შინაარსზე გადასვლა

პიერ პაოლო პაზოლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ პაოლო პაზოლინი

პიერ პაოლო პაზოლინი
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1922
ბოლონია, იტალია
გარდაცვალების თარიღი 2 ნოემბერი, 1975 (53 წლის)
ოსტია, იტალია
საქმიანობა კინორეჟისორი

პიერ პაოლო პაზოლინი (იტალ. Pier Paolo Pasolini დ. 5 მარტი, 1922 — გ. 2 ნოემბერი, 1975) — იტალიელი პოეტი, ინტელექტუალი, კინორეჟისორი და მწერალი.

პაზოლინი იყო გამოჩენილი ფილოსოფოსი, ლინგვისტი, რომანისტი, დრამატურგი, კინორეჟისორი, გაზეთების და ჟურნალების მესვეტე, მსახიობი, მხატვარი და პოლიტიკური მოღვაწე. განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფილმებით: „აკატონე“, „მათეს სახარება“, „დეკამერონი“, „კენტერბერიული მოთხრობები“. პაზოლინი საკუთარ თავს „კათოლიკე მარქსისტს“ უწოდებდა. თავისი შემოქმედებით თანამედროვე საზოგადოებაში გემოვნების უქონლობაზე მიუთითებდა. მისი მეგობარი, მწერალი ალბერტო მორავია მას XX საუკუნის მეორე ნახევრის „დიდ იტალიელ პოეტს“ უწოდებდა.

პიერ პაოლო პაზოლინი დაიბადა მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციით გამორჩეულ ქალაქ ბოლონიაში. პაზოლინის მამა ფაშისტი იყო. მოგვიანებით პაზოლინი აღნიშნავდა, რომ თავის ფილმში „ოიდიპოს მეფე“ საკუთარი წინააღმდეგობებით აღსავსე ბავშვობა აღწერა.

პაზოლინის ოჯახი წარმოშობით იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან — ფრიულიდან იყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, რეტო-რომანულ დიალექტზე, ფრიულანოზე მეტყველებს. მოგვიანებით პაზოლინიმ საკუთარი გამოხატვის ფორმად რომის გარეუბნების უხეში ენა აირჩია. ბავშვობის დიდი ნაწილი მან დედამისის მშობლიურ მხარეში — კაზარსა-დელა-დელიციაში, ვენეციის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაატარა. ამ პერიოდში ის დაინტერესებული იყო ამ რეგიონის დიალექტით.

1937 წელს პაზოლინი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და ხელოვნების ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო ბოლონიის უნივერსიტეტში. ამ ხანებშივე დაიწყო სტატიების გამოქვეყნება პოლიტიკურ და ლიტერატურულ ჟურნალ „არქი ტრავეში“ და წერდა ლექსებს ფრიულურ დიალექტზე. პაზოლინის ლექსების პირველი კრებული „Versi a Casarsa“, საკუთარი ხარჯით, 1942 წელს გამოსცა. მასში დიდი სიყვარული გამოხატა „მშობლიური ენის“, ფრიულური ბუნების და მისი მცხოვრებლების მიმართ. 1955 წელს გამოსცა პირველი რომანი „ქუჩის ბიჭები“, რომელსაც სასტიკი ცენზურა მოყვა. ავტორს უჩიოდნენ უხამსობისა და ამორალურობის ბრალდებით და არ დაუშვეს ლიტერატურულ პრემიებზე „სტრეგასა“ და „ვიარეჯოზე“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]