შინაარსზე გადასვლა

ყავისფერი ნიადაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყავისფერი ნიადაგი — ნიადაგის ტიპი. განვითარებულია ზომიერად თბილი (სუბტროპიკულზე გარდამავალი) და ტყე-ველის სუბტროპიკული კლიმატის პირობებში მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი ტყეების, ბუჩქნარების, მათში შერეული ბალახეულობისა და მათ ადგილზე სახნავების ქვეშ, კარბონატებით მდიდარ ქანებზე. დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული პროფილის ფერადი დიფერენციაცია, არაჩამრეცხი წყლის რეჟიმის პირობებში ნიადაგური სისქის ნათლად გამოხატული გათიხების პროცესი. მათი ძირითადი დიაგნოსტიკური მაჩვენებელია მეტამორფული გათიხებული ჰორიზონტის არსებობა და პროფილის გაკარბონატება. ამ ნიადაგების გავრცელების არეალში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 400–650 მმ, დატენიანების კოეფიციენტი 0.5–0.9. ყავისფერი ნიადაგების ძირითადი დიაგნოსტიკური მაჩვენებელია: 0.7–2.0 მ სისქის A–B–C პროფილი, რომელიც შეფერილია მუქი ყავისფერიდან ღია ყავისფრამდე; ზედა ჰორიზონტების მარცვლოვან-კოშტოვანი და კოშტოვან-კაკლოვანი სტრუქტურა; მთელი პროფილის გათიხების მაღალი ხარისხი, განსაკუთრებით შუა ნაწილში; კარგად გამოსახული კარბონატულ-ილუვიური ჰორიზონტი, მეტამორფული ჰორიზონტის შემდეგ ნახშირმჟავა კირის „თეთრი თვლების“, მიცელებისა და ფქვილისებრი დანაგროვების სახით; ბუნებრივი მცენარეულობით დაკავებულ ნიადაგებში 5–8% ჰუმუსის შემცველობა და მისი 2.5–5 %-მდე შემცირება სახნავ ფართობებში; SiO2-ის R2O3-თან შეფარდების ვიწრო მაჩვენებელი (4–5), განსაკუთრებით პროფილის შუა და ქვედა ნაწილში; მთლიანი ქიმიური შედგენილობის მიხედვით, პროფილის სუსტად ან საერთოდ არადიფერენცირება; მაღალი შთანთქმის ტევადობა, რაც ზევიდან ქვევით თანდათანობით კლებულობს; ზედაფენების ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქცია; ქვედა ფენებში ტუტიანობის მატება; C:N-ის მაჩვენებელი 8–14-ის, Cჰმ; Cფმ, მაჩვენებელი — 0.6–1.4-ის ფარგლებში; მაღალ დისპერსიული თიხა-მინერალების შედგენილობაში მონტმორილონიტის ჯგუფის მინერალების სიჭარბე.[1]

ყავისფერი ნიადაგი ფართოდ არის გავრცელებული სამხრეთ ევროპაში, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ავსტრალიაში, აგრეთვე ჩრდილოეთი ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში.

ყავისფერი ნიადაგები პირველად მსოფლიოში საქართველოში აღწერა სერგეი ზახაროვმა მცხეთის მიდამოებში 1904 წელს, მუხნარ-რცხილნარებში მთა დიდგორის ჩრდილოეთ კალთებზე. შემდგომში მანვე ეს ნიადაგები გამოჰყო კახეთში, გომბორის ქედზე, ახალციხის მიდამოებში და სხვა. სერგეი ზახაროვი ნათლად ანსხვავებდა ყავისფერ ნიადაგებს როგორც ეწერი, ისე წაბლა და შავმიწებისაგან, რომლებსაც ფართო გავრცელება აქვთ ყავისფერი ნადაგების ოლქებში. ამას გარდა, ის ადარებდა ამ ნიადაგებს სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის რამანის ყომრალებს. მიუხედავად ამისა, სერგეი ზახაროვი გამოყოფდა მათ ტყის რუხი (თანამედროვე გაგებით ყომრალი) ნიადაგების ქვეტიპად. პირველად ყავისფერი ნიადაგები აღინიშნა ამიერკავკასიის ნიადაგურ რუკაზე, რომელიც შედგენილი იყო 1925 წელს. მნიშვნელოვანი წვლილი ამ ნიადაგების შესწავლაში შეიტანა მიხეილ საბაშვილმა. ინოკენტი გერასიმოვმა თეორიულად დაასაბუთა ამ ნიადაგების ცალკე გენეზისურ ტიპად გამოყოფის საკითხი და მისცა მათ მშრალი სუბტროპიკული ტყეებისა და ბუჩქნარების ყავისფერი ნიადაგების სახელწოდება. საქართველოს ყავისფერი ნიადაგები საკმაოდ დაწვრილებით ქვთ შესწავლილი ირაკლი ანჯაფარიძეს, თენგიზ ურუშაძეს და სხვა მკვლევრებს.[2]

