ტრაგედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაგედია (ბერძნ. tragodia < tragos - თხა და ode - სიმღერა; რელიგიური სატირული სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა თხის მსხვერპლად შეწირვის დროს დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე წელიწადში 4-ჯერ) დრამატული ჟანრი, გამსჭვალული ტრაგიკულის პათოსით. კომედიის საპირისპირო. ტრაგედიაში ნაჩვენებია ტრაგიკული კოლიზია, ამაღლებული ტრაგიკული ხასიათები, შეურიგებელი ბრძოლა და დადებითი გმირის კატასტროფული მარცხი.

განვითარება[რედაქტირება]

ტრაგედია აღმოცენდა ანტიკურ საბერძნეთში სარიტუალო სახიობიდან, რომელიც დაკავშირებული იყო მწუხარე ამბებსა და განცდებთან. გუნდი მღეროდა დითირამბებს და ინსცენირებული იყო დიონისეს სიკვდილი და გლოვა-დატირება. ანტიკურ ტრაგედიას ემჩნევა რელიგიურ-სატირული თქმულების ნიშანი: ის ეძღვნებოდა მითებს ღმერთებისა და გმირების საბედისწერო შერკინების შესახებ და ამავე დროს იწვევდა ერთიან განცდას, ელდას, ძლიერ ფიზიოლოგიურ შეგრძნებებსაც კი.

არისტოტელე მიუთითებდა, რომ ტრაგედია მაყურებელში იწვევდა უძლიერეს შინაგან კონფლიქტს, აფექტებს, რომლებისგანაც თავისუფლდებოდნენ კათარზისის გზით.

ტრაგედიაში მითოლოგიური პათოსი გვიან ანტიკურ ხანაში იკარგება ადამიანის ინდივიდუალურ ჩამოყალიბებას, პიროვნებასა და საზოგადოებას შორის კონფლიქტების გაჩენის შედეგად. შუა საუკუნეებში ტრაგიკული შემოიფარგლა ადამიანის ცოდვებისა და რელიგიური ასკეზისის აუცილებლობით. რენესანსის ეპოქაში ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად აღორძინებულია ტრაგედიაც და იგი ისევ აიგება მიბაძვის, ტრაგიკულისა და კათარზისის პრინციპების საფუძველზე.

ტრაგედია მწვერვალს აღწევს უილიამ შექსპირის შემოქმედებაში.

კლასიციზმის ესთეტიკამ გამოყო დრამატული ხელოვნების ჟანრების - ტრაგედიისა და კომედიის ზუსტი საზღვრები და დააწესა ე.წ. სამი ერთიანობის კანონი. განმანათლებლობის ეპოქაში ტრაგედიის დანიშნულებად თვლიან განწმენდას თანაგრძნობისა და შიშის მეშვეობით.

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ტრაგედიის ახალი დიალექტიკური გაგება-განმტკიცება მოცემულია გერმანულ ესთეტიკაში. ტრაგედია და ტრაგიკული პრობლემები საფუძვლიანად დაამუშავა ჰეგელმა, რომლის ერთ-ერთ უდიდეს მიგნებად ტრაგიკულის სუბსტანციურ სფეროსთან დაკავშირება ითვლება. შოპენჰაუერმა პესიმიზმის პოზიციებიდან ტრაგედია მიიჩნია, როგორც ბრმა და უაზრო ბედისწერის თამაში, რომელიც სიცოცხლის სურვილსაც კი სპობს.

რომანტიზმის ეპოქიდან მოყოლებული ტრაგედიის სუბსტანციურ შინაარსად წარმოჩენილია ინდივიდის სულიერი სამყარო.