აბრაამი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბრაამი XVII ს. ხატი

აბრაამი, აბრამი ებრაელთა მითური მამამთავარი. ბიბლიური ტრადიცია (მოსეს I წიგნი, XI-XXV თავები) აბრაამის სამშობლოდ მიიჩნევს ურს, საიდანაც იგი ახლობლებს ქ. ხარანში გადაუყვანიათ. აბრაამმა პირველმა აღიარა ერთღმერთობა, რის გამოც წარმართი თანამემამულენი სდევნიდნენ. მან დატოვა სამშობლო და უფლის "აღთქმულ ქვეყანაში" - ქანაანში (პალესტინა) გადასახლდა. იცოცხლა 175 წელი. ბიბლიის მკვლევართა აზრით, აბრაამი მესოპოტამიიდან (დაახლოებით ძვ. წ. XIX ს.) ქანაანში გადასახლებული ებრაული ტომის მითოლოგიის განსახიერებაა, ხოლო მისი ცხოვრების ამბავი - ახალ ქვეყანაში გადასახლებული ტომის ისტორია. ყურანში აბრაამი (იბრაჰიმი) მიჩნეულია ებრაელთა და არაბთა საერთო წინაპრად, მაჰმადის ერთ-ერთი წინამორბედად.



აბრაამი (ებრ. אַבְרָהָם. არაბ. : ابراهيم, ibrahimi). დაახ. 2000 ძვ.წ. ძველი სამყაროს პატრიარქი, მოხსენებული ძველ აღთქმაში და ყურანში. წმინდა მამამთავარი ებრაელებისთვის, ქრისტიანებისთვის და მაჰმადიანებისთვის. თავდაპირველად მისი სახელი იყო აბრამი. აბრაამი იყო ტერას მესამე ვაჟი და ნაჰორის შვილიშვილი. ნოეს შვილის - სემის შთამომავალი.

სექციების სია

[რედაქტირება] წარმოშობა

აბრაამი და მისი ოჯახი წარმოშობით იყვნენ ურიდან, ძველი შუმერული ქალაქიდან (Ur, იგივე ქ. Tell Muqqayyar სამხრეთ ერაყში). შემდგომ აბრაამი გადასახლდა ჰარანში (კარე, Carrhae). შემდგომ, აბრაამი, მისი მეუღლე სარაი, ძმისშვილი ლოტი და ახლობლები გადასახლდნენ ქანაანში (გამ. 12). ღმერთმა აბრაამს აუწყა გადასახლებულიყო ახალ მიწაზე, სადაც ის მიიღებდა კურთხევას და დააფუძნებდა დიად ერს (აბრაამს იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი). აბრაამმა ირწმუნა ღმერთის დაპირება და დაიწყო თავისი მოგზაურობა სამხრეთით, შეხემისკენ. ბეთელის და აის შორის აბრაამმა ააგო საკურთხეველი.

[რედაქტირება] სარაი და ფარაონი

მოგვიანებით, შიმშილისგან თავის დასაღწევად აბრაამი ოჯახთან ერთად გადასახლდა ეგვიპტეში. ოჯახის უსაფრთხოებისთვის აბრაამმა თავისი ულამაზესი ცოლი სარაი ფილისტინების მეფე გერარს და ეგვიპტის ფარაონს გააცნო როგორც და. მიუხედავათ ამისა, ფარაონმა სარაი თავის სამეფო ჰარემში წაიყვანა. ამისთვის ღმერთმა ეგვიპტეს თავს დაატეხა საშინელი უბედურებები. აბრაამი და მისი ოჯახი შემდეგ აიში დაბრუნდნენ. უთანხმოების გამო ლოტი გამოეყო აბრაამს და დასახლდა მდინარე იორდანეს სამხრეთ ნაყოფიერ მიწაზე. აბრაამი კი გადასახლდა მემრეს მუხებთან, ჰებრონში, სადაც ღმერთის კვლავ გამოცხადების და დანაპირების დამოწმების შემდეგ საკურთხეველი ააშენა.

[რედაქტირება] ქედორლაომერი და მელქისედეკი

რამოდენიმე წლის შემდეგ ლოტი ტყვედ აიყვამა ქედორლაომერმა, რომელიც იმ დროს თავის მოკავშირეებთან ერთად სოდომის მეფეს ეომებოდა. აბრაამი და მისი საახლობლო დაედევნა მტერს და დაამარცხა დანთან, იორდანეს წყაროების მახლობლად. აბრაამმა ლოტთან ერთად დაიბრუნა წართმეული მიწები. უკანა გზაზე აბრაამმა გაიარა ქალაქი სალემი (სავარაუდოდ დღევანდელი იერუსალემი) სადაც ქალაქის მეფემ და მღვდელმთავარმა მელქისედეკმა მას საზეიმო დახვედრა მოუწყო და პური და ღვინო მიაგება.

