ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი
ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი | |
პაკისტანის მე-5 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 სექტემბერი 1956 – 17 ოქტომბერი 1957 | |
პრეზიდენტი | ისკანდერ მირზა |
წინამორბედი | მუჰამედ ალი ჩოუდჰური |
მემკვიდრე | ისმაილ იბრაჰიმ ჩუნდრიგარი |
დაბადებული | 8 სექტემბერი 1892 მიდინიპური, ბენგალის საპრეზიდენტო ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 5 დეკემბერი 1963 (71 წლის) ბეირუთი, ლიბანი |
პოლიტიკური პარტია | ავამი ლიგა (1963) სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგა (1947) |
მამა | ზაჰიდ სუჰრავარდი |
დედა | ბეგუმ ახტარ სულეიმანი |
განათლება | ალიაჰის უნივერსიტეტი წმ. სავერიას კოლეჯი კალკუტის უნივერსიტეტი წმ. ეკატერინეს სახ. ინივერსიტეტი ოქსფორდის უნივერსიტეტი |
რელიგია | ისლამი |
ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი (ბენგ. হোসেন শহীদ সোহ্রাওয়ার্দী, ურდუ حسین شہید سہروردی; დ. 8 სექტემბერი 1892, მიდნაპური, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 5 დეკემბერი 1963, ბეირუთი, ლიბანი) — ინდოეთის და შემდეგ პაკისტანის სახელმწიფო მოღვაწე, პაკისტანის პრემიერ მინისტრი (1956-1957 წწ).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება და პოლიტიკური კარიერის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი დაიბადა მდიდარ და ცნობილ მუსლიმურ ოჯახში. სუჰავარდების ოჯახი ითვლებოდა ინდოეთის სუბკონტინენტის ერთ-ერთ წარჩინებულ ოჯახად, რომლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირველი მართლმორწმუნე ხალიფას შთამომავლები იყვნენ.
ჰუსეინის მამა, სერ ზაჰიდ სუჰრავარდი, კალკუტის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახლდათ. დედა, მწერალი ხუჯასტა ახტარ ბანუ, გახდა პირველი ინდოელი ქალი, რომელმაც ჩააბარა კემბრიჯის (Senior Cambridge) გამოცდები. უმცროსი ძმა — ჰასან სუჰრავარდი იყო პაკისტანელი პოეტი, ისტორიკოსი, მასწავლებელი და დიპლომატი.[1]
ჰუსეინ შაჰიდმა დაამთავრა კალკუტას სენტ-ქსავიეს კოლეჯი ბაკალავრის ხარისხით, 1913 წელს მიიღო არაბული ენის მაგისტრის ხარისხი კალკუტის უნივერსიტეტში, 1920 წელს — ოქსფორდის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო სამართალში და პოლიტიკური მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 1923 წელს Grace Inn-ში სწავლის შემდეგ მიიღო ადვოკატის სტატუსი.[2]
ბენგალში დაბრუნების შემდეგ ჰუსეინ შაჰიდი დაკავდა იურიდიული საქმიანობით, კერძოდ, მუშაობდა კალკუტის უმაღლეს სასამართლოში. მან თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა მუსლიმთა ლიგაში გაწევრიანებით დაიწყო. შემდეგ გადავიდა სვარაჯის პარტიაში (INC-ის ნაწილი), მაგრამ ინდო-მუსლიმთა შეტაკების შემდეგ დაუბრუნდა მუსლიმთა ლიგას. კალკუტის უმაღლეს სასამართლოში იცავდა ბრალდებულ მუსლიმ მეამბოხეებს. იგი აირჩიეს ბენგალის საკანონმდებლო ასამბლეის წევრად.
