შინაარსზე გადასვლა

პედრიგონი ჭრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პედრიგონი ჭრელი — ევროპული წარმოშობის ქლიავის ჯიში. საქართველოში შემოტანილია XX საუკუნის შუა ხანებში.

ამ ჯიშის დადებით მხარეებს შეადგენს: უხვი მოსავლიანობა, მშრალი ნიადაგებისადმი კარგად შეგუებულობა და სხვა ჯიშებთან შედარებით გვალვის უკეთ ატანა. ნაყოფი წვიმიან ამინდში არ სკდება. ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს სუსტად შეფოთლილ თხელ ვარჯს.

ნაყოფი საშუალო, ზოგჯერ მსხვილი ზომისაა, მრგვალი ფორმის, ფუძესთან ოდნავ შებრტყელებული. ნაყოფის კანი თხელია. ძირითადი მომწვანო ფერი თითქმის არ ემჩნევა და შერჩენილია მხოლოდ დაჩრდილულ ადგილებზე. დარჩენილი ნაწილი შეფერილია წითლად; ემჩნევა უფრო მუქი წინწკლები. ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი თეთრი ცვილისებრი ნაფიფქი. მწიფდება აგვისტოს მეორე ნახევარში. რბილობი მომწვანო-ყვითელია, ნაზი, წვნიანი, ძალიან გემრიელი, მომჟავო-ტკბილი გემოსი. კურკა კარგად ეცლება რბილობს.

  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.