უჟამო ჟამის რაინდი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უჟამო ჟამის რაინდი“

„უჟამო ჟამის რაინდი“, ყდა, 1999
ავტორი მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი ელზა მეტრეველი
ილუსტრატორი თენგიზ მირზაშვილი
გარეკანის მხატვარი თენგიზ მირზაშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ანდრონიკაშვილთა შვიდი თაობის თავგადსავალი, საქართველოში რუსეთის იმპერიის შემოსვლიდან (1801) აფხაზეთის ომამდე (1993)
ჟანრი რომანი–მენიპეა
გამომცემელი ბესტსელერი
გამოცემის თარიღი 1999
გვერდი 398
oclc 45089311
მომდევნო ფრენა უკასროდ (პიკარესკული რომანი), 2001

უჟამო ჟამის რაინდი — ქართველი მწერლის, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატის, მიხო მოსულიშვილის რომანი–მენიპეა, 1999 წელი.

სათაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ვრცელი რომანი ბოლო ორი საუკუნის საქართველოს სულიერ მდგომარეობას ასახავს და შეუნელებელი ინტერესით იკითხება. ავტორი რომანის პროტაგონისტთან, ვაჩე ანდრონიკაშვილთან ერთად დაეძებს უჟამო ჟამის რაინდს და იგივე მდგომარეობაშია მკითხველიც.

მხოლოდ ნაწარმოების დასასრულს, ფეირვერკული და ფანტასტიკური კარნავალის (სადაც რუსეთის წარმომადგენელი მწერლები: ფიოდორ დოსტოევსკი და ლევ ტოლსტოი ითხოვენ, რომ საქართველომ კოლონიური ჩაგვრისგან გაათავისუფლოს რუსეთი! — აქ კარნავალისთვის ჩვეულებრივ, რეალობის „შებრუნებულ“ ვითარებასთან გვაქვს საქმე) მოხილვის შემდეგღა აღმოაჩენს მკითხველი, რომ იგი თავადვე ყოფილა რომანის უმთავრესი გმირი, ანუ უჟამო ჟამის რაინდი, და ძნელია არ დაეთანხმო ავტორს:

ვიკიციტატა
„ამ ცხოვრებაში ყველას თავისი დრო-ჟამი აქვს მოსახდელი — დიდსაც და მცირესაც, სულიერსაც და უსულოსაც[1]

.

რომანის ჟანრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის ჟანრი თავად ავტორის მიერ განსაზღვრულია, როგორც მენიპეა.

მენიპეა — სერიოზულ-სასაცილო ჟანრის სახეობაა. ეს ტერმინი ლიტერატურის თეორიაში პირველად შემოიტანეს ნორთროპ ფრაიმ და მიხეილ ბახტინმა, როგორც განზოგადება ანტიკური ჟანრისა „მენიპოსის სატირა“.

განსხვავებით მენიპოსის სატირისგან, მენიპეა მოიცავს სხვადასხვა ეპოქების ლიტერატურულ მოვლენებს, — ესაა აღორძინების ხანის ნოველები, შუასაუკუნეების სატირა და ფილოსოფიური მოთხრობები. ბახტინი განსაზღვრავს მენიპეას თოთხმეტ ნიშანს. ანტიკური რომანების მენიპოსის სატირა თავის განვითარებას ჰპოვებს ფრანსუა რაბლეს და ჯონათან სვიფტის რომანებში, ამასთან მენიპეას ელემენტები დაიძებნება მეოცე საუკუნის ლიტერატურაშიც (თომას მანი, ჯეიმზ ჯოისი, მიხაილ ბულგაკოვი).

მიხეილ ბახტინი წერს:

ვიკიციტატა
„მენიპეისთვის ერთობ დამახასიათებელია ექსცენტრიული საქციელების, შეუსაბამო სიტყვებისა და გამოსვლების სკანდალური სცენები, ანუ საყოველთაოდ მიღებული და ჩვეულებრივი მოვლენათა მსვლელობის ყველანაირი დარღვევა, ქცევისა და ეტიკეტის დადგენილი, მათ შორის, სამეტყველო ნორმებიდან გადახვევა. ეს სკანდალები თავიანთი მხატვრული სტრუქტურით მკვერად გამოირჩევა ეპიკური მოვლენებისა და ტრაგიკული კატასტროფებისაგან. ისინი არსებითად განსხვავდებიან აგრეთვე კომედიური შეხლა-შემოხლისაგან და გამოაშკარავებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ მენიპეაში ჩნდება სკანდალურისა და ექსცენტრიკულის ახალი მხატვრული კატეგორია, რაც სრულიად უცხოა კლასიკური ეპოსისათვის და დრამატული ჟანრებისათვის[2]

.

