ვერე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვერე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვერე

მდინარე ვერე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ქვემო ქართლის მხარე, თბილისი
ქალაქები თბილისი
მარჯვენა შენაკადები ბეთანიისწყალი
მარცხენა შენაკადები ლასტისციხისხევი
ვენახევისხევი
სათავე თრიალეთის ქედი
41°43′22″ ჩ. გ. 44°26′42″ ა. გ. / 41.722917° ჩ. გ. 44.445167° ა. გ. / 41.722917; 44.445167
სათავის მდებარეობა დიდგორი
სათავის სიმაღლე 1672 მ
შესართავი მტკვარი
41°42′41″ ჩ. გ. 44°47′21″ ა. გ. / 41.711556° ჩ. გ. 44.789333° ა. გ. / 41.711556; 44.789333
შესართავის მდებარეობა თბილისი
შესართავის სიმაღლე 390 მ
სიგრძე 42,5 კმ
აუზის ფართობი 190 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 0,97 მ³/წმ
ვერე — საქართველო
ვერე
ვერე
ვერე — ქვემო ქართლი
ვერე
ვერე
— სათავე, — შესართავი
ვერე ვიკისაწყობში

ვერე (სკვირეთი, სკორეთი) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებასთან, დიდგორის მთის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1672 მ სიმაღლეზე. მდინარე მტკვარს ერთვის ქალაქ თბილისის ფარგლებში მარჯვნიდან თამარ მეფის ხიდის 0,5 კმ-ის ქვემოთ, ზღვის დონიდან 390 მ სიმაღლეზე. ვერეს სათავედ ითვლება სამი პატარა მდინარის — მოხვეულის, ნაოსარისა და ზემოვიკის შეერთების ადგილი. აღნიშნული მდინარეებიდან უდიდესი — ნაოსარისწყალი სათავეს იღებს ზღვის დონიდან 1672 მ სიმაღლეზე, რომელიც მიჩნეულია მის სათავედ.

მდინარე ვერეს სიგრძეა 42,5 კმ, აუზის ფართობი 190 კმ². საერთო ვარდნა 1289 მ, საშუალო დახრილობა 33,7 ‰. საშუალო სიმაღლე 1060 მ. მთავარი შენაკადია კვესეთისწყალი (სიგრძე 10 კმ), რომლის გარდა, აუზში აღრიცხულია 41 შენაკადი, რომელთაგან თითოეულის სიგრძე 10 კმ-ზე ნაკლებია. მათი საერთო სიგრძეა 168 კმ, მდინარეთა ქსელის სიხშირე 0,72 კმ/კმ². ვერეს აუზი განლაგებულია თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი ნაწილის სამხრეთ კალთაზე და უკავია ქედის საშუალომთიანეთი და მთისწინეთი. აუზის ფორმა სიმეტრიულია, მისი მაქსიმალური სიგანეა 9,2 კმ, საშუალო სიგანე 7,0 კმ, მაქსიმალური სიგრძე 30,3 კმ. აუზის რელიეფი მთიანია, სიმაღლე სათავეებთან 1400–1890 მ, ხოლო შესართავთან 400–500 მ. ძლიერაა დანაწევრებული მრავალრიცხოვანი შენაკადების ხეობებით, აგრეთვე ხრამებითა და ხევებით.

საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი 0,97 მ³/წმ. მთავარი შენაკადებია — მარცხენა: ლასტისციხისხევი და ვენახებისხევი, მარჯვენა — ბეთანიისწყალი. შუა დინებასა და ქვემოთში იყენებენ სარწყავად. ვახუშტი ბატონიშვილი სკვირეთადაც მოიხსენიებდა. ვერეს ხეობაში მდებარეობს ბეთანიის მონასტერი, თბილისის ზოოპარკი, ბავშვთა ქალაქი „მზიური“.[1]

2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, თბილისში 19 ადამიანი გარდაიცვალა, განადგურდა თბილისის ზოოლოგიური პარკი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ვაკის დასახლებაში, ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე. წყალმა მთლიანად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა გამოიწვია. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბაგრატიონი ამბობს:

ხოლო კოჟორის ჩრდილო კერძ არს სკვრეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე; გამოსდის დიდგორის მთას, მოდის აღმოსავლით, ერთვის მტკუარს დასავლიდამ, ტფილისის ჩრდილოთ კერძ. შესართავსა ზედა არს ლურჯი მონასტერი.

პირველად სკვირეთს ლეონტი მროველთან ვხვდებით, როცა იგი მოგვითხრობს ქართლის სამეფოს ადრეულ ისტორიაზე. ქართველთა ეთნარქს ქართლოსს ხუთი ვაჟი ჰყავდა და თითოეულს თავისი საგამგებლო ქვეყანა – მხარე მისცა. მეხუთე ვაჟს გაჩიოს წილად ხვდა

ორბის ციხე და სკვირეთი მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა.

შემდეგ მემატიანე ფარნავაზ მეფესთან დაკავშირებით მეფის მიერ მხარეთმპყრობელთათვის საგამგებლო ტერიტორიების ჩამოთვლისას გადმოგვცემს, რომ

მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად და მისცა სკვრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირ და აბოცი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კიკილაშვილი თ., ლოლუა ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 248.
  2. 13 ივნისის წყალდიდობა: ქრონიკა და შედეგები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვერე&oldid=4618294“-დან