ბეთლემი (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეთლემი
BETHLEHEM.jpg
ბეთლემის ბოლო შემადგენლობა
ბიოგრაფია
წარმოშობა ქედა, საქართველო
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, პროგრესული როკი, სიმფონიური მეტალი, პროგრესული მეტალი
აქტიური 1987 - 1993, 19982000
ლეიბლ(ებ)ი Petrostudio Vintage Records, Real Sound Studio (ჩამწერი სტუდიები)
ასოციაციები ლაბირინთი
ბაჩი ქიტიაშვილი (ბერმუხა)
კაკო ვაშალომიძე
ალექსანდრე კუტიკოვი (Машина времени).
წევრები
  • მალხაზ დუმბაძე
  • ჯუმბერ „ჯონი“ ბოლქვაძე
  • ნუგზარ გუჩმანიძე
  • თემურ დიასამიძე
  • გურამ ქობულაძე
  • ბეგლარ მიქელაძე
ყოფილი წევრები ნუგზარ ფარტენაძე

ბეთლემი1987 წელს ჩამოყალიბებული ქართული როკ-ჯგუფი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი დაბა ქედაში ჩამოყალიბდა. მისი წევრები საღამოობით იკრიბებოდნენ ბაღში, აკრძალულ რადიოსადგურებს ისმენდნენ, გვიანობამდე საუბრობდნენ ჰიპებზე, დასავლური ქვეყნების ახალგაზრდობაზე, მათ მოდაზე, კულტურასა და მუსიკაზე. მათზე გავლენა იქონია The Beatles-ის, როლინგ სტოუნზის, მოგვიანებით კი – Deep Purple-ის, რეინბოუს, Uriah Heep-ის, ნაზარეთის ჩანაწერებმა. მალე მათ ამ შეკრებებზე გაჩნდა გიტარაც, შემდეგ – მიბაძვა და მსგავსი მუსიკის დაკვრის, ჯგუფის შექმნის სურვილი.

ამ მუსიკოსებს შორის აქტიურები იყვნენ თემურ დიასამიძე (გიტარა), ჯუმბერ ბოლქვაძე, მოგვიანებით კი – მალხაზ დუმბაძე, რომელიც ბათუმში ცხოვრობდად. ამასთან, იგი კლავიშებიანი საკრავებით იყო გატაცებული. მეგობრებს თანამედროვე მუსიკით ამარაგებდა ავთო კაკაბაძე. მისი მაგნიტოფონით პირველად მოსმენილი Deep Purple-ის მუსიკამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მძიმე როკით დაინტერესდნენ. ქედის კულტურის სახლის ახალმა ადმინისტრაციამ, ბორის ღოღობერიძის სახით, გადაწყვიტა ჯგუფის ჩამოყალიბება. ქორმაისტერ ტარიელ მამალაძის მიერ ამ ახლადშექმნილ საესტრადო ანსამბლში, რომელსაც „ნაკადული“ ეწოდა, პირველად გამოვიდნენ თემურ დიასამიძე (სოლო–გიტარა) და ჯუმბერ ბოლქვაძე (რიტმ–გიტარა), რომელმაც ამ პერიოდში აითვისა გიტარაზე დაკვრა და მასზე „The Beatles-ის“ ერთ სიმღერასაც ასრულებდა (მოგვიანებით ამ ანსამბლში მცირე ხნით ბას გიტარისტის ამპლუაში გამოჩნდა კიდევ ერთი მუსიკოსი „რაიკომის ბაღიდან“ – გენო პაპუნიძე.

როკ-ჯგუფი „კარაველა“

სამხრეთ – დასავლეთ საქართველოსა და აჭარის სხვადასხვა კულტურის სახლებში გამართული საკონცერტო ერთ წლიანი, საზაფხულო ტურნეს შემდეგ (1978), ჯუმბერ ბოლქვაძემ ბათუმში გადაინაცვლა, რადგან იმ წელს ჩაირიცხა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

მიუხედავად ამისა, მომავალი „ბეთლემის“ წევრები კვლავ ფიქრობდნენ საკუთარი ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. ერთი წლის შემდეგ, 1979 წელს უკვე ბათუმში მყოფმა ჯუმბერ ბოლქვაძემ შემთხვევით გაიცნო გურამ ცინცაძე (ჯაზ–როკის სტილის მესაყვირე და ყოფილი მუსიკოსი), რომელმაც მაშინდელ მეზღვაურთა კლუბის ადმისტრაციისაგან თანხმობა მიიღო. ამ კლუბში არსებობდა პატარა დარბაზი, სარეპეტიციო ოთახი და ინსტრუმენტები. „კარაველა“ დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: თემურ დიასამიძე (მთავარი გიტარა), მალხაზ დუმბაძე (კლავიშები), ჯუმბერ ბოლქვაძე (ბას-გიტარა, ვოკალი), ავთო კაკაბაძე (რიტმ გიტარა, ვოკალი), ლადო მოისწრაფიშვილი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი), რომელიც აგრეთვე ამ უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

ჯგუფი თავიდანვე საკუთარი როკ–კომპოზიციების შექმნას შეუდგა, რაშიც ძირითადად ჩართულნი იყვნენ თემურ დიასამიძე, როგორც მუსიკის ავტორი, და ჯუმბერ ბოლქვაძე, როგორც ტექსტების ავტორი. პარალელურად ჯგუფი ასრულებდა უცხოურ კომპოზიციებს. ჯგუფმა სულ მალე მიოპოვა პოპულარობა ბათუმის ახალგაზრდობაში.

