შინაარსზე გადასვლა

კოლხური თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლხური მონეტები

კოლხური თეთრი — ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი — შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფაზისს).

კოლხური თეთრის მნიშვნელობა მეტად დიდია, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთულ და წერილობით წყაროებით ნაკლებად გაშუქებულ პერიოდის შესწავლის თვალსაზრისით. საკმარისია აღინიშნოს, რომ იგი ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია ძვ.წ. VI საუკუნეში თანამედროვე დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სამეფოს არსებობის დასამტკიცებლად. გარდა ამისა, კოლხური თეთრი პირველხარისხოვანი მასალაა ძველი ქართული პანთეონის შესასწავლად.

კოლხური მონეტები დასავლეთ საქართველოს გარდა ასევე აღმოჩენილია (ყირიმშინიმფეის ტაძრის ნანგრევებში; ქერსონესში; სოჭის რაიონში; ტრაპეზუნტის მიდამოებში; ქართლშიარმაზში და სხვ.). თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნახევარდრაქმის II ტიპის კოლხური მონეტები ნაპოვნია ათასობით[1].

კოლხური თეთრის ტიპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს. ჩვენამდე მოღწეულ ერთეულებს შორის უდიდესია ე. წ. ტეტრადრაქმა (ანუ ოთხდრაქმიანი მონეტა). შემდეგ მოდის დიდრაქმების (ორდრაქმიანი) რიგი.

# დასახელება სურათი მონეტის აღწერა წონა დიამეტრი
1
ტეტრადრაქმა
კოლხური ტეტრადრაქმა შუბლზე — მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული ლომის თავი; ზურგზე — ჩაჭდეულ კვადრატში მოთავსებული ფრთოსანი რაშის პროტომა.
მსოფლიოში სულ სამი ასეთი მონეტაა ცნობილი. დაცულია ჰააგის, ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებში.
ჰააგის მუზეუმის ეგზემპლარი — 10,4 გრამი, ბრიტანეთის მუზეუმის ეგზემპლარი — 12,72 გრამი, სიმონ ჯანაშიას მუზეუმის ეგზემპლარი — 13 გრამი. ≈ 22 მმ.[2] [3]
2
დიდრაქმა I ტიპი
კოლხური დიდრაქმა I შუბლზე — მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული მწოლიარე ჰერმაფროდიტი ლომის (ხვადის ფაფრითა და ძუს ძუძუებით) გამოსახულება, რომელსაც თავი უკან აქვს მიბრუნებული. ზურგზე — ჩაჭდეულ სწორკუთხედში მოთავსებული მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ქალის (აშკარად შეიმჩნევა მკერდის მოხაზულობა) ფიგურა.
მსოფლიოში რამდენიმე ასეთი მონეტაა ცნობილი, რომლებიც დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ქუთაისის მუზეუმში, ერმიტაჟის, ბრიტანეთის, ბერლინისა და ბოსტონისა მუზეუმებში.[2] [4]
დიდრაქმების საშუალო წონაა 8-11 გრ. ≈17/20-20/21 მმ.[2]
3
დიდრაქმა II ტიპი
კოლხური დიდრაქმა II შუბლზე — ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე — ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მონეტის შუბლზეა. დიდრაქმების საშუალო წონაა 8—11 გრ. ≈18/20-21/23 მმ.[2] [5]
4
დიდრაქმა III ტიპი
შუბლზე — ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე — ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ხარის ორი თავი.

(მონეტა ითვლება დაკარგულად. 1910 წელს ფოთში აღმოაჩინა მეცნიერმა ე. პახომოვმა, რომელმაც დაგვიტოვა მისი გამოსახულება ჩანახატის სახით[6].)