[რედაქტირება] იშმაელის დაბადება

ღმერთი კვლავ გამოეცხადა აბრაამს და დაპირდა, რომ ის დაეუფლებოდა ქანაანის მიწებს და მისი შთამომავლობა იქნებოდა ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი. მაგრამ, რადგან სარაი ვერ ფეხმძიმდებოდა დანაპირების შესრულება შეუძლებელი სჩანდა. სარაიმ, თანახმად ჩვეულებისა აბრაამს ცოლად მისცა თავისი ხელქვეითი ჰაგარი, რომელიც მალე დაფეხმძიმდა. თუმც, სარაი ფეხმძიმე ჰაგარის უხეშად ექცეოდა და აიძულა სახლიდან გაქცეულიყო. ღმერთმა ჰაგარს აღუთქვა, რომ მას მრავალი შთამომავალი ეყოლებოდა. ჰაგარს შეეძინა იშმაელი, რომელიც აბრაამის პირველი შვილი იყო.

[რედაქტირება] აღთქმა

99 წლის ასაკში აბრამს უფალი გამოეცხადა და ახალი სახელი - აბრაამი უწოდა. სარაის კი – სარა. ღმერთმა აბრაამს კვლავ მისცა აღთქმა, რომ მას და სარას ეყოლებოდათ ურიცხვი შთამომავლები. ღმერთმა აბრაამს ასევე აღუთქვა, რომ იშმაელი გახდებოდა დიდი ერის დამაარსებელი. აღთქმა აბრაამა წინადაცვეთით დაამოწმა (დაბ. 17:11-14, ). იმავე დღეს აბრაამმა წინადაცვეთა თავისი შვილი იშმაელი და თავისი სახლის მამაკაცები (წინდაცვეთის წესი დღმედე არსებობს ისრაელში და მუსლიმანურ ქვეყნებში). სარას კი სიცილს გვრიდა აღთქმული შვილის გაჩენის შესაძლებლობა, რადგან უკვე ხანში იყო შესული. მიუხედავათ ამისა, სარას მაინც ეყოლა ვაჟი, რომელსაც დაარქვეს ისააკი, ანუ ”აღთქმის შვილი” (დაბ. 18:1-15, ).

[რედაქტირება] სოდომი და გომორა

სოდომის და გომორას მცხოვრებლების უმძიმესი ცოდვებისთვის ღვთის რისხვა დაატყდა თავს. აბრაამს უფლის სამი ანგელოზი გამოეცხადა, რომელთაც ამცნეს ღვთის განგება. აბრაამმა ანგელოზებს სთხოვა, რომ არ გაენადგურებინათ ქალაქები, თუ 50 მართალ ადამიანს მაინც იპოვნიდნენ. აბრაამმა ამდენი ადამიანი ვერ მოიძია და რიცხვი ათამდე დაიყვანა, თუმც ამაოდ – ქალაქში მხოლოდ 3 წესიერი ადამიანი აღმოჩნდა – ლოტი და მისი ორი ქალიშვილი. ღმერთის ნებით სამივე უვნებლად გავიდნენ ქალაქიდან, ხოლო სოდომი და გომორა სრულიად განადგურდნენ.

[რედაქტირება] სარა და აბიმელექი

სარას დაფეხმძიმების შემდეგ აბრაამმა დატოვა მამრე და წავიდა სამხრეთით ქ. გერარში, სადაც მეფობდა აბიმელექი. სარას წართმევის შიშით აბრაამმა ის აქაც თავის დად გამოაცხადა. აბიმელექმა სარა თავის სასახლეში წაიყვანა და მასზე დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ღმერთმა საიდუმლო გაუმხილა. აბიმელექმა სარა უხვად დაასაჩუქრა და აბრაამთან დააბრუნა.

[რედაქტირება] ბეერშება

ცოტა ხნის შემდეგ აბრაამთან კავშირის დასადებად თვითონ აბიმელექი მივიდა. აბრაამა მას 7 კრავი აჩუქა იმის დასამოწმებლად, რომ ჭა, რომელიც მან გათხარა მისივე საკუთრებაში დარჩენილიყო. შეთანხმების აღსანიშნავად იმ ადგილს უწოდეს ბეერ-შება, ანუ ”ფიცის ჭა”.

