ხავაჯა ნაზიმუდინი
ხავაჯა ნაზიმუდინი | |
პაკისტანის მე-2 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 ოქტომბერი 1951 – 17 აპრილი 1953 | |
მონარქი | ჯორჯ VI ელისაბედ II |
წინამორბედი | ლიაკათ ალი ხანი |
მემკვიდრე | მუჰამედ ალი ბოგრა |
პაკისტანის გენერალ-გუბერნატორი | |
მონარქი | ჯორჯ VI |
წინამორბედი | მუჰამედ ალი ჯინა |
მემკვიდრე | ღულამ მუჰამედი |
აღმოსავლეთ პაკისტანის პირველი მთავარი მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აგვისტო 1947 – 14 სექტემბერი 1948 | |
მონარქი | ჯორჯ VI |
წინამორბედი | თანამდებობა დამტკიცებულია |
მემკვიდრე | ნურულ ამინი |
ბენგალის მე-2 პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 აპრილი 1943 – 31 მარტი 1945 | |
მონარქი | ჯორჯ VI |
წინამორბედი | აბულ კასემ ფაზლ - ულ - კახი |
მემკვიდრე | მუჰამედ ალი ბოგრა |
დაბადებული | 19 ივლისი 1894 დაკა ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 22 ოქტომბერი 1964 (70 წლის) დაკა, აღმოსავლეთ პაკისტანი, პაკისტანი |
პოლიტიკური პარტია | მუსლიმთა ლიგა (1958) სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგა (1947) |
განათლება | ალიგარხის მუსლიმთა უნივერსიტეტი ტრინიტი ჰოლი |
რელიგია | ისლამი |
ხავაჯა ნაზიმუდინი (ბენგ. খাজা নাজিমুদ্দীন Khaja Nazimuddin; ურდუ خواجہ ناظم الدین; დ. 19 ივლისი, 1894 დაკა ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 1964 წლის 22 ოქტომბერი, დაკა, პაკისტანი) — პაკისტანელი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალური გუბერნატორი (1948-1951) და პაკისტანის პრემიერ მინისტრი (1951-1953).[1][2][3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა მდიდარ არისტოკრატულ ოჯახში. დაამთავრა ალიგარჰის მუსლიმური უნივერსიტეტი, მიიღო ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. სწავლის პერიოდში წარმატებით თამაშობდა ჩოგბურთს, წარმოადგენდა თავის უნივერსიტეტს სტუდენტურ თამაშებზე.[4]
ხავაჯა ნაზიმუდინი სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში გააგზავნეს, სადაც დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტის კოლეჯი, მიიღო ინგლისურის ენის მაგისტრის ხარისხი. ინგლისში მიღებულმა განათლებამ საშუალება მისცა ემუშავა ადვოკატად და გამხდარიყო იურისტი ინგლისში. 1940-იანი წლების ბოლოს მას მიენიჭა იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი დაკას უნივერსიტეტში.
ინდოეთში დაბრუნების შემდეგ შეუერთდა ინდოეთის მუსლიმთა ლიგას თავის ძმასთან — ხავაჯა შაჰბუდინთან ერთად. 1922-1929 წლებში გახლდათ დაკას მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე. 1929-1934 წლებში — ბენგალის განათლების მინისტრი. 1934 წელს მიენიჭა რაინდის წოდება. 1934-1937 წლებში იყო ბრიტანეთის ინდოეთის ვიცე-მეფის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
1937-1943 წლებში გახლდათ ბენგალის შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც კონსერვატიული შეხედულებების მატარებელი, გახდა მუსლიმთა ლიგის პრეზიდენტის, მუჰამედ ალი ჯინას ახლო თანამოაზრე, რომელმაც ის დანიშნა ლიგის აღმასრულებელ კომიტეტში. 1940—1941 წლებში ხავაჯა ნაზიმუდინი გაემიჯნა კოალიციას, რომელსაც პრემიერ მინისტრი ფაზლ-ულ-ჰაკი ხელმძღვანელობდა და გადაწყვიტა გამხდარიყო ოპოზიციის ლიდერი, ხელმძღვანელობდა კამპანიას ჰაკის პრემიერობის წინააღმდეგ და ძირითადად ფოკუსირებული იყო ბენგალური ნაციონალიზმის საკითხებზე.
