ობობა (პიესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ობობა
ავტორი მიხო მოსულიშვილი
პერსონაჟები გიგი, მაია, ნიკო, ალექსი, ნინო, მტირალა ბიძია, კახა, აჩიკო, ზაზა, თაზო, თაზოს ცოლი, დევი
პრემიერა 1990
პრემიერის ადგილი რადიო FM 102.4. რადიო თეატრი
ენა ქართული
თემა ნარკომანია
ჟანრი დრამა
მოქმედების ადგილი ოთხმოციანი წლების დასასრულის თბილისი

ობობა — დრამა ერთ მოქმედებად, დაწერილი 1990 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესის მოქმედება წარმოებს 1990 წლის თბილისში. ამ ნაწარმოებში გამოყენებულია თხრობის არალინეარული ხერხი და ცნობიერების ნაკადის ტექნიკა, რასაც პირველად სემუელ ბეკეტმა მიმართა თავის 1959 წელს დაწერილ რადიოპიესაში „ნაკვერჩხლები“ (Embers[1]) და შემდგომი პერიოდის დრამატულ ნაწარმოებებში.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიგი — შუახნის კაცი
  • მაია — გიგის ცოლი
  • ნიკო — გიგის პაპა, მასწავლებელი
  • ალექსი — ფოტოგრაფი, ნიკოს ნაცნობი
  • ნინო — გიგის დედა
  • მტირალა ბიძია — ნინოს კლიენტი
  • კახა — გიგის მეგობარი
  • აჩიკო — კახას ამფსონი
  • ზაზა — აჩიკოს ამფსონი
  • თაზო — აჩიკოს ამფსონი
  • თაზოს ცოლი
  • დევი — ნიკოს მეგობარი

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნარკოტიკებზე დამოკიდებული შუახნის გიგის ჩაესმის ყვავების ჩხავილი და ნაბიჯების ხმა. მას ჰგონია, რომ გიგანტური ობობა მისდევს და გარბის ხოლმე, რათა როგორც ბუზი, ისე არ დაიჭერს ობობამ და არ მოკლას...

გიგი სიკვდილის წინ იხსენებს ცალკეულ სცენებს, საიდანაც ვიგებთ, რომ გიგის მამამ მიატოვა და გაჭირვების გამო მსუბუქი ყოფაქცევის ქალად გადაიქცა დედამისი ნინო. ეს გაიგო გიგის პაპამ, ნიკომ, მტკიცებულების მოსაპოვებლად მორიგ კლიენტთან ერთად ფოტოსურათები გადაუღო ნინოს, საქმე აღძრა სასამართლოში და თავის რძალს დედობის უფლება ჩამოართვა. ამის შემდეგ ნინო გაგიჟდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.

გიგის ზრდის პაპამისი, რომელსაც ეშინია თავისი ყოფილი მეგობრის დევისი: დიდი ხნის წინათ ნიკოს ცოლმა (ანამ) უღალატა დევისთან და როცა ნიკომ ის სახლიდან გააგდო, ქალი ფეხშიშველა მიდიოდა თოვლში ცოდვის მოსანანიებლად და გაიყინა. ნიკო ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დევი რუსეთში გადაიხვეწა, მაინც იცის ანას სიკვდილის შესახებ, ამიტომ მოვა და პასუხს აგებინებს...

პაპის სიკვდილის შემდეგ მარტო მყოფ გიგისთან მოდის აზარტული მოთამაშე და ნარკომანი კახა და ეუბნება, რომ დევი ციხეში მოკლეს. მერე ორივენი ერთად მიიღებენ ნარკოტიკს და იწყებენ ნარკომანების ცხოვრებას; როცა საჭირო დოზა არა აქვთ და ეგრეთ წოდებული „ლომკა“ (აბსტინენტური სინდრომი) ეწყებათ, გიგის ოჯახიდან გასაყიდად მიაქვთ ძვირფასი ნახატები, ანტიკვარული ნივთები, რათა ნარკოტიკი იყიდონ და სული მოითქვან...

გიგის გამოეცხადება გარდაცვლილი ცოლი მაია და შეახსენებს, რომ ნარკოტიკი აღარ უნდა მიეღო. მართალია, ამას დაპირდა გიგი, მაგრამ დანაპირები ვერ შეასრულა... გიგის ხვეწნის მიუხედავად, რომ არ წავიდეს და მარტო არ დატოვოს, მაიაც გაქრება...

გიგის ისევ ესმის ჩხავილი და ობობაც მოსდევს. ის გადაწყვეტს, აღარ გაიქცეს და ადგილზე დაელოდოს ადევნებულ კოშმარულ მოჩვენებას... გიგი პაპამისის სიკვდილის ამბავს იხსენებს, ისევ პატარაა და სკოლიდან დაბრუნებული ხედავს, რომ მათთან სტუმრად არის მოსული დევი, პაპამისთან ერთად უზის მაგიდას და ორივენი სვამენ. მერე გიგის კონიაკის ამოსატანად აგზავნიან და უკან დაბრუნებული გიგი ხედავს, რომ ნიკო და დევი ჩხუბობენ. ამ დროს დევი რევოლვერს ესვრის ნიკოს და მოკლავს... (დევი რომ ციხეში მოკლეს, ეს უკვე ვიცით წინა სცენებიდან).

სიკვდილის წინ გიგი საკუთარ თავს გამოუტყდება, რომ, თურმე, პაპამისი ნიკო კი არა სძულდა, როგორც აქამდე ეგონა, არამედ უყვარდა...

დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1990 წელი — რადიო თეატრი[2], საქართველოს რადიო FM 102.4, 76.06 წუთი, რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე, ხმის რეჟისორი რომეო ტერ-გრიგორიანი, მუსიკალური გაფორმება ლალი სეთურიძე, რედაქტორი შოვინა ქაცარავა, მონაწილეობენ: მურმან ჯინორია, გიზო სიხარულიძე, ლამზირა ჩხეიძე, ქეთევან გეგეშიძე, დათო დვალიშვილი, თემურ ნაცვლიშვილი, დავით უფლისაშვილი, კახა გაბელაია, გია ლეჟავა[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სემიუელ ბეკეტის რადიოპიესა „ნაკვერჩხლები“ (ინგლისურად)
  2. რადიო თეატრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 2017-02-21.
  3. გია ლეჟვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2017-02-21.