„უჟამო ჟამის რაინდი“ სწორედ ექსცენტრიულისა და სკანდალური მოვლენების შერწყმით შექმნილი რომანია, რომელსაც მენიპეას ერთი უმთავრესი ნიშანთაგანი, — კარნავალი აბოლოებს, სადაც ცოცხლებიც მონაწილეობენ და მკვდრებიც.

რომანის დრო–სივრცული ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალ-ლეიტენანტი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი

რომანის დრო–სივრცული ფონი მოიცავს XIX-XX საუკუნეების საქართველოს სწრაფვას რუსეთის იმპერიისგან თავდასაღწევად და ზოგად კონტურებში ასე გამოიყურება:

რუსეთის იპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს (1762-1801 წწ.) გაუქმებისა და რუსეთის იმპერიასთან მიერთების შესახებ გამოიცა 1801 წლის 12 სექტემბერს, მაგრამ პირველად გამოქვეყნდა 1802 წლის 12 აპრილს რუსის ჯარით ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში შეკრებილი ქართველი თავად-აზნაურობის თანდასწრებით.

პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში მომხდარი რევოლუციების სერიის შედეგად, 1918 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა.

1921 წელს დაიწყო საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო ინტერვენცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რაც ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაგდებითა და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებით დამთავრდა.

1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

1992-1993 წლებში რუსეთმა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გააჩაღა აფხაზეთის ომი, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა და დასრულდა აფხაზეთის სრული ოკუპაციით.

თხრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის, თავად კონსტანტინე ნიკოლაევიჩის გრენადერთა პოლკის პოდპრაპორშჩიკის, თავად არჩილ ივანეს ძე ანდრონიკაშვილის გმირობა ბაშ-კადიკ-ლართან ბრძოლაში 1853 წლის 19 ნოემბერს (ივან პეტრეს ძე ტრუტნევის (1827—1912) ნახატიდან; რუსული სამხატვრო ფურცელი, # 13, 1854 წელი[3])

ავტორისეული თხრობა, მეტწილად, აპრობირებულ ისტორიულ ცნობებსა და წყაროებს ემყარება, მატიანეთა ჩვენებებს მიჰყვება. ამიტომ არის, რომ რომანის კითხვისას წუთითაც არ გვტოვებს დოკუმენტური დამაჯერებლობის განცდა. არათუ ისტორიული და გამოგონილი პერსონაჟები, სამარის ლოდებიც ამეტყველებულან და მკითხველს უცოცხლებს ნაომარი წარსულის თვალსასეირო სურათებსა თუ სცენებს.

რომანი პარალელური თხრობის კინემატოგრაფიული პრინციპით არის აგებული: ერთი მხრივ, გადმოცემულია 1983 წელს მომხდარი ფარული ორგანიზაცია „გიორგის“ წევრების დევნა და მათი განადგურება უშიშროების სამსახურის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენს თვალწინ ცოცხლდება პაპუა ანდრონიკაშვილის შვიდი წინაპრის ცხოვრების დრამატული თუ ტრაგიკომიკური ეპიზოდები, რითაც დავინახავთ, თუ რა დაემართა ერთ–ერთ დიდგვაროვნულ ქართულ ოჯახს რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლის შემდეგ (1801 წელი).

