აღმოსავლეთის საკითხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1878 წლის კარიკატურა: დიზრაელი, გორჩაკოვი და ანდრაში წყვეტენ აღმოსავლეთის საკითხს.

აღმოსავლეთის საკითხიდიპლომატიასა და ისტორიულ ლიტერატურაში მიღებული პირობითი აღნიშვნა XVIII საუკუნის მე-2 ნახევრის – XX საუკუნის დასაწყისის საერთაშორისო პრობლემათა კომპლექსისა, რომელიც წარმოიქმნა ოსმალეთის იმპერიის დასუსტების და მისდამი დამორჩილებული ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის აღმავლობის პირობებში, რა დროსაც ახლო აღმოსავლეთზე გავლენის მოსაპოვებლად მეტოქეობა გამწვავდა ევროპის სახელმწიფოთა შორის (ავსტრია, 1867 წლიდან — ავსტრია-უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია); ამ მეტოქეობაში შემდგომში აშშ-ც ჩაერთო. ტერმინი „აღმოსავლეთის საკითხი“ პირველად გამოიყენეს საღვთო კავშირის ვერონის კონგრესზე 1822 წელს.[1]

პირველი ეტაპი (XVIII საუკუნის მე-2 ნახევარი – 1814–15)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიული დანაკარგები XVIII–XIX საუკუნეებში.

აღმოსავლეთის საკითხის ისტორიის პირველი ეტაპი მოიცავს პერიოდს XVIII საუკუნის მე-2 ნახევრიდან ვენის კონგრესამდე (1814–1815). პერიოდი ხასიათდებოდა ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მზარდი როლით. ოსმალეთთან 1768–1774, 1787–1791 და 1806–1812 წლების ომებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ რუსეთმა დაისაკუთრა ე.წ. „ნოვოროსია“ (ახლანდ. უკრაინის ტერიტორიის ნაწილი), ყირიმი, ბესარაბია, კავკასიის ნაწილი და მტკიცედ დამკვიდრდა შავი ზღვის ნაპირებზე. 1774 წლის ქუჩუქ-კაინარჯის ზავით კი თავისი სავაჭრო ფლოტისთვის ბოსფორსა და დარდანელზე გასვლის უფლება მოიპოვა. ოსმალეთის დამარცხებით რუსეთის მიერ მოპოვებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა წარმატებებმა ხელი შეუწყო ბალკანეთის ხალხების ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებას და მათში განმათავისუფლებელი მოძრაობის გავრცელებას.[1]

სერბეთის პირველი აჯანყება

რუსეთის ინტერესები წინააღმდეგობაში მოვიდა ევროპის სხვა სახელმწიფოთა მისწრაფებებთან ახლო აღმოსავლეთში. პირველ რიგში ეს შეეხო დიდ ბრიტანეთს, რომელის ისწრაფოდა ახლო აღმოსავლეთიდან ინდოეთამდე თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შენარჩუნებისა და განმტკიცებისკენ; ასევე საფრანგეთსაც, რომელიც ატარებდა აღმოსავლეთის ბაზრების დაპყრობისა და ბრიტანეთის კოლონიური სიჭარბის ჩამოშლის პოლიტიკას. საფრანგეთის დირექტორია და შემდგომში უკვე ნაპოლეონ I ცდილობდნენ ახლო აღმოსავლეთში ტერიტორიული დაპყრობების გზით დაუფლებოდნენ ბრიტანეთის ინდოეთისკენ მიმავალ სახმელეთო გზებს. საფრანგეთის ექსპანსიამ ოსმალეთის იმპერია აიძულა რუსეთთან დაემყარებინა სამხედრო-პოლიტიური კავშირი (1799, 1805), რომლის მიხედვითაც ბოსფორისა და დარდანელის გავლა შეეძლო რუსეთის არამარტო სავაჭრო, არამედ სამხედრო გემებსაც; ოსმალეთმა 1799 წელს კავშირი შეკრა დიდ ბრიტანეთთანაც. რუსეთ-საფრანგეთის დაპირისპირების გამწვავებამ, კერძოდ აღმოსავლეთის საკითხში, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ნაპოლეონსა და ალექსანდრე I-ს შორის 1807–1808 წლებში ოსმალეთის იმპერიის დანაწილების საკითხზე გამართული მოლაპარაკების წარუმატებლობაზე.[1]

