ინგლისური პარკი (პეტერგოფი)
ინგლისური პარკი (რუს. Английский парк) — პირველი პეიზაჟური პარკი პეტერგოფში. პარკის ფართობია 173,4 ჰა (ყველაზე დიდი პარკი პეტერგოფში). პარკი ეკატერინე II-ისათვის დააპროექტა ინგლისელმა მებაღემ ჯეიმზ მედერსმა. 2016 წლისათვის პარკი ნახევრად გავერანებულია და გამოიყენება პიკნიკებისთვის[1].
პარკი შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლთა კომპლექსების შემადგენლობაში.
პარკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი წყალს უჭირავს: ინგლისური ჭაობი, სამების რუ, პეტერგოფის არხი, ასევე სხვა, მათ შორის უსახელო წყალსატევები.
ინგლისური ჭაობი გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, იგი დაარსდა 1720 წელს.
პარკის ხეივნებზე მუშაობდნენ მებაღეები ჯ. მედერესი, დ. გავრილი, ტ. ტიმოფეევი და ტ. ვინკელსონი.
ინგლისური სასახლე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი სასახლე პეტერგოფში, რომელსაც მოგვიანებით ინგლისური სასახლე უწოდეს, ჯაკომო კვარნეგის პირველი ნამუშევარია რუსეთში. ისევე როგორც მისი ყველა შემდეგი ნაგებობა, ინგლისური სასახლეც სამსართულიანი შენობაა, მრავალკოლონიანი ფრონტონით.
მთავარი შესასვლელი მდებარეობდა მეორე სართულზე, რომელსაც აუყვებოდა ფართო გრანიტის კიბე. კიბე სრულდებოდა რვაკოლონიანი კორინთული ორდენის პორტიკით და სამკუთხა ფრონტონით. დასავლეთ ფასადს ჰქონდა ლოჯი ექვსი კოლონით. ცოკოლის სართული მოპირკეთებული იყო გრანიტით. ინგლისური სასახლის მშენებლობა გაგრძელდა 15 წელი და დარულდა 1796 წელს.
სასახლის დამკვეთი ეკატერინე II ფიქრობდა აქ გაეტარებინა სასახლის კარისაგან განსხვავებული ცხოვრების წლები. პავლე I-ის დროს სასახლემ სხვა სასახლეების ბედი განცადა: გადააკეთეს ყაზარმებად. მოგვიანებით ალექსანდრე I-ის მეფობის პერიოდში (1802-1825 წწ.), კვარნეგის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ, სასახლე მთლიანად გარემონტდა; ამავე წელს დასრულდა ინტერიერის გაფორმება კლასიციზმის სტილში.
თებერვლის რევოლუციამდე ინგლისურ სასახლეში იკრიბებოდნენ უცხოელი დიპლომატები და სხვა სტუმრები. აქ იმართებოდა საზოგადოებრივი ღონისძიებები, გამოფენდნენ ნახატებს.
რევოლუციის შემდეგ მოქმედებდა როგორც სანატორიუმი. დიდი სამამულო ომის დროს, 1942 წელს სასახლე დაინგრა. ომის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღარ აღედგინათ სასახლე.
სხვა ნაგებობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1781 წელს ჯაკომო კვარნეგის პროექტით ააშენეს ხის პატარა სახლი, რუსულ არქიტექტურულ სტილში. პარკში ასევე მდებარეობს 11 ხიდი.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პარკში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა და ძლიერ დაზიანდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Горбатенко С. Б. Петергофская дорога: Историко-архитектурный путеводитель. — СПб.: Европейский Дом, 2001. — 448 с. — 3000 экз. — ISBN 5-8015-0113-4.
- Сыров А. А. Забытые достопримечательности южного берега Финского залива. От Санкт-Петербурга до Кургальского полуострова. Путеводитель. — М.: Центрполиграф, 2011. — С. 125—128. — 319 с. — ISBN 9785457412248.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Английский парк на сайте Petergof.Ru დაარქივებული 2018-03-29 საიტზე Wayback Machine.