[რედაქტირება] ისააკის მსხვერპლთშეწირვა

ისააკის შეწირვა, რემბრანდტი

უფალს უნდოდა გამოეცადა აბრაამის რწმენის ძალა და მას აღთქმული შვილის ისააკის შეწირვა მოსთხოვა მორიას მთაზე. აბრაამს მახვილი ჰქონდა აღმართული ისააკის დასაკლავად, როდესაც მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა (დაბ. 22:11-12). მის სანაცვლოდ აბრაამა ცხვარი დაკლა და შეწირა. უფალმა კი აკურთხა აბრაამი: ”კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა. და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.” (დაბ. 22:16-18).

[რედაქტირება] სარას აღსასრული

სარა 127 წლის ასაკში გარდაიცვალა. აბრაამმა ჰებრონში ხეთ ეფრონისგან გამოქვაბული იყიდა და იქ დაასაფლავა თავისი მეუღლე.

[რედაქტირება] ისააკის და რებეკას ქორწილი

აბრაამს არ უნდოდა, რომ ქანაანელებთან დანათესავებულიყო და ისააკის საცოლეს შესარჩევად მსახური გაგზავნა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლის მსახურს შემთხვევით გზად შეეგება ერთი კეთილშობილი ქალიშვილი, რომელიც აბრაამის ნათესავი აღმოჩნდა. ოჯახთა მოლაპარაკების შემდეგ რებეკა ცოლად გაყოლეს ისააკს (დაბ. 24:67).

[რედაქტირება] აბრაამის უკანასკნელი წლები

ხნიერმა აბრაამმა ცოლად შეირთო კეტურა, რომელთანაც მას რამოდენიმე ვაჟი შეეძინა, რომლებიც, შემდგომში, ისმაელის მსგავსად არაბ ტომთა მამამთავრები გახდნენ. აბრაამი გარდაიცვალა 175 წ. ასაკში. ისააკმა და ისმაილმა აბრაამი ჰებრონის გამქვაბულში, სარას გვერდით დაასაფლავეს.

[რედაქტირება] აბრაამი ახალ აღთქმაში

აბრაამის წიაღი, XVII ს. ხატი

ახალ აღთქმაში აბრაამი, მოსესთან ერთად ყველაზე ხშირად არის მოხსენებული. მათე მახარობელი იესო ქრისტეს მოიხსენებს, როგორც ”დავითის ძეს და აბრაამის ძეს” (მათ.1.1). ქრისტიანული ტრადიცია ქრისტეს დაბადებას მიიჩნევს აბრაამის აღთქმის აღსრულებად. ქრისტე ფარისევლებს ამხელს და ეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ხორციელად ენათესავებიან აბრაამს, ხოლო სულიერად მას უარყოფენ, რადგან არ იცავენ მცნებებს. განრისხებულ ფარისევლებს ქრისტე ეუბნება ”სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ”, რითაც ამტკიცებს თავის მარადიულ არსებობას. მართალი ხალხი, გარდაცვალების შემდეგ აბრაამის წიაღში განისვენებენ (ლუკ.16:22). მებაჟე ზაქესთან სტუმრად მისული ქრისტე ამბობს: ”დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს” (ლუკ.19:9). თავის ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული წერს, რომ აბრაამის მხოლოდ სისხლით ნათესავობა არაა საკმარისი და ვერ დაიხსნის ადამიანებს ღვთის რისხვისგან; მთავარია ღვთის რწმენა: ”არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად” (რომ.9:7-8). წმ. მოციქული იაკობი აბრაამის რწმენაზე მიგვითითებს და მოგვიწოდებს, რომ რწმენა საქმეს გარეშე მკვდარია: ”ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.” (იაკ.2:26). მართლმადიდებლური ეკლესია ძველაღთქმისეულ ფრაზაში ”მამა მრავალთა თესლთა” (დაბ.17:5) აბრაამს მოიაზრებს ყველა ქრისტიანი ერის მამად. ლოცვებში უფალი მოიხსენება, როგორც ”ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა”.

[რედაქტირება] ხსენების დღე

მართლმადიდებლური ეკლესია აბრაამს წელიწადში 2 ჯერ მოიხსენებს: 9 (22) ოქტომბერს და ქრისტეშობის კვირის წინა კვირას - მამამთავართა კვირას.

პირადი ხელსაწყოები