დიდრაქმების საშუალო წონაა 8—11 გრ. [7]
5
დრაქმა
კოლხური დრაქმა შუბლზე — ლომის თავი ანფასში; ზურგზე — მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. დაცულია ქუთაისის მუზეუმში. დრაქმის წონაა 5,52 გრ. ≈17/19 მმ.[8] [9]
6
ჰემიდრაქმა I ტიპი
კოლხური ნახევარდრაქმა I შუბლზე — დაღრენილი ლომის თავის მარჯვენა პროფილი (ქობულეთში აღმოჩენილ მონეტაზე მონეტაზე ლომის თავი მარცხნივაა მიმართული); ზურგზე — მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა.
მსოფლიოში სულ ოთხი ასეთი მონეტაა ცნობილი. დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებში.
წონა 2,21—2,61 გრ. ≈11/12-12/13 მმ.[8] [10]
7
ჰემიდრაქმა II ტიპი
კოლხური ნახევარდრაქმა II შუბლზე — ხაზოვან ან წერტილოვან რკალში ჩასმული მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი. შემორჩენილია ცალები, რომლებზედაც გამოსახულება წარმოდგენილია გრძელი, მხრებზე დაყრილი თმით, რაც მიუთითებს, რომ საქმე რომელიღაც ქალღმერთის იკონოგრაფიასთან გვაქვს.[8] ზურგზე — მარჯვნივ მიმართული ხარის თავი.
დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. ვინაიდან, კოლხური თეთრის მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებული მეორე ტიპის ნახევარდრაქმაა, იგი მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა წამყვან მუზეუმშია წარმოდგენილი.
წონა 1,2—2,6 გრ. ≈12 მმ.[8] [11]

განსხვავებული მონეტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლხურ მონეტებს შორის ყველაზე გავრცელებულია II ტიპის ნახევარდრაქმა, რომელიც დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის ერთ მხარეზე ადამიანის თავია გამოსახული, მეორეზე კი – ხარის, უფრო იშვიათად ლომის. სამწუხაროა მაგრამ კოლხურ მონეტებზე წარწერები არ გვხვდება, თუმცაღა არის გამონაკლისები - მხოლოდ ზოგიერთზე გვხვდება ასოები MO, A, O, ან Ф. ყველაზე ხშირია MO-ასოებიანი მონეტები (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ასეთები ათზე მეტია), სხვა სახის წარწერიანი მონეტები სულ თითო ეგზემპლარის სახითაა მოღწეული. ა. ბოლტუნოვა ფიქრობს, რომ ასო Ф-ში ფაზისის სახელი შეიძლება დავინახოთ[12]. დანარჩენი ნიშნები, მ. ინაძის აზრით, შეიძლება ზღვისპირა ქალაქების თანამდებობის პირთა ინიციალებს წარმოადგენდნენ[13]. დასავლეთ საქართველოში კოლხური მონეტები ძირითადად გავრცელებულია სოხუმსა და ბათუმს შორის მდებარე ტერიტორიაზე, ე. ი. სწორედ ძვ. წ. VI-IV სს. მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლის რომ კოლხური მონეტები იჭრებოთა თავად კოლხეთში. ქ. წულუკიძეში ნაპოვნ განძში მონეტის ერთ-ერთი ეგზემპლარი დამზადების პროცესში მყოფი ჩანს (ერთი მხარე გლუვი აქვს), რაც თითქოს აგრეთვე მათ ადგილობრივ დამზადებაზე მეტყველებს[14]. ხოლო მეორე ჯგუფი თვლის, რომ ეს მონეტები შესაძლოა ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში იყოს მოჭრილი[15]. ა. ზოგრაფს კოლხური მონეტების ერთი ნაწილი მაინც ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ მოჭრილად მიაჩნდა[16]. კოლხური თეთრის არსებობა ერთ-ერთი საბუთია იმისა, რომ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე სახელმწიფო არსებობდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1950, გვ. 25-27.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №2(38), თებერვალი, 2014 წ. გვ. 14
  3. http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=2 დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. / ტეტრადრაქმა
  4. http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=4 დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. / დიდრაქმა I ტიპი
  5. http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=9 დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. /დიდრაქმა II ტიპი
  6. ს. მაკალათია, ახალი ტიპის კოლხური მონეტის აღმოჩენა, საქ. სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. XIV, 1947, გვ. 425-428
  7. http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=10 დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. /დიდრაქმა III ტიპი
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №2(38), თებერვალი, 2014 წ. გვ. 15
  9. http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=11 დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. /დრაქმა
  10. http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=12 დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. /ჰემიდრაქმა I ტიპი
  11. http://geonumismatics.tsu.ge/ge/catalogue/types/?type=13 დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. /ჰემიდრაქმა II ტიპი
  12. А.И. Болтунова, «Вестник древней истории», 1952, №4, გვ. 172
  13. “საქართველოს მეცნ. აკადემიის მოამბე”, XXI, 1958, №2
  14. Д . Г . Капанадзе и К . В . Голенко , К вопросу о происхождении колхидок , ВДИ , 1947, No 4, გვ . 91
  15. А.И. Болтунова, «Вестник древней истории», 1952, №4, გვ. 172
  16. ა. ზოგრაფი Находки античных монет в Закавказье, გვ. 38.