დეკორატიული მცენარეები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეკორატიული მცენარეები (ლათ. decoro - ვრთავ, ვალამაზებ), კულტურული და ველური მცენარეების მრავალრიცხოვანი ჯგუფი; აერთიანებს სხვადასხვა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენლებს. დეკორატიული მცენარეებს იყენებენ ქალაქებისა და სხვა დასახლებული ადგუილების გასამწვანებლად, ბაღების, პარკებისა და სკვერების გასაფორმებლად, საწარმოო დანიშნულების შენობებისა და საცხოვრებელი სახლების გასალამაზებლად. მათ აქვთ დაცვითი, სანიტარულ-ჰიგიენური და სხვა მნიშვნელობაც. დეკორატიული მცენარეები გამოირჩევა ლამაზი ფორმით, ფოთლების, ყვავილების, ნაყოფის ფერისა და ფორმის ნაირსახეობით, მერქნით და სხვა. ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით იყოფა რამდენიმე ჯგუფად: ხეები და ბუჩქები, მრავალწლოვანი, ორწლოვანი, ერთწლოვანი, ბალახოვანი, მარცვლოვანი, ბოლქვოვანი და სხვა მცენარეები.

დეკორატიული ხეები და ბუჩქები[რედაქტირება]

დეკორატიული ხეები და ბუჩქებია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები, რომლებსაც იყენებენ მწვანე მშენებლობის სხვადასხვა ობიექტებზე: კულტურუსა და დასვენების პარკებში, ბაღბში, სკვერებში, ხეივნებში, ბულვარებში, აგრეთვე ქუჩების გასამწვანებლად. დეკორატიულ ხეებს სხვადასხვა ფორმის ვარჯი აქვთ. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა გაშლილვარჯიანი (ჭადარი, მუხა), ქოლგისებრვარჯიანი (იტალიური ფიჭვი, ალბიცია), პირამიდულვარჯიანი (პირამიდული კვიპაროსი, სოჭი, ნაძვი) ხეები, ე. წ. მტირალა მცენარეები (ბაბილონის ტირიფი, მტირალა არყი, მერქნიან მცენარეთა მტირალა ფორმები). მათ იყენებენ სხვადასხვა ტიპის ნარგაობებისათვის. ალპინარიუმებისა და კლდოვანი გორაკების (კლდის ბაღბი) მოსაწყობად. იყენებენ დაბალმზარდ, გართხმულ და ჯუჯა ხეებსა და ბუჩქებს (როზმარინი, ურთხელი, ღვია, მთის ფიჭვი). დეკორატიულ პარტერებში კარგია გამოკვეთილი არქიტექტურული ფორმის ვარჯიანი მცენარეები (მჩხვლეტავი ნაძვი, ენგელმანის ნაძვი, ბერძნული სოჭი, სვეტისებრი ფორმის ურთხელი). ხშირად სილამაზისთვის მცენარეებს კრეჭენ და სხვადასხვა გეომეტრიულ ფორმას აძლევენ. ასეთ მერქნიან მცენარეებს განეკუთვნება კვიდო, ჭარჭყატა, ტუია, ბზა, ურთხელი. ვერტიკალური გამწვანებისათვის — შენობათა კედლების, ტალავრებისა და ტრელაჟების გასალამაზებლად უმთავრესად იყენებენ ხვიარა მერქნიან მცენარეებს (ვაზი, სურო, კატაბარდა, ხვიარა ვარდი და სხვა).

მრავალწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები[რედაქტირება]

მრავალწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები ცოცხლობენ ორ სავეგეტაციო პერიოდზე მეტ ხანს. ერთწლოვანებისაგან განსხვავებით ისინი ზრდა-განვითარებას დაყვავილების შემდეგაც განაგრძობენ. მრავალწლოვანი დეკორატიული მცენარეებია: ლამაზად მოყვავილეები — გამოირჩევიან უხვი, ლამაზი ფერისა და ფორმის ყვავილებით და სხვა (ყაყაჩო, ზამბახი, მრავალწლოვანი ასტრა, ფურისულა); ორნამენტულფოთლოვნები — მრავალგვარი, სხვადასხვაფერად შეფერილი ფოთოლი (რევანდი, სატაცური, გვიმრა); ლამაზნაყოფიანები — გამოირჩევიან ნაყოფის ფორმითა და შეფერვით (ძაღლყურძენა და სხვა). მრავალწლოვან დეკორატიულ მცენარეებს იყენებენ ყვავილნარების მოსაწყობად ბაღებსა და პარკებში.

ორწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები[რედაქტირება]

ორწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები ითესება გაზაფხულ-ზაფხულში და ყვავილობს მომდევნო წელს. მათ განეკუთვნება აგრეთვე ზოგიერთი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, რომელსაც იყენებენ როგორც ორწლოვანებს. ტიპობრივ ორწლოვანებს განეკუთვნება მაჩიტა, ცისანა, მიხაკი და სხვა. მრავალწლოვანებიდან ფართოდაა გავრცელებული იაჟუჟუნა, ოსმალური მიხაკი, ზიზილა.

მოზაფხულე ანუ ერთწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები[რედაქტირება]

მოზაფხულე ანუ ერთწლოვანი დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები გამოირჩევა ლამაზი ფორმით, ყვავილების ფერით და განსაკუთრებით ყვავილობის ხანგრXლივობით. მოზაფხულე მცენარეები მრავალფეროვანია: ასტრა, ხავერდა, ქრიზანთემა, დედოფლის ყვავილი, გაილარდია და სხვა. ბევრი მათგანი კარგად ხარობს ოთახშიც.

მარცვლოვან დეკორატიული მცენარეები[რედაქტირება]

მარცვლოვან დეკორატიულ მცენარეებს იყენებენ ჯგუფურ და ერთეულ ნარგაობად, ბორდიურებად, თაიგულებად და სხვა. ჯგუფურ და ერთეულ ნარგაობად ეფექტურია მაღალმზარდი მცენარეები (ლერწამი, ველური შაქრის ლერწამი და სხვა); ბორდიურებისა და ჯგუფების შესაქმნელად — დაბალმზარდი მცენარეები (ჩიტიფეტვა, წივანა, მაღალი კოინდარი); გაზონებისათვის — თივაქასრა, წივანა, სხვადასხვა სახის კოინდარი და სხვა.

ბოლქვოვან დეკორატიული მცენარეები[რედაქტირება]

ბოლქვფოვან დეკორატიულ მცენარეებს იყენებენ გაზაფხულზე ყვავილოვანი გაფორმებისა და სამრეწველო მეყვავილეობისათვის. დეკორატიულ მებაღეობაში გავრცელებულია თეთრყვავილა, ცისთვალა, ტიტა, ნარგიზი, შროშანა, სუმბული და სხვა. საქართველოში ბოლქვოვანი მცენარეები კარგად იტანენ ზამთარს ღია გრუნტში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გიორგბერიძე ჯ., ქსე, ტ. 3, გვ. 448-449, თბ., 1978