არსებობის მოკლე პერიოდის შემდეგ (19791981) ჯგუფი დაიშალა, რადგან მისი წევრების მუსიკალური იდეების, თეორიული მხარის რეალიზაცია შეუძლებელი იყო მათ ხელთ არსებული მუსიკალური ინსტრუმენტების ტექნიკური შესაძლებლობების გამო. ჯგუფის დაშლის პროცესი დააჩქარა დრამერის – ლადო მოისწრაფიშვილის წასვლამ (მამის, სპეცსამსახურების მაღალჩინოსნის, კატეგორიული მოთხოვნის გამო – მის შვილს გაეგრძელებინა სხვა სახის, უფრო სტაბილური კარიერა), ასევე, ჯუმბერ ბოლქვაძის საუნივერსიტეტო სწავლების დამთავრებამ და სპეციალობის მიხედვით სოფელში მასწავლებლად გაგზავნამ, და სხვა ფაქტორებმა. მიუხედავად ამისა, „კარაველაში“ მუსიკოსებს საშუალება მიეცა, ემუშავათ დაკვრის ტექნიკაზე, ინსტრუმენტების ჟღერადობასა თუ ტექსტებზე.

„კარაველას“ დაშლის შემდეგ, 1982 წელს, მომავალი ჯგუფის ორმა წევრმა – მალხაზ დუმბაძემ და თემურ დიასამიძემ, დაიწყეს ახალი ჯგუფის შექმნის გზების ძებნის პროცესი. მალე მათ შეუერთდა გურამ ქობულაძე, რომელსაც ახალი დამთავრებული ჰქონდა თბილისის საესტრადო მუსიკის სასწავლებელი დრამერის სპეციალობით. ისინი მალხაზ დუმბაძის სახლში იკრიბებოდნენ. ჯგუფის ლიდერობა და მენეჯმენტი გურამ ქობულაძეს, როგორც უფრო ასაკოვანს, ანდეს. ჯგუფს რამდენიმე წინაღობა ჰქონდა - როგორც კომუნისტური სისტემის მხრიდან არსებული ცენზურა, ასევე მატერიალური პირობები, რაც ნორმალური ინსტრუმენტების, გახმოვანების აპარატურის მოძიებას აფერხებდა. შესაბამისად, 1982-1987 წლებში ჯგუფის ჩამოყალიბების მცდელობები წარუმატებელი იყო.

„ბეთლემი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალხაზ დუმბაძე

1987 წელს საჭირო მუსიკალური აპარატურის შესაძენად გარკვეული თანხა გაიღო მალხაზ დუმბაძის ოჯახმა. მოგვიანებით, იგივე ნაბიჯი გადადგა მისმა სკოლელმა მეგობარმა, ბეგლარ მიქელაძემ, რომელიც ასევე ფლობდა კლავიშებიან ინსტრუმენტებს და ამ სამკაციან ბირთვს შეუერთდა, როგორც მეორე პლანის კლავიშისტი. საჭირო იყო სხვა ინსტრუმენტები, გახმოვანების სისტემა, სარეგისტრაციო ბაზა, სარეპეტიციო ფართი და ბას-გიტარისტი.

გურამ ქობულაძე

გურამ ქობულაძემ შეძლო ქედის რაიონული კულტურის სახლის მაშინდელი ადმინისტრაციის დარწმუნება როკ–ჯგუფის მის ბაზაზე დაარსებაში. კულტურის სახლის იმდროინდელმა დირექტორმა, ბორის ღოღობერიძემ შეძლო ადგილობრივი კომუნისტური მმართველობის აპარატის – ქედის რაიკომის მესამე მდივნის, იდეოლოგიური დარგის კურატორის, დარიკო თურმანიძის დათანხმება, რამაც გზა გაუხსნა ჯგუფის 1987 წლის ოქტომბერში საბოლოო დაარსებას.

ქედის რაიონული კულტურის სახლის ბაზაზე ახლადშექმნილმა, ჯერ კიდევ უსახელო ჯგუფმა, ერთ პატარა სარეპეტიციო ოთახში დაიწყო აქტიური მზადება. ბას – გიტარისტად ჯუმბერ ბოლქვაძის მოწვევის შემდეგ ჯგუფი საბოლოოდ ასეთი შემადგენლობით დაკომპლექტდა: გურამ ქობულაძე (დრამები, მენეჯერი), ჯუმბერ ბოლქვაძე (ბას გიტარა, ტექსტების ავტორი), მალხაზ დუმბაძე (მთავარი კლავიში), თემურ დიასამიძე (გიტარა, მთავარი ვოკალი), ბეგლარ მიქელაძე (კლავიშებიანი ინსტრუმენტი).

ადრე შეძენილი ზოგიერთი ინსტრუმენტებისა გარდა, საჭირო, მინიმალური გახმოვანის აპარატურის შესაძენად ადგილობრივმა მთავრობამ ჯგუფს გამოუყო გარკვეული თანხა, ნაწილით კი ბეგლარ მიქელაძის ოჯახი დაეხმარათ. ბას გიტარა ჯუმბერ ბოლქვაძემ დედისგან მიიღო საჩუქრად. აპარატურის შოვნაში ჯგუფს დაეხმარა "ქართული როკის მამად" აღიარებული, ვეტერან როკ–ჯგუფ „ბერმუხას“ ერთპიროვნული ლიდერი ბაჩი ქიტიაშვილი. ეს აპარატურა მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, რადგან ე.წ. „სამოპალის“, (რუს.Самопал) ანუ თვითნაკეთი აპარატურის კატეგორიას მიეკუთვნებოდა, თუმცა, სარეპეტიციოდ, დასაწყისისათვის, ენთუზიაზმითა და საკუთარი მუსიკის დაკვრის უდიდესი სურვილით გაჯერებული დამწყებ როკ-ჯგუფს მეტი გზა არც ჰქონდა.