1930-იან წლებში მან გააძლიერა მუსლიმთა ლიგის პოლიტიკური პროგრამა, მხარი დაუჭირა პაკისტანის შექმნის კონცეფციას და "ორი ერის თეორიას". 1936 წელს აირჩიეს მუსლიმთა ლიგის ბენგალის ფილიალის გენერალურ მდივნად და ხელახლა აირჩიეს ბენგალის პარლამენტში.[3][4]
ბენგალის მთავრობაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1937-1943 წლებში ჰუსეინ შაჰიდი გახლდათ ვაჭრობისა და შრომის მინისტრი, 1943—1946 წწ. — ბენგალის სურსათის მომარაგების მინისტრი. ეს პერიოდი დაემთხვა შიმშილს ბენგალში (1943), რომელმაც რამდენიმე მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინდური პრესა, განსაკუთრებით ინდუისტური პრესა, მკაცრად აკრიტიკებდა ჰუსეინ შაჰიდის საქმიანობას მინისტრის პოსტზე.
1945 წლის საყოველთაო არჩევნების დროს მან წარმატებით ჩაატარა კამპანია ხავაჯა ნაზიმუდინის წინააღმდეგ, მოიპოვა საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა მუსლიმთა ლიგის მხრიდან.
1946—1947 წლებშიჰუსეინ შაჰიდს ბენგალის მთავრობაში ეკავა მთავარი მინისტრის თანამდებობა. ბენგალის დამოუკიდებლობაზე საუბრისას ის მწვავედ გააკრიტიკეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის წევრებმა. ჰუსეინ შაჰიდი უერთდებოდა მოთხოვნებს ბენგალის მეორე დაყოფის შესახებ და მხარს უჭერდა დამოუკიდებელი გაერთიანებული ბენგალის იდეას, ხოლო ნაზიმუდინი პაკისტანთან გაერთიანების იდეის მომხრე იყო. ისტორიკოსთა უმეტესობა მას პასუხისმგებლობას აკისრებს "პირდაპირი მოქმედების დღის" დროს მომხდარი მასობრიი ძალადობისა და არეულობის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო (1946).[5]
დამოუკიდებელი პაკისტანის შექმნისა და ნაზიმუდინის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, ჰუსეინ შაჰიდი გარკვეული დროით გაემგზავრა ინდოეთში, სადაც მაჰათმა განდის სთხოვა მხარდაჭერა. 1949 წლის მარტში დაბრუნდა პაკისტანში, ერთი წლის შემდეგ — 1950 წლის მარტში სათავეში ჩაუდგა მუსლიმთა სახალხო ლიგას (მოგვიანებით ავამი ლიგა). მან დაამყარა ალიანსი კომუნისტურ პარტიასთან და სხვა მემარცხენე პარტიებთან, შექმნა „ერთიანი ფრონტი“.
1954—1955 წლებში ჰუსეინ შაჰიდს ეკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი პაკისტანის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელის მუჰამედ ალი ბოგრას კაბინეტში. იგი ასევე ხელმძღვანელობდა პროგრამას One Unit, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებისა და ეროვნებების ინტეგრაციის გაძლიერებისკენ. ჰუსეინ შაჰიდმა მხარი დაუჭირა უნდობლობის გამოცხადებას პრემიერ მინისტრ ალი ბოგრასადმი და მისი გადადგომის შემდეგ მთავრობას ჩაუდგა სათავეში.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰუსეინ შაჰიდი 1956-1957 წლებში პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იყო, პარალელურად იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს. ქვეყანა მასიურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, რომელიც მიმართული იყო One Unit პროგრამის წინააღმდეგ. ხალხი გამოდიოდა პროვინციების ყოფილი სტატუსის აღდგენის მოთხოვნით. 1956 წელს მან შეაჩერა ეროვნული საფინანსო კომისიის (NFC) პროგრამა საგადასახადო შემოსავლების განაწილებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ და დასავლეთ პაკისტანს შორის. ამავე დროს ქვეყანა დამოკიდებული რჩებოდა ამერიკულ ნაწარმზე. მალე მუშების მასობრივი გაფიცვები, რომლებიც აპროტესტებდნენ მის ეკონომიკურ პოლიტიკას, მთელ ქვეყანას მოედო.