ლოკალური თუ საქვეყნო მასშტაბის ღირსსახსოვარი ამბები მხატვრული სიტყვის ნიუანსების შეგრძნებასა და შესაძლებლობაში კარგად გაწაფული და დახელოვნებული მწერლის მიერ არის ასახული. ამის მაგალითად ივარგებს ნაწარმოების ის ეპიზოდი, სადაც მამა ზირაქისთვის, გიჟასთვის და დათიასთვის ხმლით თავების მოკვეთის შემზარავი ამბავია მოთხრობილი. გულქვა და ქვებუდანი რწმუნებული ლევან ჭიჭინაძე სეირის ყურებით ტკბება: ბიძა-ძმისშვილების თავებს ფერდობზე დააგორებინებს ხელქვეითებს, ვისი თავი გაასწრებსო... საქმე ისაა, რომ მსგავსი რისხვა მართლა დატრიალებულა კახეთის სინამდვილეში, სახელდობრ, თვით ავტორის წინაპრების თავზე და მოგვიანებით — მთაში, თუშეთში: ჯერაც ცოცხალია რამდენიმე კაცი, ვისაც ახსოვს 1943 წლის 18 მარტი, ის ტრაგიკული დღე, როცა ტყის ნადირივით ჩახოცეს სამანელები, ადამ ბობღიაშვილს და ფანცალა იმედიძეს თავები მოჰკვეთეს და მთის დამრეცი ფერდობით ხეობაში დააგორებინეს — ვნახოთ, რომელი ვაცი აჯობებსო (წვერმოშვებულები ვაცებს შეადარეს)...

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულიერ შეჭირვებაში ჩავარდნილი აფხაზეთის ომის გმირი, პაპუა ანდრონიკაშვილი თავის მოკვლას გადაწყვეტს, რაშიც მისგანვე წარმოსახული უცნაური სტუმარი, არქიმანდრიტი იოსტოს ანდრონიკაშვილი შეუშლის ხელს, — მღვდელ-მონაზონი თავის შორეულ შთამომვალს „იდუმალებათა სკივრს“, თავისსავე დაწერილ წიგნს მოუტანს და გადასცემს წინაპართა დანაბარებს, რომ „უჟამო ჟამის რაინდის“ პოვნამდე გადადოს თვითმკვლელობა.

ამ მომენტიდან რომანის სივრცე ორ განზომილებაში მოექცევა: ერთი მხრივ, შემდგომი მოვლენები შეიძლება ჩაითვალოს ობიექტური რეალობის ასახვადაც და, მეორე მხრივ, პაპუა ანდრონიკაშვილის სულში მომხდარ ძვრებადაც, რაკი მის გარდა რომანში ცოცხალი აღარავინ არის, — რომანის პროტაგონისტს აწ გარდაცვლილი თავისი წინაპრები და მათი თანამედროვე სხვა პერსონაჟები ევლინებიან.

რომანის სიუჟეტურ ქარგაში ორგანულად არის ჩასმული და ჩაწერილი არქიმანდრიტ იოსტორსის შექმნილი „იდუმალებათა სკივრი”. მასში სხვადასხვა ენაზე, „შიშიონების“, იგივე ანდრონიკაშვილების საგვარეულო ქრონიკებია გადმოცემული. ამ წიგნის თანახმად, „შიშიონთა” თვალზურმუხტოვანი მოდგმა „სამარადისო არსებობისათვისაა ხელდებული უფლის მიერ”. იქვე წერია: „სკვითთა ბატონობის ხანას, იგივე ჟამიანობას შიშიონთა შვიდი თაობის კაცნი განასრულებენ, რომელთაგან პირველი მალხაზი იქნება. იქიდან ყოველი კენტი ჭეშმარიტების გზას დაადგება. ყოველი ლუწი გადაუხვევს და ოდეს წინაპარნი გაახსენდება და გამოეცხადებიან, მოდგმის წყევლა წამოეწევა და უღმერთოდ მოკვდება და აღესრულება, გარდაცვალებისა გარეშე. მეშვიდე მხედარი იმ დრაკონს შეებრძოლება, სკვითნი რომ შეუპყრია, მიიცვლება და გამარჯვებული წარმოდგება ზეციურ ქალაქში...“

ანდრონიკაშვილთა საგვარეულო გერბი

ფარული ორგანიზაცია „გიორგი“ და ამ ორგანიზაციის წევრები — პაპუას მამა ვაჩე ანდრონიკაშვილი, გელა ჯორჯიკია, დაჩი ოჩიაური, ესიკო ისარლიშვილი, კახა და ჯონდო იამანიძეები — 1983 წელს მიზნად ისახავენ „მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის გზით“ რუსეთის მართვა-გამგეობისგან სამშობლოს განთავისუფლებას. მათი კონსპირაციული საქმიანობა — ჟურნალ „ამირანის“ გამოცემა, პროკლამაციების გასავრცელებლად მზადება და საიდუმლო შეკრებები — მსხვერპლზე დაგეშილი და უნდობლობაზე დაფუძნებული უშიშროების (კგბ) ფხიზელ თვალს არ გამოპარვია. მართლმორწმუნე რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის ერთგულ მოხელეებს პირადი კეთილდღეობა და სამსახურებრივი კარიერა ბევრად მეტი უღირთ, ვიდრე ღირსებაშელახული ქვეყნის ეროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ამიტომაც დარაჯობენ და კვალდაკვალ მიჰყვებიან სულფონ მომავალზე მეოცნებე ახალგაზრდობის ყოველ ნაბიჯს; მალულად უთვალთვალებენ, სდევნიან, მათ აყვანას გეგმავენ და წინდაწინ ტკბებიან თავიანთი ჟანდარმული მოღვაწეობის მომვალი შედეგებით...