საწყის ეტაპზე ჯგუფს არ გააჩნდა რაიმე განსაზღვრული, მყარი მუსიკალური კონცეფცია: ყველაფერი შემოიფარგლებოდა მხოლოდ მძიმე როკის სტილში, საკუთარი მუსიკის დაკვრის აბსტრაქტული იდეით და კომპოზიციების მცირეოდენი მონახაზებით. ამ ეტაპზე ჯგუფის შემოქმედებით, მუსიკალური ევოლუციის, ასპექტში უდიდესი როლი ითამაშა ჯუმბერ ბოლქვაძის მსოფლემხედველობამ, ინფორმაციულმა მომზადებამ, იდეებმა და ჯგუფის სამომავლო ხედვამ. სტუდენტურ როკ-ჯგუფ „კარაველას“ დაშლის შემდეგ (1982 წ.) „ბეთლემში“ მისვლამდე მას უკვე ჩატარებული ჰქონდა დიდი თეორიული მომზადება: თითქმის 4 წლის განმავლობაში ეცნობოდა ახალ მუსიკალურ ინფორმაციებს პრესაში, ჯგუფების ალბომებს, რეცენზიებს, ინტერვიუებსა და ლირიკას. ამ დროისათვის იგი გატაცებული იყო პროგრესული როკით, ჯგუფების – King Crimson, Yes, Genesis, Pink Floyd, Jethro Tull, Soft Machine, Emerson, Lake & Palmer მუსიკით. მან ჯგუფს შესთავაზა იდეა – შეექმნათ ქართული ტიპის, ეროვნულ ფოლკლორულ მუსიკაზე დაფუძნებული, კონცეპტუალური ელემენტების შემცველი „ქართული მუხტის პროგ–როკი“. ეს იდეა ჯგუფმა აიტაცა უმალვე, მით უფრო, რომ ჯგუფის მთავარი კლავიშის, მალხაზ დუმბაძის მუსიკალური გემოვნება ახლოს იდგა ამ იდეასთან.

ბეთლემის პირველი შემადგენლობა

ახალმა შემოქმედებითმა ხედვამ, საკუთარი ძალების რწმენამ და პოპულარულობის ამბიციებმა ჯგუფის წევრების წინაშე დააყენა ახალი, გარდაუვალი ამოცანა: შესაბამისი ჟღერადობა. ამ კუთხით, უეჭველი გახდა პროფესიონალური, პოლიფონიური კლავიშებიანი ინსტრუმენტის შოვნა და შეძენა. მალხაზ დუმბაძე ვა–ბანკზე წავიდა, საკმაოდ დიდი თანხა ისესხა მის ოჯახთან დაახლოებული ერთი ქალბატონისაგან და გურამ ქობულაძე ამ ფულით მოსკოვში გაემგზვრა სინთეზატორის საშოვნელად და შესაძენად. მან მიაკვლია ცნობილ რუს კომპოზიტორ ქალ, ალექსანდრა პახმუტოვას, ანსამბლის ერთ-ერთ წევრს და მასგან შეისყიდა იმ დროისათვის საკმაოდ პროგრესული და დღემდე მრავალი პროფესიონალი მუსიკოსისათვის საინტერესო პოლიფონიური სინთეზატორი„Roland JX 8P“. ამ ინსტრუმენტის პოლიფონიურმა, სპეციფიური ხასიათის, დინამიურმა და იმავდროულად „თბილმა“ ჟღერადობამ არა მარტო ფსიქოლოგიური სტიმული მისცა ჯგუფის წევრებს, არამედ გახდა შემოქმედებითი პროცესის, ჯგუფის არაერთი როკ კომპოზიციის – საწყისი იდეის შესაბამისი მუსიკის – შთაგონების წყარო. ამ პერიოდის შემოქმედებით პროცესში უაღრესად დიდი როლი ითამაშა მალხაზ დუმბაძის მუსიკალურმა ტალანტმა, თვითნაბდმა კომპოზიტორულმა ნიჭმა, რომელმაც შექმნა არაერთი კომპოზიციის მონახაზი, რამაც შემდგომში განვითარება ჰპოვა საერთო მუშაობით მიღებული საბოლოო ვერსიის კომპოზიციების სახით.

ყოველდღიურ რეპეტიციებზე ნელ–ნელა იკვეთებოდნენ მომავალი – საკუთარი მუსიკის, კომპოზიციების სილუეტები. ნებისმიერი ახალი კომპოზიციის მელოდიური თარგი, სტრუქტურა და განვითარება საერთო ბჭობის და გადაწყვეტილების საგანი იყო, ამნაირად იბადებოდა საერთო იდეით, ენერგიით და აურით გაჯერებული ყოველი ახალი კომპოზიცია. უკვე შექმნილ კომპოზიციის მუსიკალურ სტრუქტურას ჯუმბერ ბოლქვაძე ასრულებდა შესაბამისი თემატიკის საკუთარი ლირიკით, რომელსაც ქმნიდა მუსიკის შექმნის პარალელურად. მან აღმოაჩინა და დანერგა უკვე შექმნილ მუსიკაზე ტექსტის დადების უნიკალური, საკუთარი მეთოდი, რამაც გადაწყვიტა ქართულ ენის როკ–მუსიკაში გამღერების საკმაოდ რთულ პრობლემა მისი მრავალთანხმოვნიანობის გამო.

