ილია ჭავჭავაძის გამზირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია ჭავჭავაძის გამზირი

ილია ჭავჭავაძის გამზირი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ვაკის რაიონი
უბანი ვაკე
წინა სახელები უნივერსიტეტის ქუჩა, ნიკო მარის ქუჩა
ატარებს სახელს ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძის გამზირი — ერთ-ერთი მთავარი გამზირი თბილისში, რომელსაც სახელი ქართველი მწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის საპატივმცემლოდ ეწოდა. გამზირი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვაკის რაიონში და წარმოადგენს პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის მოედნამდე. გრძელდებოდა წყნეთის გზატკეცილამდე. 2005 წელს მონაკვეთს ილია ჭავჭავაძის მოედნიდან წყნეთის გზატკეცილამდე ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის გამზირი ეწოდა. ადრე აქ გადიოდა „წყნეთის გზა“ (1867-იდან — წყნეთის ქუჩა), XX საუკუნის 20-იან წლებში დაერქვა უნივერსიტეტის ქუჩა. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია ვაკის ახალი ქუჩების სიაში,ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. 1935-დან 1957 წლამდე ქუჩა ენათმეცნიერი ნიკო მარის სახელს ატარებდა. 50-იან წლებში ისევ უნივერსიტეტის ქუჩა დაერქვა, 1957 წელს ილია ჭავავაძის სახელი ეწოდა პოეტის დაბადებიდან 120-ე და გარდაცვალებიდან 50-ე წელთან დაკავშირებით.

ვაკის ეს მთავარი მაგისტრალი იწყება ვარაზისხევიდან და მიემართება მდინარე ვერის პარალელურად. სიგრძე დაახლოებით 2,5 კმ-ია, სიგანე — 40 . განაშენიება დაიწყო XX საუკუნის 30-იანი წლებიდან. აშენდა საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები. საცხოვრებლები სახლების უმეტესობა აშენებულია სსრკ-გერმანიის ომის (1941–1945) წინა პერიოდში (არქიტექტორები: ნ. სევეროვი, ი. მეგელი, გ. ხიმშიაშვილი, ნ. ლეონტიევი, ა. კოჩინაშვილი, გ. ჯანდიერი).

ვარაზისხევისა და გამზირის გადაკვეთაზე დგას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი (ყოფილი სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია. 1900–1906; არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი), მის გვერდით უნივერსიტეტის II (ფიზიკა-მათემატიკა) კორპუსია (1940, არქიტექტორი მიხეილ შავიშვილი).

ილია ჭავჭავაძის გამზირზეა აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი (1937; არქიტექტორები: ნ. ზურაბიანი, პ. უშენინი), უნივერსიტეტის VIII კორპუსი (ყოფილი ზოოლოგიური ინსტიტუტი. 1956; არქიტექტორი ს. რევიშვილი); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყოფილი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი; 1935; არქიტექტორი ვ . ქორქაშვილი), დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კლინიკა (ყოფილი სასულიერო სემინარია. 1905; ფსევდორუსული სტილი, არქიტექტორი ა. როგოისკი), აუდიოლოგიის და სმენის პროთეზირების სამეცნიერო ცენტრი, წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტი, თურქეთისა და ჩეხეთის საელჩოთა შენობები, საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენპროექტის“ 15-სართულიანი შენობა, ახალი საცხოვრებელი სახლები. გამოდის ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო ქალაქი „მზიური“ (1981-1982; არქიტექტორები: გია აბულაძე, ლევან კილაძე, ირაკლი მასხარაშვილი, ბ. ჩიგოგიძე).

გამზირის პანორამას თავისი გაშლილი ხედით ასრულებს ვაკის პარკის კასკადი „დიდების მემორიალით“ (მოქანდაკე გიორგი ოჩიაური. არქიტექტორები: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ოთარ ლითანიშვილი, კ. ნახუცრიშვილი). აქედან გადის კუს ტბასთან დამაკავშირებული საბაგირო გზა. მოედნიდან იწყება ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი მაგისტრალი (მიხეილ თამარაშვილის ქუჩა).

გამზირზე დგას:

  • წმინდა სამების ეკლესია;
  • დავით გურამიშვილის ძეგლი (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. არქიტექტორი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი)
  • გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი (მოქანდაკე ჰუნა მიქატაძე, არქიტექტორები. ა. ჯიბლაძე, მ. გოგიშვილი)
  • ნიკო მუსხელიშვილის ძეგლი (მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი. არქიტექტორი გ. ჯაფარიძე)
  • ნოდარ დუმბაძის ბიუსტი (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, არქიტექტორი ირაკლი მასხარაშვილი)
  • ილია ჭავჭავაძის ბიუსტი (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, არქიტექტორები შოთა ყავლაშვილი, გ. ჯაფარიძე)
  • არქიტექტურულ-სკულპტურული კომპოზიცია „მზიურის კარიბჭე“ (მოქანდაკე გ. ჯაფარიძე. არქიტექტორები გია აბულაძე, ირაკლი მასხარაშვილი, ბ. ჩიგოგიძე)
  • „გიორგობა-დედაშვილობა“ (მოქანდაკე გ. ჯაფარიძე)

ილია ჭავჭავაძის გამზირსა და კორნელი კეკელიძის ქუჩის კუთხეში, მისისვე სახელობის სკვერში, 2007 წელს დაიდგა ტარას შევჩენკოს ძეგლი (მოქანდაკეები ვ. და ო. ჩეპელიკები. არქიტექტორი ვ. სკულსკი). გამზირის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში, დგას წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია, აღმართულია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკი (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი. არქიტექტორი ა. ჯიბლაძე).

1957 წელს თსუ-ს შესასვლელთან დაიდგა ილია ჭავჭვაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ბიუსტები. ეზო-სავანეში დაკრძალულია უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი, თსუ-ის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი, აქვეა გამოჩენილი მეცნიერების გიორგი ახვლედიანის, ივანე ბერიტაშვილის, ფილიპე გოგიჩაიშვილის, კორნელი კეკელიძის, შალვა ნუცუბიძის, ანდრია რაზმაძის, დიმიტრი უზნაძის, აკაკი შანიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, გრიგოლ წერეთლის საფლავები ბიუსტებით. გამზირს აქვს I და II ჩიხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]