შინაარსზე გადასვლა

კასანდრა (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასანდრა

კასანდრა, ეველინ დე მორგანის ნახატი,
1898 წელი, ლონდონი

სქესი: მდედრობითი
მამა: პრიამოსი[1] [2] [3]
დედა: Hecuba[4]
და-ძმა: Polyxena, ჰექტორი, Helenus და პარისი
შვილები: Teledamus და Pelops
გამოსახულებები

კასანდრა (ძვ. ბერძნ: Κασσάνδρα, ასევე, Κασάνδρα, იონ: Kassandre), აგრეთვე ცნობილი, როგორც ალექსანდრა — ბერძნულ მითოლოგიაში ტროის მეფე პრიამოსისა და დედოფალ ჰეკაბეს ქალიშვილი.

კასანდრა დაწყევლილი იყო წინასწარმეტყველების ნიჭით, რომლისაც არავის სჯეროდა. წინასწარმეტყველების ძალა მას აპოლონმა უბოძა, იმ პირობით, რომ ქალი მას შეიყვარებდა, მაგრამ კასანდრამ სიტყვა გატეხა და არ დანებდა, რის გამოც აპოლონმა იმით დასაჯა, რომ მის წინასწარმეტყველებას არავინ იჯერებდა. ამიტომ, როდესაც პარისმა ელენე მოიტაცა და შემდეგ, როდესაც ბერძენთა ჯარი ტროას მოადგა, ტროელებს კასანდრას წინასწარმეტყველება: „ტროა დაინგრევა და ათენას ტაძარს პატარა აიანტი (აიაქსი) შებილწავსო“ — სასაცილოდაც არ ეყოთ. სხვა ვერსიით, კასანდრას ტაძარში ჩაეძინა, სადაც გველებმა მას ყურები აულოკეს (ან ჩასჩურჩულეს) ისე, რომ მას მომავლის ხედვა შესძლებოდა.

შემდგომში კასანდრა ეპიკური პოემებისა და ტრაგედიების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა. თანამედრვეობაში, კასანდრას სახელით რიტორიკულად იმ ადამიანებს მოიხსენიებენ, რომელთა ზუსტ წინასწარმეტყველებასაც არავინ უგდებს ყურს.

შვედი ლინგვისტი იალმარ ფრისკი (1960-1970) შენიშნავს, რომ სახელის „ეტიმოლოგია აუხსნელია“. ვილჰელმ შულცი,[5] ედგარ ჰოვარდ სტიურტევანტი,[6] ჟ. დავრე[7] და ალბერტ ქორნოი[8] კი „სხვადასხვა ჰიპოთეზას“ გამოთქვამენ. რობერტ ს.პ. ბიკისს[9] კი გარსია რამონის დერივაცია მოჰყავს, რომ სახელს პროტო-ინდოევროპული ფუძე უდევს: *(s)kend – „აღზევება“.

კასანდრა ტროას პრინცესა, მეფე პრიამოსისა და დედოფალ ჰეკაბეს ქალიშვილი, ფელენიუსის ტყუიპისცალი იყო. ლეგენდის თანახმად, კასანდრას მუქი ყავისფერი თვალები ჰქონდა, მშვენიერი და ჭკვიანი იყო, მაგრამ მას გიჟად მიიჩნევდნენ.[10]

წინასწარმეტყველების ნიჭი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასანდრა წინასწარმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოებული, მაგრამ ასევე, აპოლონისაგან დაწყევლილი, რის გამოც მის ნათქვამს არავინ უჯერებდა. მითის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, კასანდრამ ღმერთის რისხვა იმიტომ დაიმსახურა, რომ ნიჭის სანაცვლოდ მასთან სარეცლის გაყოფას შეჰპირდა, მაგრამ შემდეგ ურთიერთობაზე უარი უთხრა. მსგავსი ვერსიაა მოცემული ესქილეს პიესაში აგამემნონი. თავდაპირველად კასანდრა აპოლონს სარეცლის გაზიარებას ჰპირდება, მაგრამ შემდეგ პირობას არღვევს.