მეორე ეტაპი (1815–1856)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუცია

აღმოსავლეთის საკითხის მეორე ეტაპი (1815–1856 წწ.) ხასიათდებოდა ოსმალეთის იმპერიის კრიზისითა და მისი დაშლის რეალური საფრთხის წარმოშობით, რაც გამოწვეული იყო საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუციით (1821–1829), საფრანგეთის მიერ ალჟირის დაპყრობის დაწყებით (1830), ეგვიპტე-ოსმალეთის 1831–1833 და 1839–1841 წლების კონფლიქტებით. 1828–1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის გამარჯვების შემდეგ გაფორმებული ადრიანოპოლის ზავით (1829) სერბეთმა მიიღო ავტონომია, ზავმა ხელი შეუწყო ოსმალეთის ხელისუფლების შეიზღუდას მოლდოვასა და ვლახეთში (1829), საბერძნეთის დამოუკიდებლობის აღიარებას (1830). 1833 წლის ბოსფორის ექსპედიციის შედეგად და ჰუნქიარ-ისქელესის ხელშეკრულების (1833) პირობებით თურქეთმა აიღო ვალდებულება სხვა სახელმწიფოების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში ამ სახელმწიფოთა სამხედრო გემებისათვის ჩაეკეტა დარდანელის სრუტე. თუმცა 1830 წლის ივლისის რევოლუციით საფრანგეთის მიერ ლეგიტიმიზმის, როგორც საღვთო კავშირის იდეურ-სამართლებრივი საფუძვლის, დარღვევის შემდეგ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის სწრაფვამ — პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცია საფრანგეთი — აიძულა იგი დაახლოებოდა დიდ ბრიტანეთს, რამაც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოზიციები შეასუსტა. ევროპის სახელმწიფოებსა და ოსმალეთს შორის ეგვიპტის კონფლიქტის ლიკვიდაციისა და სრუტეების შესახებ 1840–1841 წლების შეთანხმებებზე შეერთებით რუსეთმა ფაქტობრივად უარი თქვა ჰუნქიარ-ისქელესის ხელშეკრულებით მიღებულ პრივილეგიებზე. აღმოსავლეთის საკითხის განვითარების ამ პერიოდში ყველაზე დიდი სარგებელი ნახეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, რომლებმაც ოსმალეთის იმპერიასთან არათანასწორუფლებიანი სავაჭრო კონვენციის გაფორმებას მიაღწიეს, რამაც დააჩქარა იმპერიის ჩავარდნა ევროპის სახელმწიფოების კაბალაში. ყირიმის ომი (1853–1856) და პარიზის ზავი (1856) ახლო აღმოსავლეთში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოზიციების გაძლიერებასა და რუსეთის გავლენის შესუსტებას მოასწავებდა.[1]

მესამე ეტაპი (1850-იანები – 1880-იანები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალკანები და ახლო აღმოსავლეთი XIX საუკუნის ბოლოს.

აღმოსავლეთის საკითხის მე-3 ეტაპი დაიწყო 1850-იანი წლების ბოლოს და დასრულდა 1880-იანი წლების შუა ხანებში. ამ დროს გაღრმავდა ოსმალეთის იმპერიის კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო ბალკანეთში განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი აღმავლობით და რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომით. ამ ომში რუსეთის გამარჯვების შედეგად ბალკანეთის ნახევარკუნძულზე კიდევ უფრო შეიზღუდა ოსმალეთის გავლენის სფერო: რუმინეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა (1877), შეიქმნა ბულგარეთის სახელმწიფო (1878), საერთაშორისოდ აღიარეს სერბეთისა და ჩერნოგორიის დამოუკიდებლობა. გამარჯვების მიუხედავად, აღმოსავლეთის საკითხში რუსეთის პოზიციება სუსტი რჩებოდა, რაც მკაფიოდ გამოჩნდა ბერლინის კონგრესის (1878) გადაწყვეტილებებში, სადაც რუსეთის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ სან-სტეფანოს (1878) პირობების გადახედვას. ოსმალეთმა სერიოზული ტერიტორიული დანაკარგები განიცადა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაშიც: 1878 წელს დიდმა ბრიტანეთმა დაიპყრო კვიპროსი, 1882 წელს — ეგვიპტე, 1881 წელს საფრანგეთმა პროტექტორატი დაამყარა ტუნისზე. ავსტრია-უნგრეთის მხრიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ეკონომიკური და პოლიტიკური ჰეგემონობისკენ სწრაფვამ და მის მიერ 1878 წელს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ოკუპაციამ გამოიწვია ავსტრია-რუსეთის წინააღმდეგობის გაძლიერება.[1]

მეოთხე ეტაპი (1880-იანები – 1923)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარკუნძული ბალკანეთის პირველ ომამდე.

