ზიზილა
ვიკიპედიიდან
ზიზილა (Bellis), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვთ ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ნიჩბისებრი ან უკუკვერცხისებრი ფოთლები და ერთკალათიანი საყვავილე ღერძი; კალათში განაპირა ყვავილები ენისებრია, მხოლოდ ბუტკოიანი და თეთრი, ვარდისფერი ან იშვიათად წითელი, შიგნითა — მილისებრი, ორსქესიანი და ყვითელი. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად — დაყოფით. 10 (15) სახეობა ველურად გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება მხოლოდ ერთი სახეობა — Bellis perennis, რომლის ბუთხუზაყვავილებიან ფორმებს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ კლუმბებისა და ბორდიურების გასაფორმებლად.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 4, გვ. 520, თბ., 1979

