ოპერა გარნიე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოპერა გარნიეს მთავარი ფასადი
თეატრის დიდი ფოიე

გარნიეს სასახლე (Palais Garnier), ასევე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2.200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრი პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს.

1875 წელს შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად "მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი" (Académie Nationale de Musique - Théâtre de l'Opéra) ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას "პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი" დაარქვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასი ბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს მისი დასრულების შემდეგ, თეატრს "გარნიეს სასახლე" დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი "მუსიკის ეროვნული აკადემია" დღემდე შემორჩა შენობის მთავარი ფასადის კოლონადის თავზე. მიუხედავად სახელების ხშირი ცვლისა და საოპერო დასის ბასტილიის ოპერის თეატრში გადასვლისა, პარიზელები ამ შენობას დღემდე "პარიზის ოპერას" უწოდებენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თეატრს, სადაც პარიზის ოპერისა და ბალეტის დასი მისი დაარსებიდან დღემდე მთავარ წარმოდგენებს მართავდა.

ისტორია[რედაქტირება]

კონკურსი ახალი ოპერისთვის[რედაქტირება]

ემე მილეს « აპოლონი, პოეზია და მუსიკა », ოპერის შენობის თავზე აღმართული კომპლექსი

გარნიეს სასახლე პარიზის დიდი რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილი იყო, რომელიც საფრანგეთის მეორე იმპერიის პერიოდში ნაპოლეონ III-მ ჩაიფიქრა. ამ მიზნისთვის მან სამოქალაქო მშენებელი (ქალაქმგეგმავი) ბარონი ოსმანი შეარჩია.

1858 წლის 14 იანვარს, ლე პალეტიეს ქუჩაზე, სადაც დღევანდელი გარნიეს ოპერა მდებარეობს, იტალიელი ანარქისტები ნაპოლეონ III-ზე თავდასხმას ახორციელებენ. მართალია მთავარი სამიზნე გადარჩა, მაგრამ რვა ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით ასორმოცდაათი დაიჭრა.

ზუსტად მეორე დღეს ამ ადგილზე იმპერატორმა ახალი დარბაზის აგება გადაწყვიტა. იგი უნდა გამხდარიყო პარიზის მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილი. ნაპოლეონმა ოსმანს უფლება მისცა შენობის ადგილისთვის 12.000 კვ.მ. მიწა გაეთავისუფლებინათ. 1861 წელს გამოცხადდა კონკურსი „მუსიკისა და ცეკვის საიმპერატორო აკადემიის“ პროექტზე. 171 კონკურსანტს შორის იყო ახალგაზრდა არქიტექტორი შარლ გარნიე. პროექტში მონაწილეებს ანონიმურობის დაცვისათვის მიჩნეული ჰქონდათ ნომრები და საკუთარი დევიზი. გარნიეს ნომერი იყო 38, დევიზი კი - „მე ბევრის იმედი მაქვს და ცოტას ველი“.

1861 წელს, 30 მაისს ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარე იყო ნაპოლეონ I-ის შვილი, პრინცი ვალევსკი, გამარჯვებულად ცნო 39 წლის ჯერ კიდევ უცნობი არქიტექტორი შარლ გარნიე. პროექტისთვის გამოიყო 29 მილიონი ფრანკი, თუმცა შემდეგში მას ფინანსთა მინისტრმა 30% ჩამოაჭრა.

ადგილმდებარეობა[რედაქტირება]

ადგილი, სადაც ოპერის შენობა უნდა აგებულიყო, გარშემორტყმული იყო მაღალი შენობებით და ასიმეტრიული რომბისებური ფორმა ჰქონდა. გარნიეს ამ შენობების აღება და მათ მაგივრად ბაღების გაშენება სურდა, რათა მნახველებს უფრო უკეთ შეეფასებინათ ახალი შენობის მთელი სიდიადე, მაგრამ ოსმანმა მას ამის უფლება არ მისცა. რამდენადაც მეზობელი შენობები გაცილებით მაღალი იყო ვიდრე გარნიეს მიერ დაგეგმილი ოპერის შენობა, არქიტექტორი იძულებული გახდა უკანასკნელ მომენტში შეეცვალა პროექტი და დაემატებინა ატიკური სართული, რათა საიმპერატორო სასახლეს საჭირო პომპეზურობა შეენარჩუნებინა. შენობის საძირკველი იმავე წელს ჩაიყარა, მშენებლობა კი 1962 წელს დაიწყო.

