ვიკიპედიიდან
მაჩიტა (Campanula), მცენარეთა გვარი მაჩიტასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- ან ერთწლოვანი ბალახებია. 300-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში, ნაწილობრივ არქტიკაში, უმთავრესად კი ევრაზიის დასავლეთ ნაწილის მთებში. ყოფილ სსრკ-ში 150-ზე მეტი სახეობაა. კავკასია 8-ს სახეობრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი კერაა, 110-მდე სახეობიდან 76 ენდემურია. საქართველოში იზრდება 67 სახეობა, მათგან 24 საქართველოს ენდემია. სახეობათა დიდი ნაწილი რელიქტურია. მნიშვნელოვანი რელიქტური ენდემებია. საოცარი მაჩიტა (Campanula mirabilis), პარადოქსული მაჩიტა (Campanula paradoxa), ენგურის მაჩიტა (Campanula engurensis), კახური მაჩიტა (Campanula kachetica), ხარაძის მაჩიტა (Campanula charadzeae) და სხვა სახეობები. მაჩიტა კავკასიასა და საქართველოში იზრდება ალპურ ხალებსა და მდელოებზე, სუბალპურ მაღალბალახეულობაში, ბუჩქნარებსა და ტყეებში, მცირე რაოდენობით — მთის შუა სარტყლის კლდეებსა და ქვიან ფერდობებზე, თითო-ოროლა სახეობა ბარშიც იშვიათი არაა. მაჩიტას ბევრი სახეობა დეკორატიულია, ხშირად იყენებენ ალპინარიუმებისათვის, ზოგი ხალხურ მედიცინაში იხმარება, რამდენიმე კი სარეველაა.
- სახოკია მ., ქსე, ტ. 6, გვ. 510, თბ., 1983