ჰუსეინ შაჰიდი ატარებდა პროამერიკულ პოლიტიკას, მტრულად იყო განწყობილი საბჭოთა კავშირის მიმართ, რაც ეწინააღმდეგებოდა ავამის ლიგის პარტიის გენერალურ ხაზს, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. 1957 წლის ივლისში შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის დროს, იგი დათანხმდა პაკისტანის ტერიტორიის გამოყენებას აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სადაზვერვო ოპერაციებისთვის. სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო პაკისტანისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებისთვის. 1960 წელს U-2 ინციდენტმა სერიოზული ზიანი მიაყენა პაკისტანის ეროვნულ უსაფრთხოებას, როდესაც საბჭოთა კავშირმა საბოლოოდ დაადგინა ამერიკული ბაზა პაკისტანში ჩამოგდებული ჯაშუშური თვითმფრინავის პილოტის დაკითხვის შემდეგ. ამავე დროს, მან უგულებელყო სსრკ-ს წინადადება სამმხრივ ფორმატში ქაშმირის მოგვარების საკითხის განხილვის შესახებ. 1956 წელს ჰუსეინ შაჰიდმა ხელი მოაწერა პაკისტანი-ჩინეთის თანამშრომლობის ხელშეკრულებას და მოხდა დელეგაციების გაცვლა ორ ქვეყანას შორის. ამავდროულად, მკვეთრად გაუარესდა ურთიერთობა ინდოეთთან.[6]
ამ პერიოდში ნაზირ აჰმედის ხელმძღვანელობით დაიწყო პაკისტანის ბირთვული პროგრამის განხორციელება.
მისმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და გადასახადების განაწილებამ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გამოიწვია მასიური გაფიცვები 1956 წელს. მის პოლიტიკურ დამოკიდებულებას შეერთებულ შტატებზე სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა მისი საკუთარი ავამი ლიგას პარტიისა და მისი გავლენიანი სულიერი ლიდერის, აბდულ ჰამიდ ხან ბჰაშანის მხრიდან, რომელიც ეჭვის თვალთ უყურებდა ამერიკის გავლენის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრი ემხრობოდა პაკისტანის გაწევრიანებას SEATO-ში, ბჰაშანი კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ. გარდა ამისა, პარტიას ეშინოდა მთავრობის მეთაურის და პრეზიდენტ ისკანდერ მირზას დაახლოების, რომელიც პაკისტანის მუსლიმთა ლიგას წარმოადგენდა. ავამი ლიგა დაშლის პირას იყო. 1957 წლის ოქტომბერში საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვისა და უნდობლობის გამოცხადების შემდეგ ჰუსეინ შაჰიდმა თანამდებობა დატოვა.[7]
სახელმწიფო გადატრიალების (1958) შემდეგ მას აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა. 1960 წელს ჰუსეინ შაჰიდმა დატოვა ქვეყანა და ცხოვრობდა ბეირუთში. 1962-1963 წლებში გახლდათ ოპოზიციური ჯგუფების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.[8][9]
ჰუსეინ შაჰიდი გარდაიცვალა სასტუმროს ნომერში გულის შეტევით, მაგრამ ბევრ ბენგალელს ეჭვი ეპარებოდა ამ ოფიციალურ ვერსიაში. ის დაკრძალეს სამი ლიდერის მავზოლეუმში.[10]
პაკისტანის და ბანგლადეშის არაერთი საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულება ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდის სახელს ატარებს.[11]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი 1920 წელს დაქორწინდა ბეგუმ ნიაზ ფატიმაზე, მოსამართლე სერ აბდურ რაჰიმის ასულზე, მათ შეეძინათ ორი შვილი: ვაჟი აჰმედი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით ლონდონში სწავლის დროს, ხოლო ქალიშვილი ჯაჰანი დაქორწინდა მოსამართლე სერ შაჰ სულეიმანის ვაჟზე. მისი შვილიშვილი შაჰიდა ჯამიელი პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. იყო პაკისტანის მუსლიმთა ლიგის (N) წარმომადგენელი. 1999 წლიდან 2007 წლამდე ეკავა პაკისტანის იუსტიციის მინისტრის პოსტი.
ჰუსეინ შაჰიდი 1940 წელს დაქორწინდა პოლონური წარმოშობის რუს მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობსა და მოცეკვავე ვერა ტიშჩენკოზე, რომელმაც მიიღო ისლამი, დაირქვა სახელი ბეგუმ ნურ ჯეჰანი და მიიღო პაკისტანის მოქალაქეობა 1947 წელს. 1951 წელს ისინი განქორწინდნენ.
განქორწინების შემდეგ, ვერა გადავიდა შეერთებულ შტატებში თავის ერთადერთ ვაჟთან, რაშიდ სუჰრავარდთან ერთად. რაშიდ სუჰრავარდი ცნობილია როგორც ბრიტანელი მსახიობი რობერტ ეშბი. მან ჯავაჰარლალ ნერუს როლი შეასრულა ფილმში „ჯინნა“ (1998).[12]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Huseyn Shaheed Suhrawardy: A Biography by Begum Shaista Ikramullah (Oxford University Press, 1991)
- Prime Minister Huseyn Shaheed Suhrawardy of Pakistan on Face the Nation, 14 July 1957
- Suhrawardy Becomes Prime Minister
- Chronicles Of Pakistan
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Neha Banka (7 February 2020). "Streetwise Kolkata: Suhrawardy Avenue… no, not named after the 'Butcher Of Bengal'". The Indian Express.
- ↑ "An unlikely partnership: Bangabandhu and Suhrawardy"[მკვდარი ბმული]. Dhaka Tribune (opinion). 6 December 2019.
- ↑ "Remembering Salma Sobhan". The Daily Star. 29 December 2014.
- ↑ "Programme for Direct Action Day". Star of India. 13 August 1946.
- ↑ "The Unforgettable Suhrawardys of Bengal". The Daily Star. 9 November 2020.
- ↑ alukdar, Mohammad Habibur Rahman, ed. (2009) [First published 1987]. Memoirs of Huseyn Shaheed Suhrawardy with a Brief Account of His Life and Work (2nd ed.). Oxford University Press. p. 6. ISBN 978-0-19-547722-1.
Later he entered the Calcutta Aliya Madrasah and graduated with honours in science from St Xavier's College.
- ↑ "Programme for Direct Action Day". Star of India. 13 August 1946.
- ↑ Jaffrelot, Christophe (2015). The Pakistan Paradox: Instability and Resilience. Oxford University Press. p. 214. ISBN 978-0-19023-518-5.
Bengalis were not above factional battles motivated by personal interest. Suhrawardy thus backed the One-Unit Scheme to ... become prime minister at the expense of his province's [East Pakistan's] interests ... Suhrawardy thus tried to break free from Mirza's control by seeking a vote of confidence from the Assembly. Mirza, unwilling to acknowledge the Assembly's power to approve and dismiss governments, refused to convoke it.
- ↑ Balouch, Akhtar (21 July 2015). "The political victimisation of Huseyn Shaheed Suhrawardy". Dawn. Pakistan. Retrieved 2 February 2018.
- ↑ Syed Badrul Ahsan (7 December 2018). "What if Suhrawardy had not died?". Dhaka Courier. Retrieved 21 June 2022.
- ↑ "Listeners name 'greatest Bengali'". BBC News. 14 April 2004. Retrieved 19 August 2018.
- ↑ "Huseyn Shaheed Suhrawardy–Former Prime Minister of Pakistan". Story of Pakistan. Lahore, Punjab, Pakistan: Nazaria-i-Pakistan Trust. 22 October 2013. Retrieved 29 January 2018.