ვარძია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვარძია (მონასტერი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ვარძია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვარძია (მრავალმნიშვნელოვანი).
მონასტერი
ვარძია
ქართ. ვარძია
Vardzia cave city.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კოორდინატები 41°22′51″ ჩ. გ. 43°17′01″ ა. გ. / 41.3808417° ჩ. გ. 43.2837611° ა. გ. / 41.3808417; 43.2837611
ცენტრის სიმაღლე 1300
ვარძია — საქართველო
ვარძია
ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი

ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს.

ეტიმოლოგია

მეფე გიორგი III დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა „აქ ვარ ძია!“, და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს „ვარძია“.

“მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყვეს და დაღლილები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა. ახლა კი მიუხვდნენ განგებას. ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს, ხოლო ძველ მიტოვებულ ადგილს ამ ხნიდან ნავარძიევი ეწოდება.”

“მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”

ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.

ისტორია

ვარძია, ხედი სამრეკლოდან
თამარ მეფის ფრესკა ვარძიის ეკლესიაში
ფრესკები ეკლესიაში
მტკვრის ხეობა ვარძიიდან

სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.

მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.

ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლითბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა.

თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. ამ უდიდესი სამეფო მონასტრის შექმნას უკავშირებს იგი თამარ მეფის მოღვაწეობის დახასიათებას საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობის დარგში – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.

მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156–1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად.

მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184–1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად. ვარძია, როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.

მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186–1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის – გამოკვეთა. 1203 წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში.

მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).

ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე. XVXVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. 1551 წელს, საქართველოში თავისი მე-3 ლაშქრობისას, სპარსეთის შაჰი შაჰთამაზ I შემოესია ვარძიას. გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში, ამაზე წერენ XVII ს. ისტორიკოსები: ქართველი ფარსადან გორგიჯანიძე და სპარსი — ჰასან-ბეგ რუმლუ .

მესხეთი 1578 წელს ოსმალეთის ბატონობაში მოექცა. იწყება ქართველთა გამაჰმადიანების ინტენსიური პროცესი და იგი 250 წლის მანძილზე გრძელდებოდა.

1828 წელს რუსეთის არმიამ გენერალ ივანე პასკევიჩის სარდლობით სამხრეთ საქართველოს ისტორიული მიწები ოსმალეთისგან ბრძოლით მოიპოვა და რუსეთის იმპერიას შეუერთა.

1857-1928 წლებში ვარძიაში მოქმედებდა მამათა მონასტერი.

მშენებლობის ეტაპები

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.

I ეტაპზე, გიორგი III-ის მეფობის წლებში (1156-1184), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. II ეტაპზე (1184-1185) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. თამარ მეფის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი სტოა-პორტიკით. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით. III ეტაპზე (1185-1203) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვით და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. IV ეტაპი დაკავშირებულია 1283 წლის მიწისძვრასთან. აქ ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელის ათაბაგობის ხანაში (1285-1306) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის V ეტაპზე, ივანე ათაბაგის დროს, შეიქმნა დიდი სატრაპეზო.

ვარძიის მონასტერი XIX საუკუნის ბოლოს, ასახული ალექსანდრე როინაშვილის ფოტოხელოვნებაში

არქიტექტურა

ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე — მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის — ტაძრის გარშემო. ვარძიის ქვაბულები გრძივად დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, 500 მ-იანი ფრონტითაა გადაშლილი. ქვაბულები განთავსებულია იარუსებად. ცალკეულ მონაკვეთებში გვხვდება ხუთი, ექვსი და შვიდი იარუსი. აღმოსავლეთ ნაწილში ქვაბულთა 13 იარუსი დასტურდება. ერთიანი სისტემით აქ 19 იარუსია.

ვარძიაში დრეისათვის დადასტურებულია 641 კლდეში ნაკვეთი სათავსო.

გვირაბები

გვირაბი ვარძიის ცენტრალურ ნაწილში დაკავშირებულია წყლით მომარაგებასთან. იგი შედის წყალგამტარ ფენაში, მისი სიგრძე 16 მ-ია. გვირაბები, რომლებიც ტაძრის ჩრდილოეთი მხრიდან იწყება, მიემართება მონასტრის სალაროსაკენ, მათი სიგრძე — 64 მ. ვარძიის აღმოსავლეთ ნაწილში გვირაბით შექმნილია „გასასვლელი“, კლდეში გაჭრილი მაგისტრალი 220 მ-ის სიგრძისაა.

ვარძიაში ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები — საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები — ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით.

ეკლესიები

ვარძიაში 15 კლდოვანი ეკლესიაა შემორჩენილი. ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეულ თამარ მეფის პორტრეტებს შორის ვარძიისა ყველაზე ადრეულია. აქ იგი გვირგვინით, მაგრამ გათხოვილი ქალის თავსაბურავის გარეშეა და თან ხელთ ნაგებობა უპყრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვარძიის მანასტრის მშენებლობა და მასზე ზრუნვა გათხოვებამდე დაუწყია.

წყალმომარაგება

წყალსადენი გამოყვანილია ვარძიაში, ძველ სოფელ ზედა ვარძიიდან. 3.5 კმ-ის სიგრძის ტერასის ერთი მესამედი, კლდეში გაკაფულ გვირაბებშია გამართული, კერამიკული მილებისათვის საგანგებო „საწოლებია“ შექმნილი. ტრასის შუალედურ მონაკვეთში, კერამიკული, საკონტროლო რეზერვუარებია შექმნილი. წყლის დებეტი დრე-ღამეში 166000 ლიტრი უნდა ყოფილიყო, რაც დაახლოებით 50000 ადამიანს დააკმაყოფილებდა.

ციხტერნა ვარძიის დასავლეთ ნაწილშია ამოკაფული. იტევდა დაახლოებით 630000 ლიტრ წყალს.

ბუნებრივი წყარო ღვთისმშობლის ეკლესიის სიახლოვესაა მის ჩრდილოეთ მხარეს, კლდის სიღრმეში. მისი აუზი 8 მ³ წყალს შეიცავს. მისი მუდმივი ტემპერატურა 11°-ია.

მარნები

ვარძიაში 28 მარანია შემორჩენილი (6 დარბაზი, 22 სატავსო). მარნები მთლიანობაში 235 ქვევრს მოიცავდა. მისი საერთო ტევადობა 100000 ლიტრია.

საინტერესო ფაქტები

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ვარძიის მონასტერი ხერთვისთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[1]

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 316, თბ., 1979 წელი.
  • გ. ყიფიანი, „ვარძიის მამათა მონასტერი“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 214-225
  • გაფრინდაშვილი გ., ვარძია, თბ., 1976;
  • მელითაური ა., ვარძიის სამშენებლო-ხუროთმოძღვრული შესწავლის საკითხები, თბ., 1961;
  • Гаприндашвили Г., Пещерный ансамбль Вардзиа (1156-1213 гг.), Тб., 1960;
  • მისივე, Ancient monuments of Georgia: Vardzia, Leningrad, 1975 (ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო