ნინო ყიფიანი
ნინო ყიფიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1877 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი |
1920 ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი |
პროფესია | იურისტი, პოლიტიკოსი |
მშობლები |
მამა: ნიკოლოზ ყიფიანი დედა: ანასტასია ერისთავი |
ნინო ნიკოლოზის ასული ყიფიანი (დ. 1877, ქუთაისი — გ. 1920, ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნინო (ნუცა) ყიფიანი დაიბადა 1877 წელს ქუთაისში, ცნობილი პუბლიცისტის, გამომცემლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ ყიფიანის ოჯახში. ნიკოლოზს და მის მეუღლეს, ანასტასია ერისთავს, სამი ქალიშვილი ჰყავდათ. დები ძირითადად ქვიშხეთში, პაპისეულ კერაზე იზრდებოდნენ. პირველდაწყებითი განათლება ნუცამ სახლში მიიღო, ხოლო შემდეგ თბილისის წმიდა ნინოს სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის ხარჯით სწავლობდა. 1890–იან წლებში, ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, იგი სასწავლებლიდან გარიცხეს. პროფესიად ნინომ მამის მსგავსად იურისტობა აირჩია და ბრიუსელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ნინო ყიფიანი რუსეთის იმპერიიდან პირველი იურისტი ქალი იყო, რომელმაც ბრიუსელში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა მე-20 საუკუნის დასაწყისში აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფებელ მოძრაობაში, რის გამოც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. 1900–იან წლებში იგი ფედერალისტია, მოგვიანებით კი ეროვნულ–დემოკრატებს დაუახლოვდა.
ნინო ყიფიანი 1904 წლის აპრილის ჟენევის ინტერპარტიული კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო. მკვლევარი თამაზ ჯოლოგუა გამოთქვამს ვარაუდს, რომ კონფერენციაზე „ტეზრელის“ ფსევდონიმით წარდგენილი მოხსენება სწორედ მას უნდა ეკუთვნოდეს. მომხსენებელი, რომელიც კონფერენციაზე ვერ ჩავიდა, მკვეთრად დაუპირისპირდა „ავტონომისტებს“ და ასაბუთებდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აუცილებლობას. იგი კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდებდა შეექმნათ სარევოლუციო კომიტეტი, რომლის მიზანი იქნებოდა საქართველოს მომზადება პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად, სტრატეგიული გეგმის ფარგლებში კი რუსეთის იმპერიის სხვა ერებთან, განსაკუთრებით კავკასიის ხალხებთან დაკავშირება. 1904 წელს ნინო ბრიუსელიდან პარიზში სწერს გიორგი დეკანოზიშვილს: „იმედს ნუ დავკარგავთ, რომ ამ მოკლე ხანში შეგვეძლება დაბრუნება განთავისუფლებულ ქვეყანაში“.
1907 წელს მეფის მთავრობამ ნინო ყიფიანს რუსეთის იმპერიაში ყოფნა აუკრძალა და თბილისის გენერალ–გუბერნატორის საგანგებო განკარგულებით საზღვარგარეთ წასვლა აიძულა. ნინო ჯერ ბელგიაში ჩავიდა მამასთან, შემდეგ კი იტალიაში (რომში) გაემგზავრა, სადაც მუშაობდა რეფერანტად ბელგიის საელჩოს წარმომადგენლობაში.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იგი იყო იტალიის ტერიტორიაზე ჩარჩენილ ქართველ სამხედრო ტყვეთა გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების ერთ–ერთი ორგანიზატორთაგანი. მას ეკუთვნის წერილები ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაზე. ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა მოგონებებში ხშირად გვხვდება მისი სახელი. „თუ „თეთრ გიორგის“ ჩვენს წარსულში თავისი წინაპრები ჰყავს, ნინო ყიფიანიც იმათში უნდა ჩაირიცხოსო“, – წერდა შალვა ამირეჯიბი. 1919 წელს, რომში ცხოვრების დროს, ნინოს განზრახული ჰქონდა იტალიურ-ქართული და ქართულ-იტალიური ლექსიკონების შედგენა და ქართული ლიტერატურული თხზულებების თარგმნა უცხო ენებზე, მაგრამ არ დასცალდა.
1920-იანი წლების დასაწყისში ნინო ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა. ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი ტუბერკულოზით მძიმედ დაავადებულმა სიცოცხლის ბოლო დღეების გატარება პაპისეულ სახლში მოისურვა და ქვიშხეთში გაემგზავრა. მალე გარდაიცვალა კიდეც და იქვე მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. თან ახლდა მცირეწლოვანი ქალიშვილი ჯულიეტა (ჯოია), რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ იტალიაში წაიყვანა. ემიგრაციაში, ბელგიაში, დაასრულა სიცოცხლე ნინოს მამამ ნიკოლოზ ყიფიანმა (1905). იქვე მოღვაწეობდა მისი უმცროსი დაც, პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალი ბარბარე ყიფიანი (1879–1965).[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯოლოგუა თამაზ. დიმიტრი ყიფიანი (1830-1860 წლები). – თბ., – 2002. – გვ. 42–45.
- მთვარელიძე მურად. ყიფიანები. – თბ., 2002. – გვ. 75–80.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|