ბერთის I ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერთის ოთხთავი — ქართული სამწერლობო ენის მნიშვნელოვანი ძეგლი.

გადაწერილია X საუკუნეში, კერძოდ, სუმბატ III ერისთავთ-ერისთავის (გ. 941) და მისი შვილების ‒ დავითისა (გ. 992) და ბაგრატის (გ. 988) სიცოცხლეში, ე. ი. 988 წლამდე კლარჯეთში, ბერთის მონასტერში. შესრულებულია მრგლოვანი ხელით ეტრატზე ორ სვეტად. შეიცავს 257 ფურცელს. გაირჩევა 4 ხელი, თუმცა მთავარი გადამწერნი არიან ვინმე გაბრიელი და მისი მეუღლე. ბოლო 257-ე ფურცლის v-ზე X საუკუნის ნუსხურით ანდერძია მიწერილი, რომელშიც ნათქვამია: „მე, გლახაკი გაბრიელ, და მეუღლე ჩემი ღირს ვიქმენით დაწერად წმიდისა ამის სახარებისა ლავრასა შინა დიდსა ბერთას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა, სალოცველად მეფეთა ჩუენთა სუმბატ ერისთავთა ერისთავისათჳს და შვილთა მათთჳს დავითისათჳს და ბაგრატისათჳს...“ ხელნაწერში შედის ჩარჩოში ჩასმული მახარებელთა სურათები (1r – 2v), მხატვრულ კამარებში ჩაწერილი ევსების „10 კანონი“ (3r – 5v), ოთხივე სახარების სრული ტექსტი (6r – 257r), რომელიც რედაქციულად ქართული თარგმანის ძველ, ოპიზურ ვერსიას (პროტოვულგატას), კერძოდ 913 წლის ოპიზურ ხელნაწერს მიჰყვება. მას დაუცავს სხვადასხვა დროის მინაწერები (24 ნუსხური, 2 მხედრული), რომელთაგან აღსანიშნავია ვეფხისტყაოსნის ერთი ტაეპი: „მართლად იტყვის მოციქული: შიში შეიქმს სიყვარულსა“ (237r). ეს ჯერჯერობით პოემის ტექსტის დამოწმების ყველაზე ძველი (XV ს.) ნიმუშია. მინაწერებიდან ჩანს, რომ ხელნაწერი კარგა ხანს გურიაში ინახებოდა, მერე ვინმე გურიელისაგან მოხვედრილა ყარსის სომხურ ეკლესიაში, საიდანაც 1830 წელს ამერიკელ მისიონერებს სმითსა და დუაიტს სხვა სომხურ და ქართულ ხელნაწერებთან ერთად ამერიკაში წაუღიათ. მათი ექსპედიციის ანგარიშში, რტომელიც ორ ტომად გამოვიდა 1833, ბერთის ოთხთავი არ იხსენიება, ამდენად, იგი ერთი საუკუნე უცნობი იყო სამეცნიერო წრისათვის.

1939 წელს ქ. ნიუტონის თეოლოგიის მუზეუმის კურატორმა რ. პირსმა ამ მუზეუმის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდში აღმოაჩინა ბერთის ოთხთავი. პირსმა 1940 წელს მიიწვია ამერიკელი ორიენტალისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი რ. ბლეიკი, რომელმაც შეისწავლა ეს ხელნაწერი და ტერნერსესიანთან ერთად მის შესახებ 1944 წელს გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი. შემდეგ ბერთის ოთხთავი გადაიტანეს ჰარვარდის კოლეჯის ბიბლიოთეკაში, საიდანაც 1959 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ მიიღო მისი მიკროფილმი.

ცნობილია ბერთის მონასტერში გადაწერილი მეორე ოთხთავიც (ხელნაწერთა ინსტიტუტის Q – 906), რომლის ოქროჭედილი ყდის ავტორია ცნობილი ოქრომქანდაკებელი ბეშქენ ოპიზარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დანელია კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 400.
  • ამერიკაში აღმოჩენილია ძველი ქართული ხელნაწერი, «ლიტერატურა და ხელოვნება», 1944, 24 ნოემბ., № 39;
  • ამირანაშვილი შ., ბერთის ოთხთავის მინიატიურებისა და მხატვრული მორთულობის დათარიღებისათვის, კრ.: „ორიონი“ (აკ. შანიძე), თბ., 1967;
  • მეათე საუკუნის ქართული ხელნაწერი, «კომუნისტი», 1959, 17 მაისი;
  • ტურაშვილი ი., ბერთის ოთხთავის მინიატიურებისა და მხატვრული მორთულობის დათარიღებისათვის, «ცისკარი», 1977, № 4;
  • ტურაშვილი ი., ბერთის ოთხთავის მინაწერები «მნათობი», 1979, № 7;
  • Blake R., Ternersessian s., The gospel of Berthay. An old-Georgian manuscript of the tenth century «Bizantion», v. 16, f. 1, Boston, 1944.