ყავისფერი ნიადაგები საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყავისფერი ნიადაგების საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 4,8% (311 600 ჰა). გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ტყე-სტეპის ზონაში, ძირითადად, ზღვის დონიდან 500(700)–900(1300) მ ფარგლებში. მათი ქვედა საზღვარი ესაზღვრება მდელოს-ყავისფერ, რუხ-ყავისფერ და შავ (ბარის შავმიწები), ხოლო ზედა — ყომრალ ნიადაგებს. ფორმირდება მშრალი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში — თბილი, თითქმის უთოვლო ზამთრით და ცხელი, მშრალი ზაფხულით. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20.0–23.5°C, იანვრის –2.6-დან 0.6°C-მდე. საშუალო წლიური ტემპერატურა 9.3–12.5°C. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა შვიდ თვემდეა. ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 300-დან 800 მმ-მდე. ამის შედეგად ნიადაგის ტენის რეჟიმის ტიპი იმერმაციდულია, ესე იგი აორთქლება აჭარბებს მოსული ნალექების რაოდენობას.[3]

ყავისფერი ნიადაგების წყლოვანი და თბური რეჟიმი განისაზღვრება ხმელთაშუაზღვის ოლქების თავისებური ბიოკლიმატური რიტმით, რომელიც შედგება ცხელი და მშრალი ზაფხულის, მძაფრი გაზაფხულისა და ნაკლებად გამოხატული საშემოდგომო ვეგეტაციის (დაკავშირებულს ნალექების მოსვლასთან) და ხანმოკლე ცივი ზამთრის პერიოდისაგან. წყლოვან-თბური რეჟიმის თავისებურებანი განსაზღვრავენ ნიადაგთწარმოქმნის პროცესის „ორფაზიანობას“. ტენიანი და თბილი გაზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ნიადაგში აქტიურად მიმდინარეობს ბიოლოგიური და ქიმიური პროცესები, ნიადაგური პროფილიდან წყლის დაღმავალი დენით გამოიტუტება ადვილადხსნადი მარილები და კარბონატები. ნიადაგებში მიმდინარეობს ინტენსიური ჰუმუსწარმოქმნა, ინტენსიური გამოფიტვა თიხების და რკინის ჰიდროქსიდების დაგროვებით. ზაფხულში, ქსეროპაუზის პერიოდში, როდესაც ყავისფერი ნიადაგები სუსტად დატენიანებულია, მიმდინარებოს ჰუმუსის კონდენსაცია და პოლიმერიზაცია. ხსნარების საერთო მოძრაობა ხორციელდება ქვემოდან ზევით. ზაფხულის გამოშრობა განსაზღვრავს კაპილარული წყლის და ხსნადი ნივთიერებების, მათ შორის Ca(HCO3)2 ამოწევას ქვედა ჰორიზონტებიდან ნიადაგის ზედაპირისაკენ. კალციუმის კარბონატების ახალქმნილებები კრისტალიზირდებიან კაპილარებს შორის და იღებენ „თეთრი ძარღვებისა“ და ცრუმიცელიუმის ფორმას. ნიადაგური ხსნარების ზემოთ პერიოდული აწევა განსაზღვრავს ნიადაგური სიზრქის ზედა ნაწილის ნეიტრალურ რეაქციას, შთანთქავი კომპლექსის ფუძეებით მაძღრობას. ყავისფერ ნიადაგებში გარკვეულ განვითარებას პოულობს რუბიფიკაციის პროცესი, რომელიც განსაზღვრავს ნიადაგის საკმაოდ მკაფიოდ ყავისფერ შეფერვას. გამოტუტვის პროცესში განთავისუფლებული რკინის ოქსიდები მშრალ პერიოდში განიცდიან დეჰიდრატაციას და წარმოქმნიან აფსკებს ნიადაგური ნაწილაკების ზედაპირზე. ისინი განსაზღვრავენ გათიხების ჰორიზონტების სპეციფიკურ შეფერილობას. ჩვეულებრივ ყავისფერი ნიადაგების ყველაზე წითელი ფერები დაკავშირებულია ყველაზე არიდულ რაიონებთან.[3]

