პამირი
პამირი | |
---|---|
კოორდინატები: 38°38′ ჩ. გ. 75°20′ ა. გ. / 38.633° ჩ. გ. 75.333° ა. გ. | |
ქვეყანა | ტაჯიკეთი ყირგიზეთი ავღანეთი პაკისტანი ჩინეთი |
უმაღლესი წერტილი | კონგური |
სიმაღლე | 7720 მ |
სიგრძე | 500 კმ |
სიგანე | 300 კმ |
პამირი (ტაჯ. Помир) — მთათა სისტემა ცენტრალურ აზიაში. ძირითადად მდებარეობს ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. გარდა ამისა, განფენილია ჩინეთის, ავღანეთისა და ყირგიზეთის ტერიტორიებზე. უმაღლესი მწვერვალია კონგური (7649 მ). ასევე მაღალი მწვერვალებია ისმაილ სამანის პიკი (7495 მ), ლენინის პიკი (7134 მ), კორჟენევსკაიას პიკი (7105 მ), დამოუკიდებლობის პიკი (6940 მ). პამირი გამოირჩევა ალპური ტიპის ქედებით, ღრმა ხეობებითა და რელიეფის ძველ მყინვარული ფორმებით. პამირის მთიანეთისთვის დამახასიათებელია მკაცრი კონტინენტური ჰავა, რის ფონზე განვითარებულია მძლავრი გამყინვარება.
პამირში ათასობით მყინვარია, რომელთა სიგრძე ხშირად ათეულ კმ-ს აღწევს. პამირში მაღალმთის, მკაცრი, მკვეთრად კონტიენტური ჰავაა. იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 3600 მ სიმაღლეზე –17,8 °C, აბსოლუტურ მინიმუმი –50 °C, ზაფხულის ტემპერატურები 22,5 °C არ აღემატება. ნალექები დასავლეთ პამირის ხეობებში 92-260 მმ წელიწადში, მაღალმთიანეთში ნალექების რაოდენობა იზრდება; ფედჩენკოს მყინვარზე იგი 1100 მმ აღწევს.
პამირის მდინარეთა უმრავლესობა ამუდარიის აუზსს მიეკუთვნება. ყველაზე დიდი მდინარეა ფანჯი. პამირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სათავე აქვს მდინარეებს ობიხინგოუსა და მუქსუს (ვახშის აუზი). ტბებიდან მნიშვნელოვანია: ყარაქოლი, რანგქოლი, შორქოლი, ზორქოლი, სარეზი და იაშილქოლი. პამირის ლანდშაფტის ხასიათს განსაზღვრავს სიმაღლებრივი სარტყლურობა, რელიეფი, ჰავის კონტინენტურობის ზრდა ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ.
მცენარეული საფარი ძლიერ მეჩხერია. ლანდშაფტში ჭარბობს შიშველკლდოვანი და კაჭარ-თიხნარით დაფარული ზედაპირები. პამირში გაბატონებულია მაღალმთის ცივი უდაბნო; ხე-მცენარეულობა არ გვხვდება. ფაუნა ღარიბია. განვითარებულია ტურიზმი, ალპინიზმი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 655-656.