კირკე (ქლიავის ჯიში)
კირკე — ქლიავის ჯიში. წარმოშობილია ინგლისში და ატარებს სანერგის პატრონის გვარს, რომელმაც გაავრცელა ეს ჯიში. საქართველოს პირობებში იგი ხშირად გვხვდება ქლიავის სხვა ჯიშებს შორის, თითო-ოროლად დარგული. ახასიათებს მოსავლიანობა უხვი, კარგად ეგუება სხვადასხვა პირობას.
ხე ხასიათდება საშუალო ზრდით, მაღალი შენების გადაშლილი ვარჯით. ფოთოლი ოვალური ფორმისაა, სქელი, მუქი მწვანე ფერის. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. თვითსტერილი ჯიშია. საუკეთესო დამამტვერიანებლად ცნობილია მწვანე რენკლოდი და ეკატერინე.
ნაყოფი მსხვილია (4,4🞩4,0 სმ), საშუალო მასა 47 გრამს უდრის. ნაყოფის ფორმა მომრგვალოა. კანი სქელია, მუქი ლურჯი, მოწითალო ელფერით. გარედან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი ნაფიფქი. რბილობი ღია მწვანე ფერისაა, მკვრივი, ტკბილი, წვნიანი. მწიფდება სექტემბრის პირველ რიცხვებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.
|