აქტიური შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი თვეების განმავლობაში, მუსიკის შექმნის და ინტესიურ რეპეტიციებზე მისი დახვეწის გარდა, ჯგუფს კიდევ ერთი საზრუნავი გააჩნდა: სახელი. მდგომარეობა შემთხვევითობამ იხსნა: დაბა ქედის ადგილობრივ გაზეთში ჯუმბერ ბოლქვაძემ შემთხვევით წაიკითხა სტატია ქედის რაიონის ერთ–ერთი სკოლის ექსკურსიის შესახებ ბეთლემის მთაზე, რომელიც ქედის რაიონშია, და მაშინვე მიხვდა, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც ჯგუფს სჭირდებოდა: მონუმენტური, გრანდიოზული, მსოფლიოში ცნობილი ისტორიული სახელი. გარდა ამისა, ეს სახელი კარგად ჟღერდა იმ გაგებითაც, რომ ეს იყო მთის – სიმაღლის სიმბოლო, ამასთან, აჭარის ერთ-ერთ რეგიონში, ქედის რაიონში მისი არსებობის ფაქტი საქართველოს სხვა რეგიონებს კიდევ ერთხელ დაანახებდა ამ რეგიონის ქრისტიანულ ისტორიულ წარმოშობას, იდეურად გააერთიანებდა მათ.

სულ მალე, ახლადშექმნილ და ახლადნათლულ ჯგუფს მეორე, სასცენო ნათლობა ხვდა წილად. ქედაში სტუმრად ჩამოვიდა ქართული თეატრალური ხელოვნების ელიტა – ლეგენდარული რუსთაველის თეატრის დასის მთელი შემადგენლობა. ადგილბრივი მთავრობის მაშინდელმა მესვეურობა, საპატიო სტუმრების მიღების კულტურულ პროგრამად მოისაზრეს როკ-ჯგუფ „ბეთლემის“ კონცერტის ჩვენება, რაც, ერთი მხრივ, საკმაოდ არაორდინარული გადაწყვეტილება იყო კომუნისტური იდეოლგიის მატარებელი პარტიული ფუნქციონერებისაგან, მაგრამ, ჯერ ერთი, უკვე სხვა, ზემოთხსენებული „პერესტროიკული“ მოთხოვნები და მენტალიტეტი მუშაობდა და მეორეც, ქედის კულტურის დარგში იმ დროს „ბეთლემზე“ უფრო ნოვატორული სხვა რამ არ არსებობდა, სუხიშვილების მსოფლიოში აღიარებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლის ხელოვნების მცოდნე რუსთაველელებს კი რომელიმე ფოლკლორული ანსამბლის ჩვენებით ვერავინ გააკვირვებდა. „ცდას“ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

რუსთაველის თეატრის დასით, ადგილობრივი მთავრობის მთელი შემადგენლობითა და ჯგუფის გულშემატკივარი ქედელებით გადაჭედილ, ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში „ბეთლემი“ წარსდგა თავისი კონცეპტუალური კომპოზიციების პროგრამით „ხავსმოდებული ზარების ექო“. პირველივე ბგერებიდან, სცენიდან მაყურებლისაკენ გადაედინა ქართული ისტორიის ჰიმნი, საუკუნეების სიმფონია – ომების, დამარცხებისა ტკივილისა და გამარჯვების სიხარულის, მებრძოლთა როკვის, კაცობრიობის სატკივარის, პროტესტის სულისკვეთება. დაახლოებით ნახევარსაათიანი უპაოზო მუსიკის შემდეგ, ბოლო აკორდი უპირობა სიგნალად იქცა აქამდე მოჯადოებულ, აღტაცებით სუნთქვაშეკრულ მაყურებელში აპლოდიმენტებით აფეთქებისა. მთელი რუსთაველის დასი სცენაზე ავიდა და თითოუელმა პერსონალურად გადაეხვია „ბეთლემის“ ყველა წევრს. ეს იყო უეჭველი გამარჯვების, სიხარულის, აღტაცებისა და სიამაყის ერთიანი ტრიუმფი – ახალი, დიდი გზის დასაწყისი.

ნუგზარ გუჩმანიძე

პირველი წარმატებული დებიუტის შემდეგ, ხმები „ბეთლემის“ არაორდინარულობის, საკუთარი ხელწერის მქონე მაღალი კლასის ხელოვნების შესახებ სწრაფად გასცდა პატარა ქედის რაიონის ფარგლებს. პირველი წარმატებით სტიმულირებული „ბეთლემი“ უფრო მაღალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადებოდა. პირველმა გასვლითმა კონცერტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა არჩეული გზის სისწორე. კონცერტები სრული ანშლაგებით მიდიოდა.