შარლ გარნიეს პორტრეტი

მშენებლობა[რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად, მშენებლობის პერიოდში ნაპოლეონის მეუღლე ევგენიას გარნიესთვის უკითხავს თუ რომელ სტილში აშენდებოდა თეატრი — ბერძნულში თუ რომაულში, გარნიემ უპასუხა: "ეს ნაპოლეონ III-ის სტილი იქნება, მადამ!"

მშენებლობის პროცესი ძლიერ გაჭიანურდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ბეტონის საძირკვლის ჩაყრას ხელს უშლიდა, იყო ჭაობიანი ნიადაგი, რომელიც ნესტს მიწისქვეშა წყლებისგან ისრუტავდა. საძირკვლიდან წყლის ამოტუმბვას რვა თვე დასჭირდა. შემდგომი გაჭიანურების მიზეზი ჯერ ფრანკო-პრუსიის ომი გახდა, შემდეგ მეორე იმპერიის დაცემა, ბოლო კი პარიზის კომუნა. ამ პერიოდში მშენებლობა კანტიკუნტად გრძელდებოდა. ერთი პერიოდი ჭორიც გავრცელდა, რომ თეატრის მშენებლობა საერთოდ შეწყდებოდა.

1867 წელს უნივერსალური ექსპოზიციისთვის იმპერატორის თხოვნით გაიხსნა შენობის მთავარი ფასადი. თუმცა შენობა ჯერ დასრულებული არ იყო.

გარნიეს სასახლის დასრულებას შემდგომი იმპულსი მისცა 1873 წლის 29 ოქტომბერს ძველი პარიზის ოპერის შენობის ხანძარმა, რომელიც 27 საათის განმავლობაში მძვინვარებდა და რომელმაც თეატრის შენობასთან ერთად თითქმის მთელი უბანი გაანადგურა. ეს შენობა პარიზის მუსიკის სამეფო აკადემიის მთავარი დარბაზი იყო და მის სცენაზე ოპერისა და ბალეტის მრავალი მსოფლიო შედევრი დადგმულა. შესაბამისად, მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საოპერო და საბალეტო დასს სასწრაფოდ სჭირდებოდა შესაფერისი ახალი შენობა.

1875 წლის ინაუგურაცია[რედაქტირება]

1874 წლის ბოლოსთვის გარნიემ მუშათა მასიურ არმიასთან ერთად სასახლის მშენებლობა დაასრულა, რასაც მთელი პარიზი ზეიმით შეხვდა. სასახლის ფორმალური ინაუგურაცია 1875 წლის 15 იანვარს შედგა გრანდიოზული გალა კონცერტით. საზეიმო ბალის რეპერტუარი შედგებოდა ფრომენტალ ჰალევის 1835 წლის ოპერა "La Juive" (ებრაელი ქალი) მესამე აქტისგან, ჯაკომო მეიერბეერის 1836 წლის ოპერა "Les Hugenots" (ჰუგენოტები) ნაწყვეტებთან ერთად. საბალეტო დასმა შეასრულა გრან დივერტისმენტი პარიზის ოპერის ბალეტმეისტერი ლუი მერანტეს მიერ, რომელიც შედგებოდა განთქმული სცენისგან "Le Jardin Animé" იოზეფ მაზიერის 1867 წლის განახლებული "Le Corsaire"-დან (კორსიკელი), ლეო დელიბეს მუსიკის თანხლებით.

ოპერის შენობის საბოლოო გახსნას 1875 წლის 28 ოქტომბერს ესწრება რესპუბლიკის პრეზიდენტი მაკ-მაონი, ლონდონის ლორდ-მერი, ამსტერდამის ბურგმისტრი, ესპანეთის სამეფო ოჯახი და ორი ათასამდე მოწვეული სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან. წარმოდგენილ იქნა ჯაკომო მეიერბერის ჰუგენოტებიდან და ლუდვიკ ჰალევის ებრაელი ქალიდან ნაწყვეტები.

პრეზენტაციაზე თავად არქიტექტორი მიწვეული კი იყო, მაგრამ მას უნდა გადაეხადა მეორე ლოჟაში ადგილის ფასი. ამ ფაქტმა დიდი აღშფოთება დაიმსახურა პრესაში. თუმცა ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ ახალ ხელისუფლებას არ სურდა კავშირი ჰქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იმპერატორს ემსახურებოდნენ.