ყავისფერი ნიადაგები იყოფა შემდეგ ქვეტიპად: ღია, კარბონატული, ტიპური, გამოტუტული, რენძინო-ყავისფერი.[3]

ღია ყავისფერი ნიადაგები ფორმირდება ყველაზე მშრალ პირობებში და ხასიათდება ჰუმუსოვანი ჰორიზონტის მუქი ყომრალი შეფერილობით და წვრილკაკლოვანი სტრუქტურით, თიხნარი და თიხა მექანიკური შედგენილობით, მთელი პროფილის გათიხებით, მაღალი ჰუმუსიანობით, ჰუმუსის ჰუმატური ტიპით, ნიადაგური ჰუმინების მაღალი შემცველობით, კალციუმის კარბონატების არსებობით ზედაპირიდანვე, სუსტად ტუტე ან ტუტე რეაქციით, შთანთქმული კატიონების დიდ ფარგლებში მერყეობით, გაცვლითი ნატრიუმის უმნიშვნელო შემცველობით, ნიადაგში და ლექის ფრაქციაში ძირითადი ოქსიდების თანაბარი განაწილებით, არასილიკატური და განსაკუთრებით ამორფული რკინის მცირე შემცველობით, თიხამინერალებში მონტმორილონიტის, ჰიდროქარსების და ქლორიტის სიჭარბით, ზოგჯერ ადვილადხსნადი მარილების და თაბაშირის უმნიშვნელო შემცველობით.

კარბონატული ყავისფერი ნიადაგები ვითარდება ბუჩქნარების და ბუჩქიანი სტეპების ქვეშ საკმაოდ არიდულ პირობებში. ისინი ხასიათდება ჰუმუსოვანი ჰორიზონტის ყავისფერი შეფერილობით და წვრილ-კოშტოვანი ან მარცვლოვანი სტრუქტურით, თიხნარი მექანიკური შედგენილობით, გათიხებით პროფილის შუა ნაწილში, მთელი პროფილის კარბონატობით, ჰუმუსის ზომიერი შემცველობით, ჰუმუსის ჰუმატური ტიპით, ნიადაგური ჰუმინების მაღალი შემცველობით, სუსტად ტუტე რეაქციით, შთანთქმის მაღალი ტევადობით, ნიადაგის და ლექის ფრაქციის სტაბილური მთლიანი ქიმიური შემადგენობით, ზოგიერთი ძირითადი ჟანგეულების განაწილებაში გადახრებით, რაც დაკავშირებულია თიხა მინერალების განაწილების ხასიათთან, სილიკატური რკინის სიჭარბით არასილიკატურზე, არასილიკატური რკინის მნიშვნელოვანი, ხოლო ამორფული რკინის მცირე შემცველობით, რკინის ცალკეული ფორმების დაგროვებით პროფილის შუა ნაწილში, თიხა მინერალებში მონტმორილონიტის, ქლორიტის და კაოლინიტის სიჭარბით.

ტიპური ყავისფერი ნიადაგები ფორმირდება ძირითადში ტანდაბალი მუხნარების ქვეშ ჯაგრცხილის, ტყემლის, კვრინჩხის, ძეძვის და სხვა ქსეროფილური ეკლიანი ბუჩქებისაგან შემდგარი მდიდარი ქვეტყით. ხასიათდება ჰუმუსოვანი ჰორიზონტის მუქი ყავისფერი შეფერილობით და წვრილ-კაკლოვანი სტრუქტურით, თიხნარი მექანიკური შედგენილობით, გათიხებით პროფილის შუა ნაწილში, ჰუმუსის ზომიერი შემცველობით, კარბონატებისაგან ჰუმუსოვანი ჰორიზონტის გამოტუტულობით, ნეიტრალურიდან სუსტ ტუტე რეაქციამდე, მნიშვნელოვანი შთანთქმის ტევადობით.

გამოტუტული ყავისფერი ნიადაგები ფორმირდება მუხნარების და მუხნარ-რცხილნარების ქვეშ. ესაა ყომრალი ნიადაგებისკენ გარდამავალი ქვეტიპი. მისი შენების მთავარი თავისებურებაა ჰუმუსოვანი და მეტამორფული ჰორიზონტების უკარბონატობა და ამ უკანასკნელის ძლიერი გათიხება. ჰუმუსოვანი ჰორიზონტი საკმაოდ მძლავრია, ჰუმუსის შემცველობა მაღალია, უკარბონატო ჰორიზონტებში რეაქცია ნეიტრალურია, აღინიშნება არასილიკატური და ამორფული რკინის შედარებით მაღალი შემცველობა.

