სურო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სურო
Hedera helix
ხეზე მოდებული ჩვეულებრივი სურო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  არალიისებრნი
გვარი:  სურო
ლათინური სახელი
Hedera L. (1753)

სურო (ლათ. Hedera) — მცენარეთა გვარი სუროსებრთა (არალიისებრთა) ოჯახისა. მხოხავი ბუჩქებია, მოსაკიდი ფესვებით ხეებზე, კლდეებზე, ხისა და ქვის კედლებზეა აყოლილი. აქვთ მარადმწვანე ტყავისებრი პრიალა ფოთლები, მარტივ ქოლგა ყვავილედად შეკრებილი მწვანე ყვავილები, მომრგვალო, შავი კენკრა ნაყოფი. ყვავილობას შემოდგომაზე იწყებს და იანვარ-თებერვლამდე აგრძელებს. ნაყოფმსხმოიარობს ზამთარში. დაჩრდილული ადგილებისა და ტყეების მცენარეებია.

გვარში 15 სახეობაა, საქართველოში იზრდება 3: კოლხური სურო (ლათ. Hedera colchica) უმთავრესად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, აღმოსავლეთში მხოლოდ ქართლში გვხვდება, საქართველოს ფარგლებს გარეთ — ჭანეთში და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მიწაზე გაფრთხმული ყლორტების ფოთლები სქელია, ფართო კვერცხისებრი, ხოლო ძირში გულისებრი, სანაყოფე ყლორტებისა — რომბისებრი. იზრდება კოლხურ და წიწვოვან ტყეებში.

ჩვეულებრივ სუროს (ლათ. Hedera helix) აქვს დანაკვთული სამკუთხაკვერცხისებრი ფოთლები, რომლის ზემო მხარეზე თეთრი ძარღვებია. გავრცელებულია მთელ საქართველოში. აგრეთვე კავკასიის, შუა ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, მცირე აზიისა და ირანის ტყეებში.

პასტუხოვის სუროს (ლათ. Hedera pastuchovii) მიწაზე გართხმული ყლორტების ფოთლები მომრგვალოკვერცხისებრია, მთლიანი ან დანაკვთული, მხოხავი ყლორტებისა — მოგრძოკვერცხისებრი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში გავრცელებულია ქართლსა (საგურამოს ქედი) და კახეთში, გვხვდება აგრეთვე აზერბაიჯანში და ირანში კასპიისპირეთში. სამივე სახეობა კარგი თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სურო&oldid=4194568“-დან