გრიგოლ წერეთელი
გრიგოლ წერეთელი (დ. 12/25 მარტი, 1870, პეტერბურგი, — გ. 1938, თბილისი) იყო ქართველი მეცნიერი, პაპიროლოგიის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ქართული კლასიკური ფილოლოგიური სკოლის დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საპატიო პროფესორი.
გრიგოლ წერეთელი დაიბადა 1870 წელს რუსეთის იმპერიაში, სანკტ-პეტერბურგში. მამამისი, თავადი ფილიმონ წერეთელი განთქმული იურისტი და ქველმოქმედი იყო.
1893 წელს გრიგოლ წერეთელმა დაამთავრა სანკტ–პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1893–1897 წლებში იგი ასწავლიდა სანკტ–პეტერბურგის არქეოლოგიურ ინსტიტუტში, 1897–1902 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის (გერმანია) დოცენტი, 1902–1905 წლებში სანკტ–პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტი. 1905 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი კლასიკურ ფილოლოგიაში.
1905–1914 წლებში წერეთელი ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) პროფესორი და კათედრის გამგეა. 1914 წ. მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
1914–1920 წლებში სანკტ–პეტერბურგის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და ხელმძღვანელი. 1917 წ. წერეთელს ირჩევენ პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსული მეცნიერების აკადემია) წევრ–კორესპონდენტად.
1918–1920 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
1920–1937 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე და პროფესორი. 1923–1931 წ. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი.
იგი არჩეული იყო გერმანიის პაპიროლოგთა საზოგადოებისა (1918 წ.) და ბერლინის არქეოლოგიის ინსტიტუტის (1927 წ.) საპატიო წევრად. გრიგოლ წერეთელი გახლდათ პაპიროლოგიის, კლასიკური ფილოლოგიისა და ძველბერძნული ლიტერატურის ჟანრში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
გრიგოლ წერეთელი 1938 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წ. იგი დააპატიმრეს და გპუ–ს ციხეში ჩასვეს, სადაც გარდაიცვალა 1938 წ.
იგი დასაფლავებულია თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 306, თბ., 1987 წელი.