ოდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოდა (ჟანრი).

ოდასახლის ტიპი, რომელიც გავრცელებულია მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთსა და დასავლეთ საქართველოში. ოდამ შეცვალა ამ რეგიონებში არსებული ძველი საცხოვრებელი და სამეურნეო კომპლექსი. სამცხე-თრიალეთსა და ქართლში დამოწმებულია ე. წ. ახვრის (ახორის) ანუ ბოსლის ოდა, თაკაბიანი ოდა. ოდა ეს არის ბოსელთან ერთად მოწყობილი საზამთრო საცხოვრებელი (სასტუმრო) თავისი ტახტებითა და ტორსოს კედელში ჩატანებული ბუხრით. გადახურვა კიბურ-კამაროვანია, შედგება ორმხრივ პარალელურად დაწყობილი კოჭებისაგან, რომლებიც ცენტრალურ-გვირგვინულისაგან განსხვავებით, შიგნით გადანაცვლების გზით ქმნიან კამარას. თაკარებიანი ოდა ახვრის ოდის არქიტექტურული სახესხვაობაა. გადახურვის კოჭები დაყრდნობილია კედლისპირა სვეტებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბოძზე, რომლებიც შესასვლელის ორსავე მხარეს, საცხოვრებელი სათავსის შუა ხაზზე დგას. თაკარებიან ოდაში კოჭები ერთმანეთზე პარალელურად, საფეხურებად არის დაწყობილი („დათაკრული“) . ჯავახეთსა და თრიალეთში ოდა მთავარი საცხოვრებელი სათავსი (სასტუმრო) იყო, ხოლო მესხეთში ამ დანიშნულებით („საუფროსოდ“) დარბაზს იყენებდნენ. ინტერიერის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული გადაწყვეტის ძირითადი აქცენტი ბუხრიან კედელზე მოდის, რომელიც ზევიდან ნათდება უხილავი სარკმლით. ოდის სტრუქტურა ძველი ქართული, მიწურბანიანი საცხოვრებლის (დარბაზის) განვითარების შემდგომ საფეხურზეა ჩამოყალიბებული და დამუშავებულია ლაზი ოსტატების მიერ. აქ კერა ბუხრითაა შეცვლილი, მაგრამ სათავსი მაინც ინარჩუნებს ძველ საცხოვრებლის მრავალ ნიშანს.

ოდის განსხვავებული ტიპია გავრცელებული დასავლეთ საქართველოში: კვადრატული გეგმით აგებული, 3-6-ოთახიანი, ფანჯრებიანი ფიცრული სახლი, რომელსაც ხის აივანი და ჭერ-იატაკი აქვს. ოდას ჰქონდა ოთხფერდიანი სახურავი. გადასახურავად იყენებდნენ ყავარს და კრამიტს, იდგა ქვის ან ხის ბოძებზე. არსებობს ქვითკირის სართულზე (პალატებზე) გამართული ოდა, ე. წ. „პალატებიანი“ ოდა საცხოვრებლის ეს ტიპი გავრცელდა XIX საუკუნის II ნახევრიდან და შეცვალა შუაცეცხლიანი, მიწურიატაკიანი საჯალაბო სახლი („მუშა სახლი“, „დარბაზი“, „კათხა სახლი“, „სამზადისი“), რომელიც ახალ კომპლექსში სამზარეულო-საკუჭნაოდ გადაიქცა. ოდა სახლს საბოლოოდ ჩამოშორდა ბოსელი. ოდესღაც ერთიანი საცხოვრებელი ფართობი მოძრავი ტიხარების საშუალებით ცალკე ოთახებად დანაწევრდა; ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ გადაწყვეტაში უმთავრესი მნიშვნელობა შეიძინა აივანმა, რომლის განვითარებაში 3 საფეხური შეიმჩნევა: ადრეული ტიპისათვის დამახასიათებელია კვადრატული კვეთის უხვად მოჩუქურთმებული სვეტები კუთხეებში გამოყვანილი ნაშვერებით და გარსშემოყოლებული მერხებით. მომდევნო ხანებში გაჩნდა მრგვალი, ჩარხზე დამუშავებული სვეტები, თაღოვანი კარ-ფანჯრები, გაქრა მერხები და ამაღლდა რიკულებიანი მოაჯირი. განვითარების ბოლო საფეხურზე ბოძები შემსუბუქდა და 4 (8)-კუთხოვანი ფორმა დაუბრუნდა; ფიცრული აივანი აჟურულია, იმკობა სვეტების ზედა ნაწილი, ჩნდება ფიცრული აჟურული თარედი ან ფრიზი. საცხოვრებელის ეს ტიპი დღესაც ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სუმბაძე ლ., ცინცაძე ვ., იმერეთის საბინაო ხუროთმოძღვრება, „ქართული ხელოვნება“, 1948, ტ. 2;
  • სუმბაძე ლ., სამცხე-თრიალეთის თაკარებიანი ოდა, „მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია“, 1976, № 4;
  • ჩიტაია გ., გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში, „მიმომხილველი“, 1926, ტ. 1;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 498, თბ., 1984 წელი.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოდა&oldid=2378063“-დან