მიტოვებული ეკლესიის სახურავზე გაღწეული და სნაიპერებისაგან დაცხრილული ვაჩეს სიკვდილისწინა ხილვა-ჩვენებაში ერთსულ იქნება შთამომავლობა დიდი და სწორუპოვარი მალხაზ ანდრონიკაშვილისა, ისტორიის კუთვნილებად ქცეული ლეგენდარული პიროვნებისა, ღართის კარის, ყარააღაჯისა და მათხოჯის ბრძოლების უებრო გმირისა, სანიშნო ორიენტირად რომ მოჩანს ათწლეულთა და ასწლეულთა ბურუსოვან შორეთში...

რომანს გამოკვეთილ ლაიტმოტივად გასდევს რუსეთის იმპერიის როლის საკითხი რიცხოვნებით მცირე ერების ცხოვრებაში. თავისუფლების გზების მაძიებელი ხალხების წინააღმდეგ ფარულად თუ აშკარად მებრძოლი რუსული იმპერია, ზნეობასთან მწყრალად მყოფი და საწყაულაღუვსებელი, არანაირ ხერხს არ ერიდება, ოღონდაც თავის მტაცებლური ჟინი დაიცხროს და დაიკმაყოფილოს.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაპუა ანდრონიკაშვილიაფხაზეთის ომის გმირი, რომანის პროტაგონისტი.
  • იოსტოს ანდრონიკაშვილი — არქიმანდრიტი, მღვდელ-მონაზონი, რომელმაც დაწერა წიგნი „იდუმალებათა სკივრი“
  • მალხაზ (მელქისედეკ) ანდრონიკაშვილი — (1773—1822)
  • ივანე ანდრონიკაშვილი — (1798 — 1868); რუსთა სამსახურის გამო „წყეული ღენერალი“ შეარქვა დედამისმა, მაია ბატონიშვილმა, იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის დამ.
  • არჩილ ანდრონიკაშვილი — (1833 — 1863) შტაბს-როტმისტრი
  • სოლომონ ანდრონიკაშვილი — ცრუ–სოლომონი
  • სუსლიკა (სოლომონ) ანდრონიკაშვილი — როტმისტრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი.
  • ანეტა ანდრონიკაშვილი — (1892 — 1916); მედდა გემ–ჰოსპიტალ „პორტუგალზე“; 1916 წლის 30 მარტს (ძველი სტილით 17 მარტს) „პორტუგალს“ ბუქსირით მოყავდა რამდენიმე ბრტყელძირიანი ნავი, რათა სანაპიროდან დაჭრილები აეყვანა ხომალდზე. ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა, რადგან ერთი პატარა ნავი იძირებოდა და მისი შეკეთება გახდა აუცილებელი. იმ დროისთვის „პორტუგალზე“ არ იყვნენ დაჭრილები, მაგრამ იყო წითელი ჯვრის ექიმებისა და მედდების შტატი, და, ჩვეულებრივ, გემის მომსახურე პერსონალი. ხომალდის ეკიპაჟი ხედავდა, რომ პერისკოპი მიუახლოვდა გემს, მაგრამ რაკი „პორტუგალი“ მცურავი ჰოსპიტალი იყო და დაცული იყო ჰააგის კონვენციის თანახმად, არავითარი თავდაცვითი ზომები არ მუღიათ. გერმანულმა წყალქვეშა ნავმა SM U-33 გაუფრთხილებლად გაუშვა ტორპედო, რომელიც ხომალდს აცდა. წყალქვეშა ნავი კაპიტან-ლეიტენანტ კონრად განსერის მეთაურობით, ისე დაბრუნდა, კვლავ გაუშვა ტორპედო 30 ფუნტის მანძილიდან, რომელიც სამანქანო განყოფილების მახლობლად მოხვდა ხომალდს და ორ ნაწილად გახლიჩა[4]. ანეტა ანდრონიკაშვილმა სხვას დაუთმო თავისი მაშველი რგოლი და ასე დაიღუპა.
  • პაატა ანდრონიკაშვილი — შიშის ორდენის კავალერი.
  • ვაჩე ანდრონიკაშვილი — პაპუას მამა, ეროვნულ-გამანთავისუფლებელ ორგანიზაცია "გიორგის" შემქმნელი
  • სულამით აბაშიძე — პაპუას დედა
  • დაჩი ოჩიაური — ვაჩე ანდრონიკაშვილის მეგობარი
  • კახა იამანიძე — ვაჩე ანდრონიკაშვილის მეგობარი
  • გელა ჯორჯიკია — ვაჩე ანდრონიკაშვილის მეგობარი
  • ესიკო ისარლიშვილი — ფარული ორგანიზაცია "გიორგის" დამბეზღებელი
  • მიხეილ შულმანი — სახელმწიფო უშიშროების გენერალი, შვილი „სიკვდილის კომენდანტის“, აბბე შულმანისა[5], ვაჩე ანდრონიკაშვილის მამინაცვალი
  • ნატალია ავალიშვილი — მიხეილ შულმანის მეუღლე, ვაჩე ანდრონიკაშვილის დედა

და სხვები.

ანეტა ანდრონიკაშვილი (1892 — 1916)

რომანის პერსონაჟებისადმი მიძღვნილი ლექსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილმა ქართველმა პოეტმა, ელგუჯა მარღიამ რომანის ორ მთავარ პერსონაჟს, ვაჩე ანდრონიკაშვილსა და მის მამინაცვლს, მიხეილ შულმანს ლექსი მიუძღვნა:

ვიკიციტატა
ვაჩე ანდრონიკაშვილის საუბარი შულმანთან...

მიხო მოსულიშვილის რომანიდან ,,უჟამო ჟამის რაინდი’’

ვერ მომისყიდი, ვიყო გამცემი

და კარგად იცი, ისკარიოტელ,

თავისუფლების ჯვარსაც მაცვამენ,

რომ საუკუნოდ სისხლი მდიოდეს.

რომ ჩემი სისხლით ჩემი არჩანდა

უცებ ცასავით ისე განათდეს,

ერთად გამოჩნდეს ყველა ლაჩარი,

ყველა ორგული და მოღალატე...

ცას უერთდება ჩემი ფესვები

და წინაპართა მესმის ძახილი:

არ დაეცემა შიშიონელი,

როგორც მამულის დროშა დახრილი...

ვიცი, სამშობლოც, როგორც რაინდი,

უნდა ვეძებო... უნდა მტკიოდეს...

მომაქვს სიმართლე — უფლის მახვილი

და გეშინოდეს, ისკარიოტელ![6]

.

ჯილდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი პრემია 1998 წლის 28 დეკემბერს თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ „ბესტსელერის“ ლიტერატურულ კონკურსში[7].

რომანის გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999 — გამომცემლობა „ბესტსელერი“[8]
  • 2012 — გამომცემლობა ლითერასი[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიხო მოსულიშვილი. უჟამო ჟამის რაინდი : (რომანი-მენიპეა) / რედ.: ელზა მეტრეველი ; მხატვ.: თენგიზ მირზაშვილი. - თბ : ბესტსელერი, 1999. — გვ. 2.
  2. Бахтин М. Проблемы поэтики Достоевского. — М., 1979. — С. 135.
  3. http://grafika.ru/catalog/s20938/e113220/
  4. Госпиталь Первой мировой
  5. http://www.scribd.com/doc/60422614/შულმანი-სიკვდილის-კომენდანტი
  6. ელგუჯა მარღია. დუმილის სივრცე: [ლექსები / რედ.: ელზა მეტრეველი ; მხატვ.: გოგი წერეთელი]. - თბ., გამომცემლობა „ცოტნე“, 2001
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-13. ციტირების თარიღი: 2011-11-14.
  8. Mixo Mosulišvili (1999), Užamo žamis raindi, Tbilisi, Georgia: Bestseleri, http://openlibrary.org/books/OL24988616M/Užamo_žamis_raindi
  9. უჟამო ჟამის რაინდი