არქიტექტურული კომპოზიცია[რედაქტირება]

პეროს ლირიკული დრამა

გარნიეს ქმნილებაში სხვადასხვა სტილი ერთმანეთში ირევა, მაგრამ ყველას ბაროკო სჭარბობს. არქიტექტორის მთავარი შთაგონების წყარო იყო ბორდოს დიდი თეატრი და გვიანი რენესანსის იტალიური სასახლეები.

შენობის არქიტექტურა გამოირჩევა გამოყენებული მასალების მრავალფეროვნებით. გარედან, ისევე როგორც შიგნით, გამოყენებულია კირქვა, სხვადასხვა ფერის მარმარილო. ნახატების ნაწილები მოოქროვილია და ხაზს უსვამს ინტერიერის პროპორციებს. არქიტექტორი ხშირად იყენებს რკინასაც, რაც უკვე თანამედროვეობის მაჩვენებელია. თუმცა რკინას გარედან ფარავს ქვითა და თიხით. მეტალს იგი მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვის იყენებს.

ფასადები, გარეთა დეკორაციები[რედაქტირება]

ჟან-ბატისტ კარპოს ცეკვის ალეგორია

სამხრეთის მთავარი ფასადი[რედაქტირება]

დიდი ფასადი ოპერის მოედანზე გადის და მოედნის პერსპექტივას აგვირგვინებს. მისი შტრიხები და პროპორციები ეკლექტიკური არქიტექტურის ძირითად არსს გამოხატავს. გარნიემ თავად აირჩია ის 15 მხატვარი, მოზაიკოსი და 73 მოქანდაკე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ ორნამენტების შექმნაში, ძირითადმა ორნამენტმა, „ცეკვა“, რომელიც ფასადის ჩრდილოეთ ნაწილს ამშვენებს პურიტანების აღშფოთება გამოიწვია გამომწვევი ხასიათის გამო. ერთ-ერთმა პურიტანმა დეკორაციას მელნით სავსე ბოთლი ესროლა. 1964 წელს დაზიანებული დეკორაცია შეცვლილ იქნა პოლ ბელმონდოს მიერ შექმნილი ასლით, ორიგინალი კი ორსეის მუზეუმში ინახება. მთავარი ფასადის სვეტებს შორის მრავალი დიდი კომპოზიტორის ბრინჯაოს ბიუსტია ჩადგმული.

დასავლეთის გვერდითი ფასადი[რედაქტირება]

ჩრდილოეთის უკანა ეზო

შესასვლელში მწვანე მარმარილოს კოლონათა მწკრივია, რომელთაგან ორის თავზე აღმართულია ბრინჯაოს დიდი საიმპერატორო არწივი. ორმაგი რამპა გამიზნული იყო იმპერატორის უსაფრთხოებისთვის და საშუალებას აძლევდა ეტლებს პავილიონის შიგნით გაჩერებულიყვნენ.

არქიტექტორის გარდაცვალების შემდეგ, 1898 წელს გადაწყვიტეს აღემართათ მისი ქანდაკება, რომლის ინაუგურაცია 1903 წელს მოხდა. ეს არის შარლ გარნიეს ბრინჯაოს მოოქროვილი ბიუსტი, რომელსაც ორივე გვერდს ქალი პერსონაჟები უმშვენებს.

აღმოსავლეთის გვერდითი ფასადი[რედაქტირება]

ეს მხარეც, ისევე, როგორც დასავლეთის ფასადი, იწყება მწვანე მარმარილოს კოლონებით. აღმართულია რამდენიმე ბრინჯაოს ქალის ფიგურა. აქვე არის პავილიონი, რომელიც თავიდან გათვლილი იყო პრივილეგირებულთათვის, რათა გაეადვილებინა მათთვის შენობაში, კერძოდ კი კულისებში, მოცეკვავეებთან შესვლა.

ჩრდილოეთის უკანა ფასადი[რედაქტირება]

ოპერის ეს მხარე გადის დღევანდელ დიაგილევის მოედანსა და ოსმანის ბულვარზე. აქ განლაგებულია ეზო, საიდანაც შედის მომსახურე პერსონალი, აქედან შეაქვთ დეკორაციები.

შიგნითა დეკორაციები და განლაგება[რედაქტირება]

დარბაზისა და სალონებისაკენ მიმავალი დიდი კიბე
დიდი იტალიური დარბაზი

მიუხედავად იმისა, რომ შენობა მის წინამორბედთან შედარებით ოდნავ მცირეა, გარნიეს სასახლე, რომლის ფართობი 11.000 კვ.მ-ია, დაახლოებით 2,200 ადამიანს იტევს. დარბაზის ცენტრალური აბაჟურის წონა ექვს ტონას აღემატება. დარბაზის უზარმაზარი სცენა 450 მსახიობს იტევს.

