პროლეტარიატის დიქტატურა
პროლეტარიატის დიქტატურა — მარქისიტული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს გარდამავალ ფაზას კაპიტალიზმის კოლაფსსა და კომუნიზმის დამყარებას შორის, რომლის დროსაც პოლიტიკურ ძალაუფლებას ხელში იგდებს პროლეტარიატი. [1] კარლ მარქსი თვლიდა, რომ კლასობრივი ბრძოლის შედეგი იქნებოდა პროლეტარული რევოლუცია კაპიტალიზმის წინააღმდეგ და უკლასო საზოგადოების დამყარება. შუალედურ პერიოდში ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს პროლეტარიატი, ხოლო მმართველობის ფორმა იქნება დიქტატურა. მარქსის თქმით, პროლეტარიატის დიქტატურა არის ჭეშმარიტი დემოკრატიის ერთადერთი სახე, რადგან ამ დროს ძალაუფლება გადადის მოსახლეობის უმრავლესობის ხელში, როდესაც კაპიტალისტური წყობისას ძალაუფლება უმცირესობის — ბურჟუაზიის ხელშია (რასაც მარქსი ბურჟუაზიის დიქტატურას უწოდებდა). მან ასევე ივარაუდა, რომ ეს პროცესები წარიმართება მხოლოდ მაშინ, როდესაც პროლეტარიატი მოსახლეობის უმრავლესობაში მოექცევა.
პრაქტიკაში პროლეტარიატის დიქტატურა პირველად დამყარდა რუსეთში 1917 წლის რევოლუციათა სერიის შემდეგ ხელისუფლებაში კომუნისტური პარტიის მოსვლის გზით. ეს პერიოდი რუსეთის ისტორიაში ცნობილია წითელი ტერორის სახელით.