ზარაგულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ზარაგულა
Zaragulavillage.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
თემი ლუხვანო
კოორდინატები 42°37′34″ ჩ. გ. 42°42′35″ ა. გ. / 42.62611° ჩ. გ. 42.70972° ა. გ. / 42.62611; 42.70972
დაარსდა 1535 (1675)
პირველი ხსენება 1660
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 42[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზარაგულა — საქართველო
ზარაგულა
ზარაგულა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ზარაგულა

ზარაგულა[2]სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლუხვანოს თემში.[3] მდებარეობს მდინარე ნამკაშურის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ცაგერის ქვაბულის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზარაგულას ტერიტორიაზე აღმოჩენილია ანტიკური ხანის მცირე ნამოსახლარი, რომელიც უკავშირდება ელინისტურ ეპოქას.. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. IV საუკუნის კოლხური თეთრის განძი, რომელიც დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ზარაგულა წარმოადგენს კოპალიანების გვარის მიერ დაარსებულ სოფელს. მისი მოსახლეობის სრულ უმრავლესობას ისტორიულადაც სწორედ კოპალიანები წარმოადგენენ. საეკლესიო დასტარებში თუ სხვა შუა საუკუნეების წერილობით წყაროებში, აგრეთვე ზეპირსიტყვიერად მის დაარსებას უკავშირებენ კოპალიანების ზარაგულის შტოს მამათავარს კაცია კოპალიანს.

სოფელი ზარაგულა ზემო ლუხვანოს გზიდან.

ზარაგულელი კოპალიანების თქმულების თანახმად, მათი საერთო წინაპარი, სახელად კაცია გურიიდან მოსულა. იგი გვარად კოპალეიშვილი იყო, მეორე ვერსიით კი კობალაძე, რომელიც გურიის მთავრების კარზე მსახურობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გაურკვეველი მიზეზების გამო კაციას აღარ დაედგომებოდა გურიელის კარზე და საკუთარ ოჯახთან ერთად გაიხიზნა იმერეთის სამეფოში, სადაც მან იმერეთს მეფის კარზე განაგრძო მოღვაწეობა. კაციას და მის შვილებს დიდი წვლილი შეუტანიათ ოსმალებთან ომში და გავერანებული იმერეთის სამეფოს აღდგენაში, რის გამოც იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს უბოძებია მამული ლეჩხუმში და დაუნიშნავს იგი გადაცემული ადგილმამულის მოურავად. ეს უნდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არ მართავს ლეჩუხმს და იგი იმერეთის მეფის დომენია. კაცია დასახლებულა სოფელ ლუხვანოსთან ახლოს, სადაც დაუარსებია სოფელი ზარაგულა. სწორედ მისი სამი შვილი მიიჩნევა ზარაგულას ყველა მცხოვრების საერთო წინაპრად. გვარის დამფუძნებელი მამამთავრის პატივსაცემად ზარაგულას კოპალიანები ასევე იხენიებიან როგორც „კაციეისანები“.

ყველაზე სანდო ვერსიით სოფელი ზარაგულა დაარსებულია 1660 წელს (მეორე ვერსიით დაახლ. 1535 წელს). აქაური კოპალიანები მოურავის ტიტულს ატარებდნენ. ოდიშის სამთავროს ადმინისტრაციულ დაყოფაში არსებობდა საკოპალიანო — მცირე სამხედრო სამოურავო, რომელიც აერთანებდა ზარაგულას, ლუხვანოს და კიდევ 14 სოფელს. ზარაგულელი კოპალიანები წყალობას და მფარველობას იღებდნენ იმერეთის მეფისაგან, ამიტომ ისინი დადიანებს უპირისპირდებოდნენ. განსხვავებით ლუხვანოს კოპალიანებისაგან, რომლებიც მხარს ოდიშის მთავარს უჭერდნენ.

1936 წელს ლავრენტი ბერიას განკარგულებით სოფლიდან მოსახლეობის უმრავლესობა გადაასახლეს აფხაზეთში.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მდებარეობს ანტიკური ნამოსახლარი (ძვ. წ. IV ს.); 1871 წელს აგებული მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ნანგრევები; კოპალიანთა საგვარეულო ეკლესიის საძირკვლისა და მოურავების სიმაგრის ნაშთები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს სოფელი ზარაგულა თითქმის დაცლილია. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის, სუბსიდიების არარსებობის და საარსებო რესურსების სიმწირის გამო იგი დეპოპულაციას განიცდის. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 42 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 97 54 43
2014[1] Decrease2.svg 42 28 14

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 483, თბ., 1979 წელი.
  • ემილ კოპალიანი, კოპალიანების გვარის ისტორია, თბ.: გამომც. „საუნჯე“, 2017 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]