აჭარის ტელევიზია
აჭარის ტელევიზია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
მაუწყებლობის ზონა | საქართველო, ევროპა, ცენტრალური აზია, ჩრდილოეთი აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი. |
დაფუძნდა | 4 ნოემბერი, 1987 |
ხელმძღვანელ(ებ)ი | გიორგი კოხრეიძე |
საიტი | adjaratv.ge |
აჭარის ტელევიზია — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დაარსდა 1987 წლის 4 ნოემბერს.[1] აჭარის ტელევიზია დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
ტელევიზიის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, აჭარის რესპუბლიკაში გახსნილიყო ტელევიზიები.
საქართველოს ტელეცენტრს დაევალა ბათუმი-მწვანე კონცხის სარელეო ხაზის მონტაჟი, ხოლო საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტს — ბათუმის ტელევიზიის სტუდიის მოწყობა.
1987 წლის 9 მარტს შეიქმნა შტაბი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სატელევიზიო სტუდიის კონსტრუირებაზე. შტაბს მეთაურობდა აჭარის საბინაო კომუნალური მეურნეობის მინისტრი ზაურ ფატლაძე. ტელეაპარატურის შესაძენად გამოყოფილი იქნა მილიონ სამასი ათასი მანეთი.
ტელევიზიის პირველ დირექტორად ლამარა ბოლქვაძე დაინიშნა.
ტელევიზია პირველად ეთერში გავიდა 1987 წლის 4 ნოემბერს, ხოლო პირველი გადაცემა მთავარმა რედაქტორმა და ჟურნალისტმა ანზორ ზამბახიძემ დაიწყო სიტყვებით: „ლაპარაკობს და უჩვენებს ბათუმი“.[2]
1997 წლიდან ტელევიზიამ მიიღო 37-ე დეციმეტრული არხი. ტელევიზია ყოველდღიური პროგრამების შექმნაზე გადავიდა.
1999 წელს ტელევიზია გადავიდა სატელიტურ მაუწყებლობაზე. იგი, პირველი არხის შემდეგ, მეორე ქართული ტელევიზიაა, რომელიც თანამგზავრული სიგნალით გავრცელდა. ფრანგული სატელიტი — „გლობკასტი“ აჭარის ტელევიზიის სიგნალის გავრცელებას ევრაზიასა და ამერიკის კონტინენტზე უზრუნველყოფდა.
2013 წელს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო. 2013 წლის 21 დეკემბერს მრჩეველთა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პირველ დირექტორად სოსო სტურუა აირჩია. 25 დეკემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფუძნდა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 31 დეკემბერს ლიკვიდირებულ იქნა აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელერადიო დეპარტამენტი და მისი ქონება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გადაეცა.
დღეს აჭარის ტელევიზია უზრუნველყოფს 24 საათიან მაუწყებლობას. პროგრამულად დატვირთულია 18 საათი.
ტელევიზიას აქვს 5 საკორესპონდენტო პუნქტი. მათ შორის, სამი — რეგიონში, ერთი — ქუთაისში, ერთი — თბილისში.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7563
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. Bia.ge. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2018.
- ↑ 2.0 2.1 აჭარის ტელევიზიის ისტორია. Ajaratv.ge. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2018.
|