მალე ჯგუფმა გადაწყვიტა კიდევ უფრო გაეძლირებინა ჯგუფის მუსიკალური მხარე: მთავარი ვოკალი. საკონცერტო გამოცდილებებიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ თემურ დიასამიძე ვერ აკმაყოფილებდა ჯგუფის ფრონტმენის მოთხოვნებს. სულ მალე, ჯგუფის დიდ გულშემატკივარ, ირინა დევაძის დახმარებით, გამოიძებნა შესაბამისი კანდიდატურა – ნუგზარ გუჩმანიძე, რომელიც ბათუმის მაშინდელი მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტი (კონტრაბასის სპეციალობით) და როკ – მუსიკის უდიდესი ფანი იყო, შესანიშნავად ფლობდა რამდენიმე ინსტრუმენტს, მღეროდა უცხოელ როკ ვარსკვლავთა რეპერტუარს, მისი ხმა კი განსაკუთრებით დევიდ კოვერდეილის (ჯგუფ უაიტსნეიკიდან) ხმის ტემბრს და სიმღერის სტილს ერგებოდა.

„ბეთლემის“ ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, წინასწარ გასასინჯად მოწვეულმა ამ პირველივე კანდიდატმა იმდენად წარმატებით ჩაატარა თავისი ყოველმხრივი (ვოკალური და ინსტრუმენტული) შესაძლებლობების „შოუ“, რომ „ბეთლემის“ ყველა წევრმა ერთსულოვნად აღიარა იგი და ჯგუფის მთავარი ვოკალისტობა და ფრონტმენობა მიულოცა.

ბეგლარ მიქელაძე

ჯგუფში ახალი ფრონტმენის, მთავარი ვოკალის, ნუგზარ გუჩმანიძის მოსვლის შემდეგ დაიწყო ახალი ერა მთელი რიგი მოვლენებისა. უპირველეს ყოვლისა, ნუგზარის ხმის ტემბრის ფართო ვოკალურმა დიაპაზონმა ახალ, უფრო დინამიურ რანგში აიყვანა ჯგუფის კომპოზიციები. დამკვიდრდა პოლიფონიური, ქართული სასიმღერო, ტრადიციული სკოლის ხაზი ბეკ-ვოკალის – თემურ დიასამიძის, ჯუმბერ ბოლქვაძისა და ბეგლარ მიქელაძის მონაწილეობით. სტრუქურულად უფრო დაიხვეწა კომპოზიციების წყობა, გამდიდრდა ჰარმონიები, ლირიკის თემატიკა, გიტარის სოლო პარტიები. უფრო სინქრონული გახდა რიტმული სექცია.

1989 წელს ქ. ბათუმში გაიმართა რეპსულიკური კონკურსის „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ დასავლეთ საქართველოს ტური. „ბეთლემი“ ჟიურის გადაწყვეტილებით პირველ ადგილზე გავიდა და საუკეთესო ჯგუფად აღიარდა. ერთი წლის შემდეგ, 1990 წელს, დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „ლიბერამ“ ჩაატარა რესპუბლკური ფესტივალი საუკეთესო ქართული როკ–ჯგუფების მონაწილეობით. ჯგუფმა „ბეთლემმა“ ისევ გაიმეორა თავისი ტრიუმფი და მოიპოვა თურქეთში გასტროლებით გამგზავრების უფლება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ფესტივალის ორგანიზატორების გამოუცდელობის გამო ეს აღარ მოხერხდა.

ამ დროისათვის ჯგუფი უკვე უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა აჭარაში. ძირითადი გულშემატკივრების გარდა, მას ჰყავდა ფანების ერთი ჯგუფი, რომელიც ყოველ კონცერტზე დაქირავებული ავტობუსით თან დაჰყვებოდა ჯგუფს.

ჯგუფმა ისევ გააგრძელა საგატროლო მოღვაწეობა, ამჟამად, აჭარის „დაპყრობის“ შემდეგ, საქართველოს ზოგიერთ სხვა რეგიონებში გადანაცვლების გეგმებით, ეს კი შეუძლებელი შეიქმნა დიდი დარბაზების გასახმოვანებლი აპარატურისა და რეკლამის უქონლობის გამო: ქართულ ტელევიზიას ჯერ კიდევ არ შეეძლო როკის პროპაგანდა.

მალე რუსულმა გაზეთმა “Аргументы и факты” გამოაცხადა როკ-აქცია. ათეულში მოხვედრილ ჯგუფებს აშშ–ის პროდიუსერები უნდა დახმარებოდნენ უცხოეთში გასვლით. მიუხედავად იმისა, რომ „ბეთლემი“ ამ ათეულში მოხვდა, საქმე მაინც არ წავიდა წინ: შოუ – ბიზნესი პირველ ნაბიჯებს დგამდა, იყო ათასგვარი შეცდომების, უპირობის, გამოუცდელობის პერიოდი. ლოგიკურია, ძნელადმოსახერხებელი უნდა ყოფილიყო დიდი, შორსმიმავალი გეგმების იმედად ყოფნა, განსაკუთრებით კი პატარა პროვინციული ქალაქების შემოქმედთათვის.

ხავსმოდებული ზარების ექო

1992 წელს ჯგუფმა საჭიროდ მიიჩნია თავისი პირველი ალბომის – „ხავსმოდებული ზარების ექოს“ ჩაწერა რომელიმე პროფესიონალურ სტუდიაში. თბილისის „მელოდიაში“ უშედეგო პირველი მცდელობის შემდეგ, არჩევანი რუსეთზე, კერძოდ, მოსკოვზე გაკეთდა, სადაც უკვე არსებობდნენ ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდიები. ჯგუფის დაფინანსება იკისრა ქედის რძის გადამამუშავებელი ქარხნის მაშინდელმა დირექტორმა, კუთხის დიდმა პატრიოტმა ალექსი დიასამიძემ.