ინტერიერი მრავალი ჩახლართული კორიდორის, წრიული კიბეების, ნიშებისა და აივნებისგან შედგება, რაც ინტერმისიის დროს დიდი რაოდენობით ადამიანთა მოხერხებულად გადაადგილებისა და მყუდროდ მუსაიფის საშუალებას იძლევა. ხავერდის, ოქროს ფოთლებისა, ქერუბიმებისა და ნიმფების სიუხვით, შენობის ინტერიერი ტიპიურია ბაროკოსეული ფუფუნებისთვის.

დარბაზის ჭერი, აბაჟურის ირგვლივ, 1964 წელს ხელახლა მოხატა მარკ შაგალმა. ამ ნამუშევარმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ვინაიდან მრავალთა აზრით შაგალის ნამუშევარი კონტრასტული იყო თეატრის ზოგად სტილთან. ამ ნახატმა ასევე ძველი მიურალი გაანადგურა. ორივე ტილოს ერთობლივს წონას XIX საუკუნის დროინდელმა წებომ ვერ გაუძლო და საბოლოოდ ჩამოიქცა.

1896 წელს აბაჟურის ერთ-ერთი გადამწონი ჩამოვარდა სპექტაკლის დროს და ერთი მაყურებელი იმსხვერპლა. ეს ფაქტი, ასევე მიწისქვეშა ტბა და საოპერო თეატრის სხვა ელემენტები გახდა 1910 წელს გასტონ ლეროს შთაგონება მისი კლასიკური გოტიკური რომანისთვის "ოპერის უჩინმაჩინი" (Le Fantôme de l'Opéra).

ზოგიერთი ტექნიკური მონაცემი[რედაქტირება]

  • ზედაპირი: 11.237 კვ.მ
  • სიგრძე: 173 მ.
  • მაქსიმალური სიგანე: 125 მ.
  • სიმაღლე : 73,60 მ.
  • დიდი კიბის სიმაღლე: 30 მ.
  • დარბაზის მოცულობა: 20 მ. სიმაღლე, 32 მ. სიღრმე, 31 მ. სიგანე.
  • ჭაღის წონა: 7-8 ტონა.
  • სცენის მოცულობა: სიმაღლე 60 მ. სიღრმე 27 მ. სიგანე 48,50 მ.

მოდერნიზაციები[რედაქტირება]

მთავარი სამხრეთ ფასადი რესტავრაციის შემდეგ

1881 წლიდან დიდ დარბაზში ჩნდება ელექტრო განათება. 1950-იანი წლების დასაწყისში დამონტაჟდა ახალი ლიფტები მომსახურე პერსონალის, მსახიობებისა და ადმინისტრაციისათვის. დამონტაჟდა სუბტიტრაჟის მოწყობილობა, წარმოდგენების აღქმის გაადვილებისთვის. 1969 წელს თეატრში ახალი ელექტროგაყვანილობა დაამონტაჟეს, ხოლო 1978 წელს თავდაპირველი საცეკვაო ფოიეს ნაწილი სარეპეტიციო ოთახად გადააკეთეს საბალეტო დასისთვის, არქიტექტორი ჟან-ლუპ რობერის პროექტით. 1994 წელს დაიწყო თეატრის საფუძვლიანი რესტავრაცია, რომლის დროსაც განახლდა სცენის მექანიკური და ელექტრომოწყობილობა, ასევე აღდგა საწყისი დეკორაციები, გამაგრდა შენობის საფუძველი და საყრენები. რეკონსტრუქცია 2006 წელს დასრულდა.

გავლენა[რედაქტირება]

ვარშავის ფილარმონია (1901)

ამ შენობის სტილი შთაგონების წყარო გახდა მრავალი არქიტექტორისთვის მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში.

პოლონეთი:
პოლონეთში გარნიეს სასახლის იერზე აგებულ იქნა:
  • იულიუშ სლოვაცკის თეატრი კრაკოვში (1893);
  • ვარშავის ფილარმონიული დარბაზის ფასადი, ვარშავა (1900-01).
უკრაინა:
გარნიეს სასახლის გავლენა თვალსაჩინოა:

ფოტოგალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
Acropolis of Athens 01361.JPG არქიტექტურის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები არქიტექტურასა და ურბანიზმზე.