ჯეფერსონი (ქლიავის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯეფერსონიქლიავის ჯიში. გამოყვანილია ამერიკაში დაახლოებით 1725 წელს. მსხვილი, ლამაზი და მაღალი ხარისხის ნაყოფის გამო ეს ჯიში ფართოდ გავრცელდა ყველა ქვეყანაში. საქართველოს რაიონებშიც გვხვდება თითო-ოროლა ხე. ჯიში კარგად ეგუება გარემო პირობებს, მსხმოიარობა უხვი იცის.

ჯეფერსონი ქლიავის ჯიშებს შორის, როგორც მეტის-მეტად ეფექტიანი, ლამაზი და მსხვილნაყოფიანი ჯიში, ბაღის მოყვარულთა ასორტიმენტის ერთ–ერთი საუკეთესო ჯიშია. მისი გავრცელება ფართო საწარმოო მიზნებითაც დიდი ქალაქების ახლოს დასაშვებია.

ხე მძლავრი ზრდისაა, განიერი, ღია ვარჯით. ფოთოლი უკუკვერცხისებრია, სქელი; ზედაპირი ნაკლებად შებუსვილია. ქვედაპირი ძლიერ შებუსვილია. ახასიათებს ადრეული ყვავილობა. თვითსტერილი ჯიშია.

ნაყოფი მწიფდება სექტემბრის დასაწყისში. მსხვილია (4,4🞩3 სმ), საშუალო მასა 46 გრამს უდრის. ოვალური ფორმისაა, ოდნავ შევიწროებული ფუძისკენ. კანი მომწვანო-ყვითელი ფერისაა, მკვრივი, ადვილად სცილდება მწიფე რბილობს. რბილობი ყვითელი ფერისაა, მკვრივი, ნაკლებად წვნიანი, გემრიელი. კურკა ნახევრად თავისუფალია. გამოიყენება როგორც სუფრის ჯიში, მისგან მზადდება აგრეთვე კომპოტიც. ტენიან წლებში ნაყოფი ადვილად ზიანდება სიდამპლით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.