აიანტი პრიამოსის თვალწინ, პალადიუმიდან კასანდრას გამოთრევას ცდილობს, პომპეი

ერთ-ერთი ვერსიის თანამხად, აპოლონი კასანდრას კოცნის დროს დაწყევლის. კასანდრა აპოლონის ტაძრის ქურუმი იყო და წმინდა აღთქმა დადო, რომ სამუდამოდ უმწიკვლო დარჩებოდა.[11]

აპოლონის დაწყევლილი ნიჭი კასანდრასთვის დაუსრულებელი ტკივილისა და იმედგაცრუების მიზეზი გახდა. მისი ოჯახი და ტროელი ხალხი მას მატყუარად და სულიერ ავადმყოფად თვლიდა. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, საკუთარი მამის, პრიამოსის ბრძანებით ის ციტადელის პირამიდულ შენობაში გამოამწყვდიეს. მისი თანხმლებნი, მეფე პრიამოსს ქალიშვილის ყველა წინასწარმეტყველების შესახებ ატყობინებდნენ.[12]

კასანდრას მსგავსად, მისი ტყუპისცალი, ჰელენიუსიც ყოველთვის მართალ წინასწარმეტყველებას ხედავდა, მაგრამ დისგან განსხვავებით, მას უჯერებდნენ. კანასდრამ ბევრი რამ იწინასწარმეტყველა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთხელ დაუჯერეს, როდესაც განაცხადა, რომ პარისი მისი მიტოვებული ძმა იყო. კასანდრამ დაინახა, როგორ გაიტაცებდა პარისი ელენეს და როგორ დაინგრეოდა ტროა. მან პარისი გააფრთხილა, რომ სპარტაში არ წასულიყო. ჰელენიუსმაც იგივე გაიმეორა, მაგრამ მათ არ დაუჯერეს.

ტროის დაცემის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„აიაქსი და კასანდრა“, იოჰან ჰენრიხ ვილჰელმ ტიშჩბეინის ნახატი, 1806 წელი

კასანდრამ ტროას დაცემა იწინასწარმტყველა. მან არაერთხელ გააფრთხილა ტროელები, რომ ბერძნები ტროის ცხენის მეშვეობით შევიდოდნენ ქალაქში. იწინასწარმეტყველა აგამემნონის სიკვდილი, საკუთარი აღსასრული ეგისთესა და კლიტემნესტრას ხელით, დედოფალ ჰეკაბეს ბედი, ათწლიანი ომის შემდეგ, ოდისევსის ათწლიანი ხეტიალი სახლში დაბრუნებამდე, ეგისთესა და კლიტემნესტრას მოკვლა ელექტრასა და ორესტეს მიერ. კასანდრამვე იწინასწარმეტყველა, რომ მისი ბიძაშვილი, ენეასი ტროას დაცემისას გაიქცეოდა და რომში ახალ თაობას დაუდებდა სათავეს.[13] [14]

ომის დროს კასანდრას ხელი ითხოვეს კორებოსმა და კაბასელმა ოთრიონევსმა. სწორედ ამ იმედით დაეხმარნენ ისინი პრიამოსს, მაგრამ ორივე დაიღუპა. მეტიც, ოთრიონევსს იმედი ჰქონდა, რომ კასანდრას უსასყიდლოდ მიიღებდა, მაგრამ მამაცმა იდომენევსმა შუბით მუცელში სასიკვდილოდ დაჭრა. მას შემდეგ, რაც ტელეფიუსმა ტროას დასაცავად პრიამოსს ჯარი მიაშველა, მეფემ კასანდრას ევრიფილუსზე მითხოვება გადაწყვიტა. კასანდრამ ქალაქში დაბრუნებული ჰექტორის გვამი პირველმა იხილა.

კვინტუს სმირნიოსი თავის ნაშრომში „ტროას დაცემა“,[15] აღნიშნავს, რომ ერთ ხელში ნაჯახითა და მეორე ხელში ანთებული ჩირაღდნით, კასანდრა ტროას გადასარჩენად ცხენისკენ გაიქცა, მაგრამ სანამ მის განადგურებას შეძლებდა, ტროელებმა შეაჩერეს. ცხენის შიგნით მსხდარი ბერძნები გაოგნდენ ქალის ნიჭით, მაგრამ საბედნიეროდ მას არავინ დაუჯერა.[15]