ამ დროს მოსკოვში გაჩნდა მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აპარატურის ერთ-ერთი პირველი სავაჭრო ცენტრი – „Petro Shop“, რომლის ბაზაზე შეიქმნა პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია „Petrostudio Vintage Records“-ი. ეს სტუდია, რომელიც საიანსკაიას ქუჩაზე მდებარეობს, საკმაო მაღალი რანგის სტუდიად მიიჩნევა დღესაც. არგუმენტად კმარა ის ფაქტიც, რომ ამ სტუდიაში ნამუშევარი აქვთ როკ მუსიკის ისეთ დიდ ვარსკლავებს, როგორიცაა „Queen“ (ახლანდელი შემადგენლობა), კენ ჰენსლი, „სუპერმაქსი“ და მუდმივი სტუმარი – „Машина времени“.

დაახლოებით ერთ თვეში ჯგუფმა ჩაწერა თავისი საუკეთესო როკ კომპოზიციები, რომლებიც კიდევ უფრო გაამდიდრა სტუდიის ტექნიკურმა და ინსტრუმენტულმა შესაძლებლობებმა. ბევრი ამ კომპოზიციათაგანი სულ სხვანირად დანახული და რეალიზებული იქნა სტუდიაში, ხმოვანების იმ მდიდარმა პალიტრამ, რომელიც სტუდიას გააჩნდა, ჯგუფი მიიყვანა არაერთ იდეურ, ტექნიკურ მიგნებამდე. გარდა ამისა, ჯგუფი გაამდიდრა პროფესიონალურ სტუდიაში მუშაობის ფასდაუდებელი გამოცდლილებით.

ჯგუფი დაუახლოვდა „Машина времени“–ის ბასისტს ალექსანდრე კუტიკოვს, რომელმაც ნიშნად მეგობრული დამოკიდებულებისა, რამდენიმე საათით უსასყიდლოდ იმუშავა „ბეთლემის“ ერთ-ერთ კომპოზიციაზე, გარდა ამისა, ჯგუფს დაუახლოვდა სტუდიაში საქმიანი ურთიერთობით მყოფი ერთი ამერიკელი პროდიუსერი, რომელსაც ძალიან მოსწონდა „ბეთლემის“ მუსიკა და მასთან საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებას გეგმავდა. ჯგუფს ამ შემთხვევაში უმტყუნა საქართველოს მაშინდელმა მდგომარეობამ: არ არსებობდა ინტერნეტი, ბათუმში ფაქსი კი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კომპანიას გააჩნდა. ასე დაიკარგა არამარტო მისი ვინაობა, არამედ, ვინ იცის – ერთი კარგი შესაძლებლობა, კონტაქტი, რომელიც, შესაძლებელია, ერთი ნაბიჯით მაინც წაიყვანდა წინ „ბეთლემის“ მომავალს.

მოსკოვის „Petrostudio Vintage Records“-იდან დაბრუნებულ ჯგუფს ახალი ტიპის სამუშაო გაუჩნდნა. ჯგუფის აუდიო მასალის მაღალპროფესიონალურმა დონემ აჭარის ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის (რედაქტორი თენგიზ შამილაძე) ყურადღება მიიპყრო და მას მოულოდნელად, საკამოდ დიდმნიშვნელოვანი წინადადება შესთავაზეს: „ბეთლემის“ მუსიკისა და ლირიკის საფუძველზე ერთ ფილოსოფიურ ღერძზე აგებული კონცეპტუალური ფილმის გადაღება. იდეა დაებადა ლატვიის ერთ – ერთი უნივერსიტეტის ახალადკურსდამთავრებულ მომავალ რეჟისორს, ნიჭიერ ახალგაზრდას, დავით დიასამიძეს, რომელიც ამავე ტელევიზიაში მუშაობდა. მან მიაღწია აჭარის ტელევიზიისა და ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციების მხარდაჭერას ფილმის გადაღებისათვის ვიდეო აპარატურის, ოპერატორებისა და დარბაზის გამოსაყოფად და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა გადაღებებს. მან თავზე აიღო გადაღებების ყოველდღიური ხარჯები და დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში სოლიდური ვიდეო მასალა გადაიღო. მთავარი იდეა – ფილმის შექმნა, ვეღარ მოასწრო: სწორედ ამ დროს, საქართველოში მკვეთრად გაუარესდა ეკონომიური მდგომარეობა: ქვეყანა უფრო მძიმე კრიზისში შევიდა, მოხდა ინფლაცია, რის გამოც ახალგაზრდა ენთუზიასტმა რეჟისორმა საკუთარი სახსრებით გადაღებების გაგრძელება ვეღარ შეძლო. და მაინც, უკვე არსებული, გადაღებული ვიდეო მასალით ბოლომდე მიიყვანა ჯგუფისთვის ერთი მეტად მნიშვნელოვანი საქმე – დაამონტაჟა 3 მუსიკალური ვიდეო, „აპოკალიფსი“, Verbum Sapientubus და „ნოსტრადამუსი“, რამაც უდიდესი როლი ითამაშა „ბეთლემის“ შემდგომი პოპულარობისა და იმიჯის შექმნაში.

