განდეგილი (პოემა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „განდეგილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ განდეგილი (მრავალმნიშვნელოვანი).

„განდეგილი“ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი[1] პოემა. გამოქვეყნდა 1883 წლის 6 თებერვალს.[2] ნაწარმოები განეკუთვნება რეალისტურ ჟანრს.[1]

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკაკი ბაქრაძის თქმით, ილიას არც ერთ თხზულებას თანამედროვენი ისე უარყოფითად არ შეხვედრიან, როგორც „განდეგილს“. თითქმის ერთსულოვნად პოემა სუსტ ნაწარმოებად მიიჩნიეს.[3][4][5]

ესტატე ბოსლეველი წერდა:

ამ პოემიდან სჩანს, რომ ჩვენმა ერთმა უკეთესმა პოეტთაგანმა თითქოს მიანება თავი ცხოვრებითის კითხვების გამოხატვას პოეზიაში, თითქოს თვითონ ცხოვრებასაც შესწყრა და მის ავსა და კარგს გვერდი აუქცია!..

მას ეთანხმებოდა დავით კეზელიც, რომელიც ფიქრობდა, რომ „განდეგილი“ „ყველაზე სუსტია, რაც კი ილია ჭავჭავაძის კალმიდან გამოსულა“.

კიტა აბაშიძის გადმოცემით, ქუთაისის საზოგადოებაც ძალიან აღშფოთებული იყო „განდეგილით“.[3]

სწორედ კიტა აბაშიძე დაუპირისპირდა შემუშავებულ უარყოფით აზრს. მან „განდეგილი“ მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად მიიჩნია. მისი აზრით, პოემა „დამამთავრებელი და დამაგვირგვინებელია რეალური მიმართულების განვითარებისა“.

ამ აზრს იზიარებდა გრიგოლ ყიფშიძეც, რომელიც თვლიდა რომ პოემა „განდეგილმა“ „ი. ჭავჭავაძის სახელი, როგორც ღრმად მოაზროვნე მგოსნისა, უფრო განადიდა“.[5]

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოები მონასტრის ადგილმდებარეობის აღწერით იხსნება, სადაც ამქვეყნიურ ცოდვებსა და მშფოთვარებას განრიდებული შუახნის ბერი დამკვიდრებულა. განდეგილმა ყველა ბოროტი ზრახვა მოიშორა და სულის ხსნაზე ზრუნვა დაიწყო.

ღმერთმა განდეგილს შეწყნარების ნიშანი მოუვლინა: ბერი სარკმლიდან დაშვებულ მზის სხივზე ლოცვების წიგნს აყუდებდა და ყოველდღე ამით ამოწმებდა ღვთის წყალობას.

ერთხელ, საშინელი ავდრისას სენაკში მყოფ ბერს ადამიანის ხმა შემოესმა. ავდრისგან გზააბნეული მწყემსი ქალი აღმოჩნდა, რომლის მშვენიერება მასპინძელმა მაშინვე იგრძნო. ქალმა მწირს თავისი თავგადასავალი უამბო. როგორც გაირკვა, ის მთის კალთებზე მამის ცხვარს აძოვებდა. ბალახმა ცხვარი ზევით ამოიტყუა, ვერც მწყემსმა ქალმა გაუძლო ბუნების სილამაზეს და ფარას გაჰყვა. უცებ ამინდი შეიცვალა, ცა ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა და წვიმამ ცხვარი გააფრთხო. გზააბნეული ქალი კი შემთხვევით მონასტერს მიადგა, რომლის შესახებაც მამისგან ადრეც სმენოდა.

თავისი თავგადასავლის მოყოლის შემდეგ ქალმა განდეგილს მისი ამბები გამოკითხა. როგორც გაირკვა, ბერი ყველა ახლობელს გამოთხოვებია და სული ღვთისათვის შეუწირავს. ქალს უკვირს, ღმერთს კაცის ყინულებში ყოფნა რად უნდაო? მონასტერში განმარტოებით ცხოვრებას მან სიკვდილი უწოდა. ბერმა უთხრა, რომ ყოველი მიწიერი სიკეთე, რაც ქვეყნად არსებობს, სულის ბორკილია.

−მაშ ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით,
ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?

−იკითხა ქალმა.

ბერი პასუხობს, რომ ხსნის მრავალგვარი გზა არსებობს, ხოლო მას, უბედურს, ბედისგან ასეთი გზა ერგო. სიტყვამ „უბედური“ თვითონ ბერი შეაშფოთა: როგორ შეიძლებოდა სულის მშვიდობა უბედურებად მიეჩნია.

