1943 წლის მასობრივი შიმშილი ბენგალში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალი ბავშვით. კალკუტა, 1943

1943 წლის მასობრივი შიმშილი ბენგალში (ბენგ. পঞ্চাশের মন্বন্তর) — მოვლენა ბრიტანეთის ინდოეთის ბენგალის პროვინციაში (დღევანდელი ბანგლადეში, დასავლეთ ბენგალი და აღმოსავლეთ ინდოეთი) მეორე მსოფლიო ომის დროს, რომლის დროსაც სხვადასხვა მონაცემებით 60,3 მილიონი ადამიანიდან   დაახლოებით 2,1–3,8 მილიონი გარდაიცვალა შიმშილით, მალარიით და სხვა დაავადებებით, რომლებიც გამოწვეული იყო არასრულფასოვანი კვების, მოსახლეობის გადაადგილების, ანტისანიტარიული პირობებისა და სამედიცინო დახმარების არქონის გამო.[1]

ბუნებრივი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმშილის უშუალო მიზეზი იყო საკვების შემცირება, მოთხოვნის გარკვეული ზრდის ფონზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ბენგალში ბრინჯის სამი ძირითადი კულტურა მოჰყავდათ: ზამთარში —“ამანი“, შემოდგომაზე — „აუსი“  და გაზაფხულზე — „ბორო“. „ამანი“ შეადგენდა ბრინჯის მთლიანი წარმოების დაახლოებით 70%-ს, მაგრამ 1942 წლის ზამთრის ციკლონმა გაანადგურა მოსავლის დიდი ნაწილი სამხრეთ სანაპირო რაიონებში და შემდგომმა გადაჭარბებულმა ნალექმა და წყალდიდობამ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა ნათესებს. სულ დაზარალდა 3200 კვადრატული მილი მიწის ნაკვეთი, საიდანაც 450 კვადრატული მილი მოქცევის ტალღებმა წაიღო და 400 კვადრატული მილი დაიტბორა წყალდიდობის შედეგად. სოკომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა და გაანადგურა ზოგიერთი ჯიშის ბრინჯის 50%-დან 90%-მდე.[2] [3] [4]

მეორე მსოფლიო ომის გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელი: ბირმელი ლტოლვილები ინდოეთისკენ მიემართებიან.
ფერმერები ხნავენ ბრინჯის ველს წყლის კამეჩებით გუშკარასთან, ბენგალი, 1944 წ.

ამავდროულად, ბირმის იაპონურმა ოკუპაციამ გამორიცხა ბრინჯის იმპორტის შესაძლებლობა, რომელიც ბენგალის ბაზრის დაახლოებით 20%-ს შეადგენდა. ბირმის ოკუპაციამ ასევე გამოიწვია ბრინჯის ფასების ზრდა, რადგან გადამყიდველებმა დაიწყეს ბენგალური მოსავლის შესყიდვა. ბრინჯის ფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა 1942 წლის დეკემბრის შემდგომ ექვს თვეში. ბრინჯის დეფიციტის გამო პანიკა მხოლოდ ზრდიდა ფასებს. თუმცა, სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ბრინჯის ხელმისაწვდომობის დონე მხოლოდ 5%-ით დაბალი იყო წინა წელთან შედარებით და 13%-ით უფრო მაღალი ვიდრე 1941 წელს. გარდა ამისა, ხორბლის ექსპორტის ზრდამ კომპენსირება მოახდინა ბრინჯის მოსავლის შემცირებაზე, ამიტომ 1943 წელს ბენგალში საკვების რეალური დეფიციტი არ ყოფილა. ფასები გაიზარდა ბრინჯის დეფიციტის შესახებ ჭორების გამო და არა თავად მოსავლის უკმარისობის გამო, შიმშილობა გამოიწვია ბაზრის სპეკულაციამ.[2]

ბრიტანეთის კოლონიური ადმინისტრაციის როლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენგალის ოლქების რუკა. 1943 წ.

შიმშილობის ერთ-ერთ მიზეზად ხშირად ბრიტანეთის ადმინისტრაციის ქმედებებს  ასახელებენ. 1943 წლის პირველ შვიდ თვეში  ბენგალიდან 80000 ტონა საკვები მარცვლეული იქნა გატანილი. ხელისუფლებამ, იაპონიის შემოჭრის შიშით, მიმართა გადამწვარი მიწის ტაქტიკას.[5] კერძოდ, ჩამორთმეული იქნა ყველა ნავი, რომელსაც შეეძლო 10-ზე მეტი ადამიანის გადაყვანა (სულ 66500 ნავი). ამან შეაფერხა შიდა წყლის სატრანსპორტო სისტემა, რადგან მოსახლეობა იყენებდა ნავებს თევზაობისთვის და საკვების ბაზრებზე გასატანად. ინდოელი ეკონომისტი ამარტია სენი ამტკიცებს, რომ ბენგალის შიმშილობა გამოწვეული იყო ქალაქების ეკონომიკური ბუმით, რამაც გაზარდა სურსათის ფასები და ამით მილიონობით სოფლის მუშაკი, რომელთა შემოსავალი უცვლელი რჩებოდა, შიმშილობისთვის განწირა. ბრიტანეთის მთავრობას შეეძლო კოლონია სურსათით მოემარაგებინა, მაგრამ სენის თქმით, მას ნაკლებად აინტერესებდა ღარიბების დახმარება.[6]

ისტორიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიმშილობის მიზეზებზე დებატები გაგრძელდა მომდევნო ათწლეულებში. შიმშილობის მიზეზების დადგენის მცდელობები მოიცავდა ისეთი რთული საკითხების ანალიზს, როგორიცაა ბუნებრივი ძალების გავლენა, ბაზრის ფაქტორი, წარუმატებელი პოლიტიკა ან თუნდაც სამთავრობო უწყებების მიერ შექმნილი ვითარების ბოროტად გამოყენება, ომის საკითხით სპეკულირება ან არაკეთილსინდისიერი საქმიანობა კერძო ბიზნესის მხრიდან. კვლევას ართულებს ამჟამად არსებული სტატისტიკის დიდი ნაწილის საეჭვო სიზუსტე, ისევე როგორც საკითხის უაღრესად პოლიტიზირება.[7]

 სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. O Gráda, Cormak. Making Famine History // Journal of Economic History. — Vol. 45, no. 1. — P. 5-38. — doi:10.1257/jel.45 1 5. .._ p.. 19
  2. 2.0 2.1 Myers D. Causes of the Great Bengal Famine 1943 — suite101, 14.08.2010.
  3. Knight, H. Food Administration in India, 1939-47. — 4. — Stanford: Stanford University Press, 1954. — P. 80. — 323 p. — ISBN 9780804704472.
  4. Sreenivasaprasad S., Johnson R., Manibhushan Rao K. Major Fungal Diseases of Rice: Recent Advances. — Dordrecht: Kluwer Academic Publishers, 2002. — P. 293. — 365 p. — ISBN 9781402000508.
  5. Shiva V. Stolen Harvest: The Hijacking of the Global Food Supply. — South End Press, 2000. — P. 5. — 146 p. — ISBN 9780896086074.
  6. World War II in the Pacific: An Encyclopedia / Ed. Sandler S. — New York: Garland Publishing, Inc., 2001. — P. 168. — 660 p. — ISBN 9780815318835.
  7. Tauger, Mark B. The Indian Famine Crises of World War II // British Scholar  . — 2009. — March (т. 1, № 2). — P. 166—196. — doi:10.3366/brs.2009.0004.