ეგვიპტე-ოსმალეთის ომი (1831-1833)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეგვიპტე-ოსმალეთის ომი
თარიღი 1831-1833
მდებარეობა ლევანტი, მცირე აზია
Casus belli მუჰამედ ალი-ფაშას პრეტენზია ლევანტზე
შედეგი ეგვიპტის ნაწილობრივი გამარჯვება: ქუთაჰიის ზავი
ტერიტორიული
ცვლილებები
მუჰამედ ალი-ფაშას გადაეცა ლევანტი, კილიკია და კრეტა
მხარეები
ეგვიპტის ეიალეთი ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
მუჰამედ ალი-ფაშა, იბრაჰიმ-ფაშა მაჰმუდ II,
რეშიდ მეჰმედ-ფაშა
ძალები
100 000 145 000

ეგვიპტე-ოსმალეთის ომი ან ეგვიპტე-ოსმალეთის პირველი ომი — ომი ოსმალეთის იმპერიასა და ოსმალურ ეგვიპტეს შორის.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ ალის მმართველობის პერიოდში ეგვიპტე ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო ოსმალეთის იმპერიისაგან. ეგვიპტემ ოსმალეთის იმპერიას მხარი დაუჭირა ომში საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის. ამის გამო მუჰამედ ალიმ ოსმალეთის სულთან მაჰმუდ II-ს სირია სთხოვა, მაგრამ სულთანმა შესთავაზა მას კრეტის გუბერნატორი გამხდარიყო. იცოდა, რომ ამ კუნძულზე წესრიგის შენარჩუნებას მისი ფინანსების გამოფიტვა მოჰყვებოდა, მუჰამედ ალიმ ეს წინადადება უარყო და სირიის დაკავება თავად გადაწყვიტა.

ომის მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1831 წელს მუჰამედ ალის შვილი იბრაჰიმ-ფაშა სირიაში შეიჭრა არმიასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ეგვიპტის დატოვებამდე ქოლერისაგან დაკარგა 5 000 ჯარსკაცი, იგი მაინც მიუახლოვდა სირიის სანაპიროს, აიღო ღაზა, იაფა, ხაიფა და ამავე წლის ნოემბერში ალყა შემოარტყა ქალაქ აკრას. ორი შეტევა წარუმატებელი გამოდგა. ქალაქის დასახმარებლად მოდიოდა ალეპოს მმართველი, ადმირალი ოსმან-ფაშა, მაგრამ იბრაჰიმ-ფაშა მოულოდნელად თავს დაესხა ოსმან-ფაშას, იგი გააქცია და მთელი თავისი ძალები შეკრიბა ქალაქ აკრასთან და იგი აიღო 1832 წლის 27 მაისს. დაიკავა დამასკი, ოსმალები დაამარცხა ჰომსში. დაიპყრო მთელი სირია. ეგვიპტიდან დამხმარე ძალები მიიღო და დეკემბრის შუა პერიოდში კონიასთან შეხვდა სერასქირ რეშიდ მეჰმედ-ფაშას. მიუხედავად ძალების სიმცირისა იბრაჰიმ-ფაშამ დაამარცხა ოსმალები და სერასქირი ტყვედ ჩაიგდო 9 ათას ჯარისკაცთან ერთად. დაიპყრო მთელი მცირე აზია და კონსტანტინოპოლს ექვსი დღის სავალზე მიუახლოვდა.

იბრაჰიმ-ფაშას შეეძლო აეღო კონსტანტინოპოლიც, ეგვიპტიდან რომ არ მოსვლოდა მუჰამედ ალი-ფაშას ბრძანება ბრძოლის შეწყვეტისა და დამხმარე ძალისათვის დალოდების შესახებ. რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ოსმალების დასახმარებლად გააგზავნა ფლოტი ბოსფორის ექსპედიციის ფარგლებში. დიდმა სახელმწიფოებმა დაიწყეს მოლაპარაკებები და 1833 წლის 4 მაისს ქუთაჰიის ზავის მიხედვით მუჰამედ ალი გახდა სირიისა და ადანის მმართველი. ივლისში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა ხელი მოაწერეს უნქიარ-ისქელესის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორმა სახელმწიფომ ერთმანეთს დახმარება აღუთქვა ომიანობის ჟამს.

ომის შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დათმობებმა, რომელიც განხორციელდა მშვიდობის შენარჩუნების გამო, უკმაყოფილება გამოიწვია ორივე მოწინააღმდეგის ბანაკში. შედეგად, მუჰამედ ალიმ გადაწყვიტა ეგვიპტის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რამაც ეგვიპტე-ოსმალეთის მეორე ომი გამოიწვია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]