ბერმა ქალს შეხედა. მას ჩასძინებოდა. მძინარე მწყემსის მშვენიერების ხილვამ განდეგილს სულიერი ღელვა დაავიწყა და ტკბილი ძრწოლა იგრძნო. მას გაუკვირდა, ქალს მიუახლოვდა და მისკენ საკოცნელად გადაიხარა. უცებ შინაგანმა ხმამ წარწყმედის საშინელება აგრძნობინა, შემოესმა ეშმაკისეული ხარხარი, რომელიც ღვთისმშობლის ხატის წინაშე დამხობილმაც ვერ მოიშორა. ამ ხმას ვეღარ გაუძლო და გიჟივით გარეთ გავარდა, რადგან ღვთისმშობლის ნაცვლად ცოდვილი ქალი ელანდებოდა.

თენდებოდა. გაფითრებული ბერი კლდე-ღრეში დაძრწოდა. როდესაც მზე ამოვიდა, გახარებული, სენაკში შევარდა, ხატს შეხედა და კვლავ ღვთისმშობელი დაინახა. აცრემლებულმა ღმერთს მადლობა შესწირა. ლოცვების წიგნი სხივს დააყრდნო, მაგრამ შუქმა წიგნი არ დაიჭირა. განდეგილს თვალები დაუბნელდა, რეტი დაესხა და სული განუტევა.[6]

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„განდეგილი“ ეპიკური პოემაა. იგი ოცდარვა თავისგან შედგება, რომელთაგანაც თითოეული აღწერის ან მოქმედების კონკრეტულ ეტაპს მოიცავს. თავები მცირე ზომისაა.

პირველი თავი მონასტრის მდებარეობას, მეორე კი მის ისტორიას ეხება. მესამე-მეექვსე თავები ეთმობა განდეგილი ბერის გაცნობას, მეშვიდე-მერვე თავებში კი აღწერილია ბუნების მშვენიერება და ამინდის შეცვლა, მეცხრე-მეთერთმეტე თავებში კი მოქმედებაში შემოდის ქალი. მეთორმეტე-მეჩვიდმეტე თავები ქალის „პრეზენტაციაა“. მეთვრამეტე-მეოცე თავებში განდეგილისა და მწყემსი ქალის სიუჟეტური ნაკადები ერთიანდება. გამამთლიანებელი ფაქტორი მათ შორის გამართული დიალოგია. ოცდამეერთე და ოცდამეორე თავები განდეგილის მონოლოგია, ოცდამესამე-ოცდამეოთხე კი მისი ცდუნების აღწერა. ოცდამეხუთე-ოცდამეექვსე თავები მწირის შინაგან ბრძოლას ეხება, რაც ოცდამეშვიდე თავში, ფიზიკური მოძრაობის ფაზაში გადადის. ბოლო, ოცდამერვე თავში აღწერილია განდეგილის დაღუპვა და მონასტრის ქცევა ნადირის თავშესაფრად. ეს სურათი ნაწარმოების ფინალია.[7]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქრესტომათიული კრიტიკა XIX საუკუნე, II, „წყაროსთვალი“, თბ., 2004 , ISBN 99940-760-7-8
  • ქართველი მწერლები სკოლებში ილია ჭავჭავაძე, I ნაწილი, „საქართველოს მაცნე“, თბ., 2007, ISBN 978-99940-66-69-8
  • ქართული კრიტიკის სასკოლო ქრესტომათია, I, თბ., 2008, ISBN 978-9941-0-0500-8
  • წოწონავა. თ, ლიტერატურული ნაწარმოებები სკოლაში X, საავტორო გამომცემლობა, თბ., 2009, ISBN 978-99940-830-2-2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • განდეგილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართული კრიტიკის სასკოლო ქრესტომათია (2008), გვ. 118
  2. ილია ჭავჭავაძე თხზულებანი, თბ., „ნაკადული“, 1985, გვ. 163
  3. 3.0 3.1 ქართული კრიტიკა XIX საუკუნე (2004), გვ. 160
  4. ქართული კრიტიკის სასკოლო ქრესტომათია (2008), გვ.173
  5. 5.0 5.1 ქართველი მწერლები სკოლებში ილია ჭავჭავაძე (2007), გვ. 251
  6. წოწონავა. თ (2009), გვ. 309-311
  7. წოწონავა. თ (2009), გვ. 311-314