აუდიო და ვიდეო მასალების ჩაწერის შემდეგ, „ბეთლემს“ ახალი სტიმული მისცა ლატვიაში, ქალაქ რეზეკნეში მუსიკალურ ფესტივალზე მიწვევამ. ეს იყო ჯგუფის პირველი საერთაშორისო გასვლა და მისი შემოქმედების აპრობაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჯგუფის მთელი გამოსვლა პირდაპირი ეთერით გადაიცა ლატვიის ტელევიზიის პირველი ცენტრალური არხით, რაც მოწვეულ ჯგუფებს შორის ერთადერთი შემთხვევა იყო. მუსიკალური კრიტიკოსებისა და ჟიურის დასკვნით, „ბეთლემი“ ეროვნული მუსიკალური ელემენტებით მდიდარ და ორიგინალობით გამორჩეულ ჯგუფად იქნა მიჩნეული, თვითონ მაყურებელმა კი მხურვალედ მიიღო მისი გამოსვლა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

კრიზისი და დაშლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუმბერ ბოლქვაძე

1993 წლის ნოემბრიდან, მიუხედავად მნიშვნელოვანი პროფესიონალური განვითარებისა, მიღწეული წარმატებებისა და პოპულარობისა, „ბეთლემის“ არსებობის ისტორიაში დაიწყო პრობლემური პერიოდი, რომელმაც 5 წელს გასტანა. ამ დროისთვის ჯგუფის აპარატურის ნაწილი დაძველდა და მწყობრიდან გამოვიდა, დანარჩენი ინსტრუმენტები ჯგუფის პროფესიონალურ მოთხოვნებთან და გეგმებთან შეუსაბამო იყო. ჯგუფს, მიუხედავად პოპულარობისა, არ გააჩნდა ფინანსური სახსრები. გარდა ამისა, ამ მომენტისთვის „ბეთლემის“ ყველა წევრი უკვე ბათუმში იყო გადასული საცხოვრებლად.

საკუთარი მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად ჯგუფი შეეცადა ასლან აბაშიძის დახმარების მიღებას დაფინანსების მიზნით და მოახერხა მასთან შეხვედრა მწერლის, ჯემალ ჯაყელის შუამდგომლობით. ასლან აბაშიძემ ჯგუფს მოუსმინა და დახმარებას დაჰპირდა. მოგვიანებით აჭარის ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში ჯუმბერ ბოლქვაძემ ჯგუფის სახელით ისაუბრა ბათუმში რუსი შემსრულებლების ჩამოყვანის შესახებ და გამოხატა ამ ფაქტის მხარდაჭერა, თუმცა ითხოვა ადგილობრივი კულტურის წახალისებაც. აჭარის იმჟამინდელი მთავრობის მხრიდან საპასუხო მუქარას მოჰყვა სხვადასხვა ისიც, რომ ჯგუფს უარს ეუბნებოდნენ სხვადასხვა საკონცერტო დარბაზის გამოყენებაზე. 1997 წელს, ბოლქვაძემ, რომელიც ჯგუფის ახალი მენეჯერი გახდა, სცადა, გასაუბრებოდა ანზორ გოგიტიძეს, რომელიც უზენაეს საბჭოში საფინანსო კომისიის თავმჯდომარე იყო. მისი რჩევით, როკ-ჯგუფი „ბეთლემი“ დარეგისტრდა აჭარის ტელევიზიის ბაზაზე და რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის მომავალი წლის გეგმაში ოფიციალურად ჩაისვა ჯგუფის აპარატურისა და ინსტრუმენტების შესაძენი თანხა. 1998 წლის ზაფხულში, ჯუმბერ ბოლქვაძე აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა და შეარჩია ინსტრუმენტების და აპარატურის სრული კომპლექტი.

1998 წლის სექტემბერში „ბეთლემმა“ მუშაობა განაახლა ახალ პროგრამაზე. ახალ დრამერად მიწვეული იქნა ნუგზარ ფარტენაძე, რომელიც იმჟამად თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. მუსიკალურად, ჯგუფის შემოქმედებაში ქართული ეროვნული მუსიკის ელემენტებით შეზავებული პროგრესული როკი შეცვალა სიმფონიურმა პროგრესული მეტალმა. ელექტრონული ინსტრუმენტების გვერდით გაჩნდა ქართული დოლი (ნუგზარ ფარტენაძე), აზიური აკორდეონი (ბეგლარ მიქელაძე). მათი შთაგონებით შეიქმნა კომპოზიცია „ლაშარის ასული“. ვოკალისტმა ნუგზარ გუჩმანიძემ კიდევ ერთი გიტარა დაუმატა ჯგუფს. დასარტყმელ საკრავებზე მეორე ბას–დოლიც დაემატათ. ამ ეტაპზე ლიდერობა თავზე აიღო ნუგზარ გუჩმანიძემ.

