კონსტანტინე ლესელიძე
კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 15 ოქტომბერი, 1903 |
დაბადების ადგილი | ხვარბეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 21 თებერვალი, 1944[1] |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
კუთვნილება | საბჭოთა კავშირი |
ჯარის სახეობა | წითელი არმია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1921 — 1944 |
წოდება | გენერალ-პოლკოვნიკი |
ბრძოლები/ომები |
სამოქალაქო ომი რუსეთში პოლონეთის კამპანია მეორე მსოფლიო ომი |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ–ის შრომის წითელი დროშის ორდენი |
კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე (დ. 15 ოქტომბერი [ძვ. სტ. 2 ოქტომბერი], 1903, სოფ. ხვარბეთი, ოზურგეთის მაზრა — გ. 21 თებერვალი, 1944, მოსკოვი) — ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი, საბჭოთა კავშირის გმირი (1971).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მშობლები იყვნენ მამა მეშჩანინი ნიკოლოზ ანდრიას ძე ლესელიძე, დედა ნინო პავლეს ასული ქაჯაია. ნიკოლოზ ლესელიძე ნასაკირალის ბრძოლის მონაწილე იყო.
1912—1913 წლებში მუშაობდა ჩაქვის ჩაის პლანტაციაში მუშად საუფლისწულო მამულის უწყებაში. მოგვიანებით ლესელიძეების ოჯახი სოფელ ხვარბეთიდან ქალაქ ოზურგეთში გადავიდა საცხოვრებლად, ნინო ქაჯაიას მამის მიერ ნაჩუქარ სახლში, ბათუმის ქუჩაზე. ამ დროს 1913—1917 წლებში კონსტანტინე სწავლობდა სოფელ ზვანის ორკლასიან სასწავლებელში. 1917—1919 წლებში სწავლობდა ოზურგეთის ორკლასიან დაწყებით სკოლაში, 1919—1921 წლებში ოზურგეთის გიმნაზიაში და 1921 წელს მაისში დატოვა მეხუთე კლასი.
1920 წელს გახდა კომკავშირის წევრი. 1921 წლის მაისში გახდა კავკასიის წითელდროშოიანი არმიის კურსანტთა აღმოსავლეთის ბრიგადის კურსანტი. იმავე წლის აგვისტოში კი გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის კურსანტი. 1922-1925 წლებში იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ოცეულის მეთაური. 1924 წელს ჩააბარა გამოცდები ნორმალური საარტილერიო სკოლის კურსებზე. ამავე პერიოდში მონაწილეობდა საქართველოში ანტი-საბჭოთა გამოსვლების ჩახშობაში.
სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1925 წელს დაინიშნა გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ბატარეის მეთაურის თანაშემწის მოვალეობის დროებით შემსრულებლად და გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1926—1927 წლებში იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ბატარეის მეთაურის თანაშემწე. 1927—1928 წლებში იყო კავკასიის წითელდროშოვანის არმიის პირველი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაური. 1928-1929 წლებში განაგრძო სწავლა, იყო მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების საარტილერიო კურსების სმენელი დეტსკოე სელოში.
1929 წელს დაინიშნა კავკასიის წითელდროშოიანის არმიის 1–ლი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაურად. 1930 წელს დაინიშნა კავკასიის წითელდროშიანის არმიის მე–5 ქართული მსროლელი პოლკის დივიზიონის მეთაურად. 1931-1937 წლებში იყო კავკასიის წითელდროშიანის არმიის მე–2 ქართული საარტილერიო პოლკის მეთაური და კომისარი. 1937—1938 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 63–მე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური და კომისარი. ამავდროულად, 1934 და 1937 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობების დელეგატი.
1938 წელს დატოვა კავკასია და 1941 წლამდე იყო ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსი. 1939 მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად.
დიდი სამამულო ომის საწყის წლებში ის იყო დასავლეთის ფრონტის მე–2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი და შემდგომ დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის სარდლის მოადგილე. ტულასთან ბრძოლაში მისმა ტაქტიკამ, პირდაპირი დამიზნებით მტრის ტანკების წინააღმდეგ ყველა ზარბაზნის გამოყენებამ, გაამართლა. ამან ხელი შეუწყო გენერალ გუდერიანის მეორე სატანკო არმიის მრავალი მანქანის განადგურებას.
1942 წლიდან, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგემ კავკასიას შეუტია, ლესელიძე გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტზე. ის იყო ამიერკავკასიის ფრონტის მე–3 მსროლელი კორპუსის მეთაური (1942), ამიერკავკასიის ფრონტის 46–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ამიერკავკასიის ფრონტის 47–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ჩრდილოეთკავკასიის ფრონტის, 1-ლი უკრაინული ფრონტის მე–18 არმიის ჯარების სარდალი (1943-44). მან თავი გამოიჩინა კავკასიის ქედზე ქლუხორის და მარუხის უღელტეხილებთან გამართული ბძოლებით, ქალაქ ტუაფსესა და ნახევაკუნძულების ნოვოროსიისკისა და ანაპის გათავისუფლებით.
1944 წლის 14 თებერვლიდან ლესელიძე იმყოფებოდა სამკურნალოდ სსრკ ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში ქ. მოსკოვში. იგი ევაკუირებული იყო ფრონტიდან გრიპის გართულების შემდეგ მძიმე ავადმყოფობის სამკურნალოდ. ლესელიძე იქვე გარდაიცვალა 1944 წლის 21 თებერვალს.
გენერალ–პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე დაკრძალეს ქალაქ თბილისში ვერის ძველ სასაფლაოზე. 1974 წელს კი გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
იოსებ სტალინი მის შესახებ ამბობდა „ჭკვიანი იყო, ნებისყოფაც ჰქონდა.“[2][3] ლეონიდ ბრეჟნევი აღნიშნავდა:
„მე მომიხდა მებრძოლა ერთ-ერთ უნიჭიერეს საბჭოთა მხედართმთავართან — მე-18 არმიის სარდალ გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძესთან ერთად. ფრონტზე ძალიან მალე მჟღავნდება ადამიანის ბუნება, იქ მაშინვე იგებ, ვინ რას წარმოადგენს. კონსტანტინე ლესელიძე დამახსომდა როგორც ქართველი ხალხის საუკეთესო ეროვნული თვისებების განსახიერება. ეს იყო სიცოცხლით სავსე ვაჟკაცი, მტრისთვის მკაცრი და მეგობრებისათვის გულუხვი, პატიოსანი კაცი, სიტყვის კაცი, გონებამახვილი და გულმგზნებარე[4]“
|
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამა — ნიკოლოზ ანდრიას ძე ლესელიძე (გარდაიცვალა 8.02.1944)
- დედა — ნინო პავლეს ასული ქაჯაია (გარდაიცვალა 10.12.1965)
- მეუღლე — ნინო ივანეს ასული შეწირული (1906 — 1974)
- შვილი — ოთარ კონსტანტინეს ძე ლესელიძე (20.08.1926 —13.05.1981)
- ქალიშვილი — იზოლდა კონსტანტინეს ასული ლესელიძე (1934—1999)
- ძმა — დავით ნიკოლოზის ძე ლესელიძე (2(15).10.1900 — 3.5.1972)
- ძმა — ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე
- ძმა — ვალერიანე ნიკოლოზის ძე ლესელიძე (1(14).1.1915 — მაისი 1942)
სამამულო ომის პირველ დღიდანვე ვალერიან ნიკოლოზის ძე ლესელიძე შედის წითელ არმიის რეგებში და იღებდა მონაწილეობას ქერჩში როგორც ნაღმმტყორცნის გათვლის მეთაური (მოქმედი წითელი არმია საველე საფოსტო სადგური 251 ქვედანაყოფი 33), 1941 წელს დამლევს დაიჭრა და მკურნალობდა კრასნოდარის სამხედრო ჰოსპიტალში, გამოჯანსაღების შემდეგ გაიგზავნა ნაწილში ქერჩის რაიონში, სადაც უგზოუკლოდ დაიკარგა (224-ე ქართული მსროლელი დივიზია).
- და — აგრაფინა ნიკოლოზ ასული ლესელიძე (1(14).1.1915 — 18.08.1985)
ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლესელიძეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კ. ნ. ლესელიძის ძეგლი ბრინჯაოსია, შესრულებულია 1974 წელს მოქანდაკე ს. ი. კაკაბაძის მიერ და აღმართულია მარმარილოს მაღალ პოსტამენტზე დაბა ლესელიძეში 1975 წელს.
კ. ნ. ლესელიძის ძეგლის საზეიმო გახსნა მოხდა საბჭოთა არმიის გამარჯვების 30 წლისთავის დღეს — 1975 წლის 9 მაისს. მიტინგზე გამოვიდა გენერლის ქალიშვილი იზოლდა ლესელიძე, რომელმაც თქვა:
აფხაზეთის ომის დროს 1992 წლის სექტემბერში ქ. გაგრის დაცემის შემდეგ სხვა ქართულ ძეგლებთან ერთად მიწასთან იქნა გასწორებული გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძის ძეგლიც. ძეგლის შემდგომი ბედი უცნობია.
კ. ნ. ლესელიძის სკულპტურული პორტრეტის აღდგენა შეუძლებელია: არ შემორჩა მასალები არც მოქანდაკის სახელოსნოში, არც ქანდაკებათა თბილისის კომბინატში.
თბილისში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისში, კოტე აფხაზისა (ყოფ. ლესელიძის) და ვერცხლის ქუჩების კუთხეში, სკვერში დგას კონსტანტინე ლესელიძის ძეგლი (1945, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე).[6]
კიდევ ერთი ძეგლი დგას გმირი კურსანტების ქუჩაზე, ყოფილი მეოთხმოცე პროფსასწავლებლის წინ. [წყარო არ არის მითითებული 341 დღე]
უმაღლესი მთავარსარდლის მიერ ბრძანებით გამოცხადებული მადლობები[7]
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქალაქ ნოვოროსისკის განთავისუფლებისათვის (1943 წლის 16 სექტემბერი)
- ტამანის ნახევარკუნძულის განთავისუფლებისათვის (1943 წლის 9 ოქტომბერი)
- ჟიტომირის მიმართულებით ალყის გარღვევისათვის და დასახლებული პუნქტების დაკავებისათვის (1943 წლის 30 დეკემბერი)
- ქალაქ ჟიტომირის განთავისუფლებისათვის (1944 წლის 1 იანვარი)
- ქალაქ ბერდიჩევის განთავისუფლებისათვის (1944 წლის 6 იანვარი)
ჯილდოები და სამხედრო წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯილდოები
- საქართველოს სსრ-ის შრომის წითელი დროშის ორდენი №100 — წითელი არმიის ქართულ ნაწილების დაარსებიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 29.03.1931 დადგენილებით დაჯილდოვდა.
- წითელი ვარსკვლავის ორდენი №832 — საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის 15 წლისთავთან დაკავშირებით სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 22.03.1936 დადგენილებით დაჯილდოვდა.
- საიუბილეო მედალი „XX წლის მუშათა–გლეხთა წითელი არმია“ №34604 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 22.02.1938 ბრძანებულებით დაჯილდოვდა.
- წითელი ვარსკვლავის ორდენი №24956 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 31.08.1941 ბრძანებულებით დაჯილდოვდა.
- წითელი დროშის ორდენი №24551 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 12.04.1942 ბრძანებულებით დაჯილდოვდა.
- ლენინის ორდენი №9623 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 13.12.1942 ბრძანებულებით დაჯილდოვდა.
- სუვოროვის I ხარისხის ორდენი №54 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 18.09.1943 ბრძანებულებით დაჯილდოვდა.
- კუტუზოვის I ხარისხის ორდენი №66 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 9.10.1943 ბრძანებულებით დაჯილდოვდა
- ბოგდან ხმელნიცკის I ხარისხის ორდენი №36 — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 10.01.1944 ბრძანებულებით დაჯილდოვდა
- მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1.05.1944 ბრძანებულებით დაჯილდოვდა
- სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 13.05.1971 ბრძანებულებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება
სამხედრო წოდებები
- საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამხედრო კომისრის 17.02.1936 ბრძანებით მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
- სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს 2.1.1942 დადგენილებით მიენიჭა არტილერიის გენერალ–მაიორის სამხედრო წოდება.
- სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს 14.10.1942 დადგენილებით მიენიჭა გენერალ–ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
- სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს 9.10.1943 დადგენილებით მიენიჭა გენერალ–პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ГЕНЕРАЛ ЛЕСЕЛИДЗЕ. Михаил Давиташвили. Издательство «Заря Востока». Тбилиси. 1947. Тираж 10.000.
- დავითაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 200.
- დავითაშვილი მ., ლესელიძე, თბილისი, 1975.
- ოთარ ლესელიძე სამშობლოსათვის დაფერფლილი გული „ნაკადული“, თბილისი, 1985,
- ნ. ჩახვაშვილი. გენერალ პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო”, თბილისი,
- Советская военная энциклопедия / под ред. Н. В. Огаркова. — М.: Воениздат, 1979. — Т. 4. — 654 с. — (в 8-ми т). — 105 000 экз.
- Великая Отечественная война 1941 — 1945. Энциклопедия / под ред. М. М. Козлова. — М.: Советская энциклопедия, 1985. — С. 408. — 500 000 экз.
- Герои Советского Союза: Краткий биографический словарь / Пред. ред. коллегии И. Н. Шкадов. — М.: Воениздат, 1987. — Т. 1 /Абаев — Любичев/. — 911 с. — 100 000 экз. — ISBN отс., Рег. № в РКП 87-95382
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981
- Коллектив авторов. Великая Отечественная. Командармы. Военный биографический словарь. — С. 128—129.
- Краснознамённый Закавказский (очерки истории Краснознамённого Закавказского военного округа). М., Воениздат, 1969. Очерки написаны авторским коллективом под руководством генерал-лейтенанта И. С. Катышкина.
- В. Гнеушев, А. Попутько «Тайна Марухского ледника». Книга первая и вторая. Издательство «Советская Россия». Москва. 1966. Тираж 50.000 экз.
- Ибрагимбейли, Хаджи Мурат. Крах «Эдельвейса» и Ближний Восток. Главная редакция восточной литературы издательства «Наука», 1977. 319 с. с ил. и карт. Тираж 15000 экз.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 236, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კონსტანტინე ლესელიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ჯილდოებიდაარქივებული 2012-07-25 საიტზე Wayback Machine. Общедоступный электронный банк документов «Подвиг Народа в Великой Отечественной войне 1941-1945 гг.»
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი. პარტიული არქივი (საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი) დაარქივებული 2013-01-15 საიტზე Wayback Machine. .
- საქართველოს ეროვნული არქივი. კ. ნ. ლესელიძის პირადი ფონდი №1777, აღწ. 1, აღწ. 2.
- Центральный архив Министерства обороны Российской Федерации. დაარქივებული 2014-10-24 საიტზე Wayback Machine.
- Центральный государственный архив Советской армии დაარქივებული 2013-04-03 საიტზე Wayback Machine.
- ЛИЧНЫЕ АРХИВНЫЕ ФОНДЫ В ГОСУДАРСТВЕННЫХ ХРАНИЛИЩАХ СССР დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
- შენობაში, რომელიც მდებარეობდა ამ ქუჩაზე განლაგებული იყო მე-18-ე არმიის შტაბი 1944 წლის იანვარ-თებერვალში
- კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბაღი დაარქივებული 2018-06-12 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ფილმები
- Память навсегда, დაარქივებული 2013-05-01 საიტზე Wayback Machine. 1975.
- «Великая Отечественная»
- "Город-герой Новороссийск"
- На тульском направлении. 1941.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Леселидзе Константин Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ნ. ბერძენიშვილის პირადი საარქივო ფონდი, №1676.
- ↑ სტუმრად სტალინთან. ნიკო ბერძენიშვილი
- ↑ ლ. ი. ბრეჟნევის სიტყვიდან საქართველოს სსრ და საქართველოს კომპარტიის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საზეიმო სხდომაზე. თბილისი. 14 მაისი 1971.
- ↑ Газета «Авангард». Орган гагрского ГК КП Грузии и гагрского городского Совета депутатов трудящихся. 12 мая 1975 г. № 56 (4403). Выдающемуся полководцу. Открытие памятника Герою Советского Союза, генералу Леселидзе.
- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 24, ISBN 978-99928-20-35-3.
- ↑ Приказы Верховного Главнокомандующего в период Великой Отечественной войны Советского Союза. Сборник. М., Воениздат, 1975.
- ვიკიპედია:სტატიები წასაშლელი დებულებებით
- საბჭოთა კავშირის გმირები
- დაბადებული 15 ოქტომბერი
- დაბადებული 1903
- გარდაცვლილი 21 თებერვალი
- გარდაცვლილი 1944
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ქართველი გენერლები
- ლენინის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სუვოროვის I ხარისხის ორდენის კავალრები
- კუტუზოვის I ხარისხის ორდენის კავალრები
- ბოგდან ხმელნიცკის ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ–ის შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ქართველი არტილერისტები
- საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- არმიათა სარდლები დიდ სამამულო ომში
- ქართველები მეორე მსოფლიო ომში