აღმოსავლეთის საკითხის განვითარების დასკვნითი ეტაპი მოიცავს პერიოდს 1880-იანი წლების შუა ხანებიდან 1923 წლამდე. მსოფლიოს გადანაწილებისთვის დიდი სახელმწიფოების ბრძოლის გაძლიერებამ ახლო აღმოსავლეთში მათ დაპირისპირებას უკიდურესი სიმწვავე შემატა. გერმანიის სწრაფვამ დამკვიდრებულიყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში (ბაღდადის რკინიგზის მშენებლობა, გერმანული სამხედრო-პოლიტიკური გავლენისადმი ოსმალეთის მმართველი წრის დაქვემდებარება აბდულჰამიდ II-ის, შემდეგ კი ახალგაზრდა თურქების ხელმძღვანელობით), ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ავსტრია-უნგრეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის აქტივიზაციამ სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია ინგლის-გერმანიის, რუსეთ-გერმანიისა და რუსეთ-ავსტრიის ურთიერთობებში. აღმოსავლეთის საკითხის განვითარებას დამატებითი იმპულსი მისცა ოსმალეთის მიერ დამორჩილებული ხალხების (სომხები, მაკედონელები, ალბანელები, არაბები და სხვ.) ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბრძოლამ.

სევრის ზავით გათვალისწინებული საზღვრები.

შიდა კონსოლიდაციის მიღწევისა და რუსეთ-ოსმალეთის ომებში, იტალია-ოსმალეთის ომსა (1911–1912) და ბალკანეთის ომებში (1912–1913) დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ოსმალეთის იმპერია პირველი მსოფლიო ომში ჩაება გერმანიისა და მისი მოკავშირეების მხარეს. ომის წლებში ანტანტის ქვეყნებმა შეადგინეს ოსმალეთის სამფლობელოთა დანაწილების გეგმები. ოსმალეთის სამხედრო მარცხმა ანტანტისთვის აქტუალური გახადა არამარტო არაბული და სხვა არათურქული ტერიტორიების დაპყრობა, არამედ თურქული მიწებისაც. ანტანტის ჯარებმა მოახდინეს შავი ზღვის სრუტეების, აღმოსავლეთ თრაკიის, ანატოლიის რიგი რაიონების ოკუპაცია, კონტროლი დაამყარეს სტამბოლზე. 1919 წლის მაისში ანტანტის გადაწყვეტილებით მცირე აზიაში თურქული მეტროპოლიების დაპყრობის მიზნით გადასხდა ბერძნული დესანტი. ამავდროულად, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე (1919–1920) დაიწყო სულთნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროექტის შემუშავება, რაც მოიცვდა თურქეთის დანაწილებასაც (მათ შორის წამოიწია აშშ-სათვის თურქეთის მანდატით გადაცემის გეგმა).

თურქეთი ლოზანის ზავით აღიარებულ საზღვრებში.

თუმცა თურქეთში გაშლილმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ხელი შეუშალა ამ ჩანაფიქრების რეალიზებას. 1922 წლის შემოდგომისთვის თურქეთის რესპუბლიკურმა არმიამ მთლიანად გაათავისუფლა თურქეთის ტერიტორია (მ.შ. საბჭოთა რუსეთის მორალურ-პოლიტიკური დახმარებითაც). ანტანტის ქვეყნები იძულებული გახდნენ ხელი აეღოთ სულთნის ხელისუფლებისათვის თავს მოხვეული სევრის კაბალური ზავისგან. ლოზანის ზავის ხელმოწერით, რამაც იურიდიულად დაადასტურა ოსმალეთის იმპერიის დაშლა, თურქეთის რესპუბლიკამ მიიღო საერთაშორისო აღიარება, დამტკიცდა და დიდი სახელმწიფოების მიერ აღიარდა მისი საზღვრები, რაც ნიშნავდა აღმოსავლეთის საკითხის, როგორც მსოფლიო პოლიტიკის პრობლემის ლიკვიდაციას.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Мейер М. С. Восточный вопрос // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 767–768.