თემურ დიასამიძე

ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, 1999 წლის აგვისტოში, „ბეთლემი“ მიწვეული იქნა ლატვიის ახალ, უფრო მაღალი დონის საერთაშორისო როკ-ფესტივალზე „Liepājas dzintars” (ლიეპაია). ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ლატვიური და სხვა ქვეყნებიდან მოწვეული ჯგუფები: The Hobos, Back Group, Inside Joke, Skamp, "Frühstück¨და სხვ. საპატიო სტუმრად მიწვეული იყო სიუზი კუატრო, რომელიც დამამთავრებელი კონცერტით გამოვიდა „ბეთლემის“ გამოსვლის შემდეგ. ფესტივალის გრან პრის მოპოვება ვერ შეძლო, მაგრამ ჯგუფმა მიიღო შვედი მუსიკალური პროდიუსერის, პიერ ვერკელინის მიწვევა შვედეთში. ბათუმში დაბრუნებულმა ჯგუფმა მზადება დაიწყო შვედეთში გასასვლელად. ვერკელინმა ოფიციალური წერილით ასლან აბაშიძეს სთხოვა ჯგუფზე ფინანსური დახმარება, რამაც შედეგი გამოიღო, მაგრამ თანხის გამოყოფის გაჭიანურების გამო ვიზების გაცემის პროცედურა სტამბოლში მყოფ შვედეთის საკონსულოში დაგვიანდა და „ბეთლემის“ მოგზაურობა ჩაიშალა.

ბეთლემი გერმანიაში წასვლის წინ

ჯგუფმა გადაწყვიტა, გამოეყენებინა უკვე გამოყოფილი დაფინანსება და თავისი ძალა ევროპაში მოესინჯა: ჩაეწერა დემო, მოეხდინა პრომოუშენი, ეპოვა ევროპელი მენეჯერი და პროდიუსერი. უკვე არსებული კონტაქტების გამოყენებით, ჯუმბერ ბოლქვაძე დაუკავშირდა გერმანიის ქ. გელზენკირხენში მყოფ Real Sound Studio, GmbH–ის ადმინისტრაციას და დაჯავშნა დემო CD–ის ჩაწერის დღეები. გერმანიაში წასვლამდე ჯგუფის მენეჯერი და ბას–გიტარისტი ჯუმბერ ბოლქვაძე კვლავ შეხვდა ანზორ გოგიტიძეს და მისგან დაპირება მიიღო, რომ საჭიროების შემთხვევაში ისევ დაეხმარებოდა მათ. სტუდიაში მუშაობის დროს ჩაწერილი იქნა 3 კომპოზიცია: "აბელი და კაენი", "გონიო" და "გზაჯვარედინზე". ჯგუფით დაინტერესდა გერმანელი საერთაშორისო ტურ–მენეჯერი სვენ მაარეტი, რომელმაც მას შესთავაზა ევროპის სკანდინავიურ ქვეყნებსა და იაპონიაში ტურნეს მოწყობის იდეა, საწყისი მომზადების (ინგლისურ ენაზე გადასვლის) და ქართული მხარის მხრიდან პირველადი, საორგანიზაციო ხარჯების დაფარვის საფუძველზე. არაერთი მცდელობის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ ჯგუფს ყურადღება არ მიაქცია. გერმანიაში მყოფ მუსიკოსებს დაეწყო ეკონომიური პრობლემები, რის გამოც, საბოლოო ჯამში, იგი იძულებული შეიქმნა, საქართველოში დაბრუნებულიყო. ჯგუფმა ისევ სცადა გერმანიაში დაბრუნება, ამჟამად საკუთარი თანხებით. მაგრამ ამას მოჰყვა არასტაბილური გარემო, რის ფონზეც კოლექტივი საბოლოოდ დაიშალა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის გარეკანი

ჯგუფმა არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთი სტუდიური ალბომის ჩაწერა მოახერა 1992 წელს, მოსკოვში. იგი გამოვიდა 1993 წელს

ხავსმოდებული ზარების ექო[1]
# სახელწოდება ტექსტი მუსიკა ხანგრძლივობა
1. „ივერთა მხარე“ ჯუმბერ ბოლქვაძე მალხაზ დუმბაძე, თემურ დიასამიძე, ნუგზარ გუჩმანიძე 5:12
2. „აპოკალიფსი“ (მუსიკალური ვიდეოს თანხლებით) ბოლქვაძე დუმბაძე, დიასამიძე, გუჩმანიძე 6:27
3. „Verbum Sapientubus“ (მუსიკალური ვიდეოს თანხლებით) ბოლქვაძე დუმბაძე, დიასამიძე, გუჩმანიძე 7:55
4. „კლდის ვეფხვი“ ბოლქვაძე დუმბაძე, დიასამიძე, გუჩმანიძე 8:07
5. „არწივი მეხია მთის“ ბოლქვაძე დუმბაძე, დიასამიძე, გუჩმანიძე 6:01
6. „ნოსტრადამუსი“ (მუსიკალური ვიდეოს თანხლებით) ბოლქვაძე დუმბაძე, დიასამიძე, გუჩმანიძე 7:21
7. „მარათონი“ ბოლქვაძე დუმბაძე, დიასამიძე, გუჩმანიძე 6:52
8. „ხიხანო“ გურამ ქობულაძე დუმბაძე, დიასამიძე, გუჩმანიძე 6:23
9. „ღვინობისთვე“ ქობულაძე ქობულაძე 5:14
საერთო ხანგრძლივობა: 59:27

შემოქმედებითი მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთლემის სიმღერები:

ჯგუფის ტექსტების ავტორია ბას–გიტარისტი ჯუმბერ ბოლქვაძე. თემატიკის ძირითადი საგანია ეროვნულ–პატრიოტული, ისტორიული ასპექტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეო

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რევიუ: ბეთლემი – ხავსმოდებული ზარების ექო (17 აპრილი, 2014). წაკითხვის თარიღი: 28.05.2014.