რენძინო-ყავისფერი ნიადაგები გარდამავალი ნიადაგებია კორდიან-კარბონატულ და ყავისფერ ნიადაგებს შორის. ეს ნიადაგები ხასიათდება დიფერენცირებული პროფილით, ნეიტრალური — ზედა და სუსტი ტუტე რეაქციით ქვედა ჰორიზონტებში, კარბონატების გადიდებული შემცველობით პროფილის ქვედა ნაწილში, ჰუმუსის ზომიერი რაოდენობით, სიღრმით მისი მკვეთრი შემცირებით, მაღალი გაცვლითი უნარიანობით.

ყავისფერი ნიადაგების ქვეტიპებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი — ვითარდება ზომიერად კარბონატულ ფხვიერ ნაფენებზე. ამ გვარს გააჩნია ყავისფერი ნიადაგების ზემოაღნიშნული ქვეტიპების ყველა ნიშანი და თვისება. მცირეკარბონატული — ვითარდება უკარბონატო ფიქლების, თიხების და სხვა ქანების ელუვიონ-დელუვიონზე, ხასიათდება არამკაფიოდ გამოხატული კარბონატულ-ილუვიური ჰორიზონტით, მთლიანი და არასილიკატური რკინის გადიდებული შემცველობით. ფერალიტიზირებული — ფორმირდება წითელი ფერის თიხებზე. გამოირჩევა პროფილის მოწითალო შეფერილობით, ერთნახევარი ოქსიდების გადიდებული შემცველობით და ნიადაგურ მასაში SiO2: R2O3 შედარებით ვიწრო შეფარდებებით. გასტეპებული — ფორმირდება ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ბუნებრივი ტყე-ბუჩქნარის მცენარეულობა გაჩეხილია და მისი ადგილი დაიკავეს სტეპის ასოციაციებმა. ხასიათდება უფრო გაჭიმული ჰუმუსოვანი პროფილით.

ყავისფერი ნიადაგები იყოფა სახეობად შემდეგი ნიშნებით: ჰუმუსის შემცველობით — სუსტად ჰუმუსიანი (<5%), მცირეჰუმუსიანი (<4–6%), საშუალოჰუმუსიანი (<6%). ეროდირების მიხედვით, სუსტად გადარეცხილი (გადარეცხილია ჰუმუსოვანი ჰორიზონტის 30%), საშუალოდ გადარეცხილი (გადარეცხილია 30–50%), ძლიერად გადარეცხილი (ჰუმუსოვანი ჰორიზონტი გადარეცხილია).

ყავისფერი ნიადაგები მაღალი ნაყოფიერებით ხასიათდება და შავმიწებთან ერთად საქართველოს ყველაზე ნაყოფიერ ნიადაგებს მიეკუთვნება. თავისი აგრონომიული თვისებებით ყავისფერი ნიადაგები ერთ-ერთ საუკეთესო ნიადაგად ითვლება ვაზისა და ხეხილის კულტურებისათვის. ამ ნიადაგებზე გაშენებულია ხარისხოვანი ღვინოების მომცემი ვენახები, ხეხილის ბაღები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროდუქტიულობით და ნაყოფის ხარისხით. ამას გარდა, ამ ნიადაგებზე მოჰყავთ ხორბალი, ქერი, სიმინდი, შაქრის ჭარხალი და სხვა.[3]

ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების მიზნით საჭიროა მათი სწორი დამუშავება, მინერალური და ორგანული სასუქების რაციონალური გამოყენება, ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. მეტად მნიშვნელოვანია ცალკეული კულტურების ბიოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით ნიადაგების სწორი დამუშავება. ასე მაგალითად, ვაზის და ხეხილის გასაშენებლად შეუფერებელია მცირე სისქის ყავისფერი ნიადაგების გამოყენება, ვინაიდან ეს კულტურები საჭიროებენ ნიადაგის ღრმად (60–70 სმ) დამუშავებას და არის ნიადაგის ზედაპირზე კარბონატებით მდიდარი ილუვიურ-კარბონატული ფენის ამობრუნების საშიშროება. ამან შეიძლება ქლოროზით დაავადება გამოიწვიოს.[3]

  1. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი: „თბილისის უნ-ტის გამ-ბა“, 2014. — გვ. 374.
  2. ურუშაძე თენგიზ, ქვრივიშვილი თამარ, საქართველოს ნიადაგების სარკვევი, თბილისი: „მწიგნობარი“, 2014. — გვ. 71–78.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 თენგიზ ურუშაძე, საქართველოს ძირითადი ნიადაგები, თბილისი: „მეცნიერება“, 1997. — გვ. 141–159.