ტროას აღების შემდეგ, კასანდრამ ათენას ტაძარს შეაფარა თავი. ის ათენას ხის სახეს ჩაეჭიდა, მაგრამ კოკრიდელმა აიანტმა, ოილევსის ძემ, ქალღმერთის საკულტო სახე არად ჩააგდო, მეფის ასული გამოათრია და გააუპატიურა. ამ ვერსიის თანახმად, ათენამ სახე მიიბრუნა, რისხვისა და სირცხვილის ნიშნად მაღლა იყურებოდა. მართალია, ათენა ომში ბერძნებს ეხმარებოდა, მაგრამ კასანდრა მისი ქურუმი იყო, ქალღმერთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა და საკუთხევლის ქვეშ ხელშეუხებელი იყო. გარდა ამისა, ტაძრის შიგნით სექსუალური კავშირი მკაცრად იყო აკრძალული. სწორედ ამიტომ, სამშობლოში მიმამავალ აიანტს (აიაქსს), ათენამ გემი დაუღუპა, ნადავლი აგამემნონმა წაართვა. აიანტის ცოდვების გამოსასყიდად, ლოკრები ყოველწლიურად ათასი წლის მანძილზე, ტროელებს 2 ქალწულს უგზავნიდნენ, რათა მათ სიცოცხლის ბოლომდე ათენას ტაძარში ემსახურათ. შინ დაბრუნებული აგამემნონი და კასანდრა, ეგისთემ და კლიტემნესტრამ მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, აგამემნონსა და კასანდრას ტყუპი ვაჟები, ტელედამუსი და პელოპესი ჰყავდათ, რომლებიც ეგისთემ დახოცა. სიკვდილის შემდეგ, კასანდრა ელისეს მინდვრებზე გაგზავნეს.[16] [12]

ლაკონიელები ადიდებდნენ კასანდრას. ამიკლეში მისი სვეტი და სამლოცველო ჰქონდათ, იქვე (ან მიკენში) იყო მისი სამარეც. ჰაინრიხ შლიმანი დარწმუნებული იყო, რომ კასანდრას სამარხს მიაგნო, რადგანაც მიკენის გათხრისას, მან ერთ-ერთ სამარხში ქალისა და ორი ჩვილის ნაშთები იპოვა.[12] კასანდრას შესახებ მითი, დამუშავებულია ლიკოფრონეს ნაშრომში „ალექსანდრა“, ესქილეს ტრილოგიაში „ორესტეა“ და ევრიპიდეს ნაწარმოებში „ტროელი ქალები“.

  1. 1.0 1.1 Р. Л. Кассандра // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1895. — Т. XIVа. — С. 673.
  2. 2.0 2.1 Приам // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1898. — Т. XXV. — С. 294.
  3. 3.0 3.1 Любкер Ф. Cassandra // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 257.
  4. 4.0 4.1 Кассандра // Малый энциклопедический словарь — 2 — СПб: 1907. — Т. 1.
  5. Wilhelm Schulze, Kleine Schriften (1966), 698, J. B. Hoffmann, Glotta 28, 52
  6. Edgar Howard Sturtevant, Class. Phil. 21, 248ff.
  7. J. Davreux, La légende de la prophétesse Cassandre (Paris, 1942) 90ff.
  8. Albert Carnoy, Les ét. class. 22, 344
  9. R. S. P. Beekes, Etymological Dictionary of Greek, Brill, 2009, p. 654
  10. Schein, Seth L. (1982). „The Cassandra Scene in Aeschylus' Agamemnon“. Greece & Rome. 29 (1): 11–16. doi:10.1017/S0017383500028278. ISSN 1477-4550.
  11. The Trojan women of Euripides. ციტირების თარიღი: March 24, 2014.
  12. 12.0 12.1 12.2 Cassandra in the Classical World. English.illinois.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-11. ციტირების თარიღი: 2014-03-24.
  13. The Internet Classics Archive | The Aeneid by Virgil. Classics.mit.edu. ციტირების თარიღი: 2014-03-24.
  14. Full text of "The Trojan women of Euripides". Archive.org (2003-11-16). ციტირების თარიღი: 2014-03-24.
  15. 15.0 15.1 Classical E-Text: Quintus Smyrnaeus, Fall of Troy 12. Theoi.com. ციტირების თარიღი: 2014-03-24.
  16. Westmoreland, Perry L. (2007). Ancient Greek Beliefs. San Ysidro, CA: Lee & Vance Publishing Company, გვ. 179. ISBN 9780979324819.