შინაარსზე გადასვლა

პეტერგოფის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტერგოფის სასახლე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv, vi
სია 540-017a
რეგიონი** ევროპა და ჩრდ. ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1990  (მე-14 სესია)
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

პეტერგოფის სასახლე (რუს. Петергоф) — სასახლე-საპარკო ანსამბლი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ქალაქ პეტერგოფის ტერიტორიაზე, ფინეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე. მისგან მომდინარეობს სახელწოდება პეტერგოფის გზა. აშენებულია პეტრე I-ის განკარგულებით. პეტერგოფის სასახლე პირდაპირი პასუხია ლუი XIV-ის მიერ აშენებულ ვერსალის სასახლეზე.[1] 1714–1728 წლებში არქიტექტორი იყო დომენიკო ტრეძინი,[2] აგრეთვე, 1714 წელს ბაღების მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო ჟან-ბატისტ ლებლონმა. ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელიმ დაასრულა სასახლის გაფართოება 1747–1756 წლებში ელისაბედ I-სთვის. პეტერგოფის სასახლე შეიცავს რამდენიმე სასახლე-საპარკო ანსამბლს, რომლებიც ორი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ქვედა პარკი, ზედა ბაღი და ინგლისური პარკი განვითარდა XVIII საუკუნეში. ალექსანდრია, კოლონისტური პარკი, მდელოს პარკი, ალექსანდრეს პარკი, სერგიევკა და საკუთარი აგარაკი XIX საუკუნის ანსამბლია. მეორე მსოფლიო ომის დროს ტერიტორია ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ, რის შედეგადაც პეტერგოფის ყველა პარკი მნიშვნელოვნად დაზიანდა. განსაკუთრებით დაზიანდა ზედა ბაღი, ქვედა პარკი და შადრევნის წყალსატარის სისტემა. სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო, დღემდე მიმდინარეობს. პეტერგოფი სანქტ-პეტერბურგის სხვა ძეგლებთან ერთად ქმნის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთიან კომპლექსურ ობიექტს.[3] ანსამბლს გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საშადრევანო სისტემა — 147 მოქმედი შადრევანი (2018).[4]