აღმოსავლეთ პაკისტანის სათავეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1943 წლის აპრილში ფაზლ-ულ-ჰაკის გადადგომის შემდეგ, იგი გახდა ბენგალის მთავარი მინისტრი. ხსენებული თანამდებობა ეკავა 1945 წლამდე. 1947 წლის აგვისტოში აირჩიეს აღმოსავლეთ ბენგალის მუსლიმთა ლიგის ლიდერად. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ცალკე მუსლიმური სახელმწიფოს — პაკისტანის შექმნაში. ამავდროულად, ის აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდის მთავრობას. 1947-1948 წლებში გახლდათ აღმოსავლეთ პაკისტანის მთავარი მინისტრი. ხელმძღვანელობდა "ნდობის მოძრაობას", რომელმაც საბოლოოდ მისცა ხმა პაკისტანის ფედერაციაში გაწევრიანებას და მოახდინა აღმოსავლეთ პაკისტანის მთავრობის რეორგანიზაცია მის ადმინისტრაციაში კონსერვატიული წევრების დელეგირებით.[5]
1948 წლის სექტემბერში მუჰამედ ალი ჯინას გარდაცვალების შემდეგ ხავაჯა ნაზიმუდინი დაინიშნა პაკისტანის გენერალურ გუბერნატორად. ის იკავებდა კონსერვატიულ პოზიციას, გამოდიოდა ქვეყანაში სეკულარიზმის წინააღმდეგ. 1950 წელს გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ პაკისტანი არ იქნებოდა სრულყოფილი მანამ, სანამ მთელი ქაშმირი არ განთავისუფლდებოდა.
1951 წელს ლიაკათ ალი ხანის მკვლელობის შემდეგ, მას მუსლიმთა ლიგის ლიდერებმა მიმართეს თხოვნით, სათავეში ჩადგომოდა მთავრობას. მისი კაბინეტი ფოკუსირებული იყო კონსერვატიული პოლიტიკური პროგრამების ხელშეწყობაზე, ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი კონსტიტუციას, რომელიც პაკისტანს საშუალებას მისცემდა გამხდარიყო რესპუბლიკა და გაეუქმებინა ბრიტანეთის სამფლობელოს სტატუსი. ეს იყო ეროვნული ეკონომიკის შესუსტებისა და პროვინციული ნაციონალიზმის აღზევების პერიოდი. ამავე დროს მუსლიმთა ლიგა ორ ნაწილად გაიყო. 1951 წელს ჩატარდა ქვეყნის პირველი საყოველთაო აღწერა, რომელმაც დაადგინა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 57%-ს ყარაჩიში მცხოვრები ინდოელი ემიგრანტები შეადგენდნენ. ამანკიდევ უფრო გაართულა სიტუაცია ქვეყანაში. 1952 წელს ხავაჯა ნაზიმუდინის განცხადებამ, რომ მხოლოდ ურდუ უნდა ყოფილიყო "ერთადერთი" ენა, ძალადობის ტალღა გამოიწვია ქვეყანაში, რადგან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვდა ბენგალური ენის თანასწორობის აღიარებას. მალე ორთოდოქსული ჯამაათ-ე-ისლამის ხაზის მასობრივი კამპანია დაიწყო აჰმადიას რელიგიური მოძრაობის წინააღმდეგ, მისი წევრების არამუსლიმებად აღიარების მოთხოვნით. მთავრობა იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა პენჯაბში ამ მოძრაობის წევრების საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ.
სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, გენერალურმა გუბერნატორმა მუჰამედ ღულამმა ხავაჯა ნაზიმუდინს გადადგომა შესთავაზა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგარამ პრემიერ-მინისტრმა უარი განაცხადა. ამიტომ გენერალურმა გუბერნატორმა გამოიყენა ინდოეთის მთავრობის 1935 წლის კანონით მინიჭებული დამატებითი უფლებამოსილება და უზენაეს სასამართლოს მიმართა პრემიერ-მინისტრის გადაყენების მოთხოვნით. საბოლოოდ, 1954 წელს დაინიშნა ვადამდელი არჩევნები.
ამის შემდეგ ხავაჯა ნაზიმუდინი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა.
გარდაიცვალა 1894 წელს. დაკრძალეს სამი ლიდერის მავზოლეუმში მშობლიურ ქალაქ დაკაში.[6][7][8]
ხავაჯა ნაზიმუდინი ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით. 1934 წლისთვის, მისი ოