ბენდელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე“

„ბენდელა“, ყდა, 2003
ავტორი მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი ჯუმბერ თითმერია
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა აფხაზეთის ომი
ჟანრი ბიოგრაფიული რომანი
გამომცემელი საარი
გამოცემის თარიღი 2003
გვერდი 296
oclc 55067899
წინამორბედი ფრენა უკასროდ, 2001
მომდევნო ვაჟა-ფშაველა, 2011
ISBN 9992839694

ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზემიხო მოსულიშვილის ბიოგრაფიული რომანი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, ფეხბურთელ ზაზა ბენდელიანის[1] ცხოვრებაზე.

ეპიგრაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანს ეპიგრაფად უძღვის ნობელის პრემიის ლაურეატის, სალვატორე კვაზიმოდოს ლექსი, თარგმნილი ტარიელ ჭანტურიას მიერ:

ვიკიციტატა
„არც მძიმე ჯვარი,

არც გოლგოთის ჩაქუჩი მძიმე

და არც ბავშვობის უნაზესი მოგონენაბი

არ კმარა ომის დასათრგუნად და მოსასპობად.

ჯარისკაცები ტირიან ღამით,

სიკვდილილის წინ

და ამაყები, ძლიერები და ამტანები

კვლავ ეცემიან მშობლიური სიტყვების ფერხთით,

ყრმობის მინდვრებზე და ყანებში რომ უსწავლიათ.

ჯარისკაცები - მომლოდინე მიჯნურთ მიჯნურნი

და მდუღარ ცრემლთა უსახელო ნიაღვარები[2]

.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე“ არის დოკუმენტური რომანი ვახტაგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერზე, დიდებულ ფეხბურთელზე, ზაზა ჯუმბერის ძე ბენდელიანზე, რომლის შესახებ ოჯახის წევრების, ნათესავ-მეგობრების, მასწავლებლების, მწვრთნელების, ფეხბურთელების მონათხრობი ჩაიწერა, ამასთან უკვე გაყვითლებული გაზეთებიდან თუ ძველი წიგნებიდან სათანადო ცნობები შეკრიბა და ეს ყველაფერი ერთ დარდიან, მაგრამ მაინც მხნეობით აღსავსე წიგნად წარმოგვიდგინა მიხო მოსულიშვილმა.

წიგნში შესული წერილების, ნარკვევების, მოგონებების, ეტიუდების ავტორები არიან: სპორტის დამსახურებული ოსტატი გაიოზ ჯეჯელავა, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჯანო ბაგრატიონი, აწ განსვენებული დიდი ფეხბურთელები: მიხეილ მესხი, დავით ყიფიანი, კახი ასათიანი; გამოჩენილი ფეხბურთელები: ალექსანდრე ჩივაძე, გივი ნოდია, ოთარ გაბელია, რევაზ ძოძუაშვილი, გიორგი სიჭინავა, ბორის სიჭინავა; დიდი მომღერალი, თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ სოტკილავა; ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში გელა კეტაშვილი; საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე; მწერლები: კონსტანტინე გამსახურდია, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯემალ ქირია, ჯუმბერ თითმერია, თემურ აბულაშვილი, ზაურ კალანდია, გურამ ოდიშარია; სახელგანთქმული მთამსვლელი გია თორთლაძე, რომელიც ბენდელასთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში; გამოჩენილი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, რომელმაც შეჰქმნა დიდებული ორატორია, "ბენდელა"; თავდაცვის მინისტრი, გენერალი დავით თევზაძე; გენერლები: გიორგი ყარყარაშვილი, კობა კობალაძე, თამაზ მენაბდე და სხვა მრავალი.

მთელ წიგნს თავიდან ბოლომდე გასდევს „ბენდელას“ მამის, ჯუმბერ ბენდელიანის ჟრუანტელის მომგვრელი მოგონებები, ფიქრები, მონოლოგები საკუთარ თავთან, თავის მეუღლესთან, შვილებთან, და, რასაკვირველია, ჩვენთან - მკითხველთან.

ჰიმნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნის ავტორმა მინიფეხბურთის ყოველწლიური, ტრადიციული ტურნირისათვის „ბენდელას თასი“ დაწერა ჰიმნი, რომელიც ეძღვნება აფხაზეთის ომის გმირს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანს, ოთხგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონს ფეხბურთში, ზაზა ბენდელიანს.

ვიკიციტატა
„დაგვიზამთრდა კიდევ ერთხელ

და ზეიმი შედგება...

გამარჯვებულს თასს მიართმევს

ჩვენი გმირი — ბენდელა!

დაიწყება ვარსკვლავთ ცვენა,

ფინტები და შეტევა...

ჩვენთან ერთად ითამაშებს

ჩვენი გმირი — ბენდელა!


(მისამღერი):

ბენდელა, ბენდელა, —

ამ ზეიმზე გვესწრება.

ბენდელა, ბენდელა, —

თავდადება გრძელდება.

ბენდელა, ბენდელა! —

მზის სხივებად ვრცელდება —

სიცოცხლის მშვენებად

ჩვენთან არის ბენდელა!

ბენდელა, ბენდელა!..

ჩვენთან არის ბენდელა!..


გავსებულა ტრიბუნები

და ყიჟინი ედება.

იქიდანაც გაგვამხნევებს

ჩვენი გმირი - ბენდელა!

ვერ დავმალავთ მწუხარებას,

გულში სევდა გვერევა...

მაგრამ მაინც გვიბრუნდება

ჩვენი გმირი - ბენდელა!

(მისამღერი)...[3]

.

ამ ლექსის მიხედვით კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა დაწერა სიმღერა „ბენდელა“[4], რომელიც პირველად შეასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „უნივერსიტეტმა“ რობერტ გოგოლაშვილის ხელმძღვანელობით. ამ ჰიმნის[5] პრემიერა პრემიერა შედგა 2001 წლის 18 დეკემბერს, 22.00 საათზე, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, გადაცემაში „ჩვენი ფეხბურთი“ (წამყვანი არმაზ მეტრეველი). ეს ჰიმნი შედის ვაჟა აზარაშვილის სი-დი ალბომში[6].

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერალმა და კრიტიკოსმა ჯუმბერ თითმერიამ ასე შეაფასა წიგნი:

ვიკიციტატა
„ეს არ არის მხოლოდ ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციების, მოგონებების, დოკუმენტების, ესკიზების, ჩანახატების, დიალოგების, ინტერვიუების კრებული; მთლიანობაში, არსებითად, ეს არის ერთი ავტორის, ნამდვილი მწერლის დიდად მნიშვნელოვანი ნაწარმოები. მთელი ეს წიგნი მონოლითური, მონუმენტური ქმნილებაა. მწერალმა შესძლო „რეჟისორულ-ოპერატორული“ ხელოვნებით წარმოეჩინა ჩვენი საოცრად ღირსეული ახალგაზრდა თანამემამულის მგზნებარე, მამაცი, უკომპრომისო, რაინდული სულის პროცესი.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნს თანდაბარი ინტერესით წაიკითხავს ყველა თაობის მკითხველი, მარტო ქართველ მკითხველს კი არა, აფხაზ მკითხველსაც ვგულისხმობ, - დღევანდელს თუ არა, ხვალინდელ აფხაზებს. ისინიც დარწმუნდებიან, რომ არც ბენდელა იბრძოდა აფხაზი ხალხის წინააღმდეგ და არც ამ წიგნის ავტორია აფხაზი ხალხის პირისაგან მიწისა აღგვის სულისკვეთებით გამსჭვალული.

მიხო მოსულიშვილმა შეჰქმნა ძალიან კომპაქტური, ემოციური წიგნი, რომელიც ჩვენ, უფროსებმა, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ და, რაც მთავარია, დღევანდელმა და მომავლის გოგო-ბიჭებმა უსათუოდ უნდა წაიკითხონ.“

.

რომანის გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2003 წ. — გამომცემლობა „საარი“[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზაზა ბენდელიანი
  2. ბენდელა, გამომცელობა „საარი“, 2003, გვერდი 7
  3. ბენდელა, გამომცელობა „საარი“, 2003, გვერდები 229 — 231
  4. ვაჟა აზარაშვილი [აუდიოჩანაწერი]: CD 3, თბილისი, „სანო სტუდია“, 2004 წელი
  5. ჰიმნი „ბენდელა“
  6. ვაჟა აზარაშვილის სი-დი ალბომი
  7. Mixo Mosulišvili (2003), Bendela, Tʻbilisi: Gamomcʻemloba Saari, ISBN 9992839694, OCLC 55067899, 9992839694, http://openlibrary.org/books/OL3381913M/Bendela

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]