ლონდონის პროტოკოლი (1830)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლონდონის პროტოკოლი.

ლონდონის პროტოკოლი — პროტოკოლი, რომელსაც ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა (რუსეთის იმპერია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) ხელი მოაწერეს 1830 წლის 3 თებერვალს. პროტოკოლის ძალით მათ აღიარეს საბერძნეთის დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან, მას შემდეგ რაც 1829 წელს ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის დაიდო ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება.

დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური წრეები შიშობდნენ მართლმადიდებლური საბერძნეთისა და ასევე მართლმადიდებლური რუსეთის იმპერიის დაახლოების გამო, რადგან ეს აზარალებდა დიდი ბრიტანეთის იმპერიის ინტერესებს სრუტების კონტროლის საქმეში. ამის გამო ბრიტანელმა დიპლომატებმა საბერძნეთის საზღვრები მინიმუმამდე დაიყვანეს[1]. ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვარი გაატარეს ქალაქების ვოლოსი-არტის ხაზზე. ეგეოსის უდიდესი კუნძულები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც დასახლებული იყო ეთნიკური ბერძნებით (კრეტა, ლესბოსი, როდოსი და სხვ.), გარდა კუნძულ ევბეისა, დარჩა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში[2].

დამოუკიდებელი საბერძნეთის სამეფოს შემადგენლობაში ცხოვრობდა დაახლ. 800 000 ადამიანი, რომელთაგანაც მეოთხედზე მეტს შეადგენდნენ ალბანელი-არნაუტები და ბოშები. 3 მლნ. ეთნიკური ბერძენი დარჩა საზღვრებს მიღმა, რაც გახდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბალკანეთში არასტაბილურობის მიზეზი. დიდი ბრიტანეთის დაჟინებული მოთხოვნის გამო საბერძნეთი კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა. გერმანელი სამეფო ოჯახის წარმომადგენლის მონარქად არჩევა ასევე ითვალისწინებდა საბერძნეთის პოლიტიკურ დაშორებას რუსეთისგან.

საბერძნეთის სუვერენიტეტის გამოცხადებას მოჰყვა „დამოუკიდებლობის აღლუმი“ ბალკანეთში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]