შინაარსზე გადასვლა

ანა შპეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაყოფი და ტოტები

ანა შპეტიქლიავის ჯიში. მიეკუთვნება უნგრულების ჯგუფს.[1] გამოყვანილია დაახლოებით 1870-იან წლებში ბერლინის ახლომდებარე დაბაში (კეცინში), ლ. შპეტის სანერგეში. საქართველოში მისი შემოტანის დრო არ არის ცნობილი. გვხვდება თითქმის ყველა რაიონში ცალკე ხეების სახით. თავისი მაღალხარისხიანი და გარემოსადმი კარგი შეგუების უნარიანობის გამო უნდა ჩაითვალოს ერთ–ერთ საუკეთესო სამრეწველო ჯიშად საქართველოს მეხილეობის მთელ რიგ რეგიონებში.

ჯიში საინტერესოა უხვი მოსავლიანობით; ადრე იწყებს მოსავლის მოცემას. საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა; მწიფდება სექტემბრის ბოლო რიცხვებში. კარგი ხარისხის, საგვიანო სუფრის ჯიშად ითვლება. კარგად შეეგუა საქართველოს ბუნებრივ პირობებს. ხე ძლიერმზრდია, პირამიდული ვარჯით, რომელიც მოსავლის სიმძიმის გამო გადაშლილ და დახრილ ხასიათს ღებულობს. ფოთოლი ოვალური ფორმისაა, წაწვეტებული ბოლოთი. ფოთლის ფირფიტის ზედაპირი მუქი მწვანე და ბრჭყვიალა. ახასიათებს ადრეული ყვავილობა. თვითფერტილია.

ნაყოფი მსხვილია (4,4🞩2,8 სმ). საშუალო მასა 41,5 გრამს უდრის. კასრისებრი ფორმა აქვს, განიერი ფუძით. კანი მოწითალო ფერისაა, ძლიერი ცვილისებრი ნაფიფქით. კანქვეშა თეთრი წერტილები მსხვილია და კარგად ემჩნევა ცვილისებრი ნაფიფქისაგან გასუფთავებულ ნაყოფს. რბილობი მომწვანო–ყვითელია, ძლიერ წვნიანი, ტკბილი, მომჟავო გემოსი. ნაყოფის სრულ სიმწიფეში კურკა ადვილად სცილდება რბილობს. კარგია საჩირედ, საკონსერვო ქარხნებში გადასამუშავებლად და საკმაოდ კარგია აგრეთვე სუფრის ხილადაც.

  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.
  1. მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2020.  დაარქივებული 2021-08-03 საიტზე Wayback Machine.