო საბჭო“) გამო. 1938 — სილიბისტრო თოდრიას, 1944 — კონსტანტინე ლესელიძის, 2006 კოტე აფხაზის სახელი ეწოდა.

ისტორიულად ეს იყო უძველესი საქარავნო გზის მონაკვეთი, რომელიც კოჯრის კართან იწყებოდა, დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩია ხაზს გასდევდა და აკავშირებდა ქალაქის ცენტრს აბანოთუბანთან. შემდგომში იგი თანდათან იქცა ქალაქის ძირძველი ნაწილის — კალის სავაჭრო ცენტრად. კლაკნილი, ვიწრო, მაგრამ საკმაოდ გრძელი ქუჩის ორივე მხარე მჭიდროდ იყო განაშენიანებული სავაჭრო დუქნებით, სახელოსნოებით, საკულტო ნაგებობებით და, ფაქტობრივად, ქალაქის სავაწღო-სახელოსნო ცენტრს, თავისებურ ბირჟას წარმოადგენდა.

პირველი რეკონსტრუქცია ქუჩას 1924–1926 წლებში ჩაუტარდა (ინჟინერი გრიგოლ ქურდიანის პროექტი), მეორე — 1986–1988 (არქიტექტორთა ჯგუფი გიორგი ბათიაშვილის ხელმძღვანელობით), რის შედეგადაც ქუჩა გადაიქცა მნიშვნელოვან სატრანსპორტო მაგისტრალად, რომელიც აერთებს ქალაქის ცენტრს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან და, ამავე დროს, რჩება კულტურულ-სავაჭრო ცენტრად.

ძველ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში მრავალი თანამედროვე ნაგებობა აღიმართა, მოძველებულ ამორტიზებულ სახლებს კი ჩაუტარდა ძირეული რეკონსტრუქცია, რამაც მრავალსახა ქალაქისათვის დამახასიათებელი იერის ამ უძველეს ქუჩას თანამედროვე სახე მისცა. იგი ერთნაირად იზიდავს როგორც თბილისელებს, ასევე ქალაქის სტუმრებსაც.

ნაგებობათაგან აღსანიშნავია: უნივერმაღის შენობის კომპლექსი [XX საუკუნის 80-იან წლებში, არქიტექტორები: გიორგი ბათიაშვილი (ხელმძღვანელი), მ. ლეკვეიშვილი, დ. ჟღენტი, ი. ხელაია; გრან-პრი I საერთაშორისო არქიტექტორთა ბიენალეზე, თბილისი], რომლის ხუროთმოძღვრება „პოსტმოდერნისტული “ სტილის თავისებური ინტეპრეტაციაა; სტომატოლოგიური პოლიკლინიკა (1988; არქიტექტორი ნ. ქვათელაძე, გ. თაყაიშვილი), რომელიც ორიგინალური, ფორმით არაორდინარული შენობაა. კოტე აფხაზის ქუჩაზე არის თეკლეს ქარვასლა (ახლანდელი სასულიერო აკადემია და სემინარია; XIX საუკუნის შუა წლები), ნორაშენის ღვთისმშობლის და ჯვარის მამის ეკლესიები, სინაგოგა. ვერცხლის ქუჩის კუთხეში, სკვერში, დგას კონსტანტინე ლესელიძის ძეგლი (მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე). აქვს 3 ჩიხი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე II ჩიხი დატანილია როგორც ქოშის ჩიხი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]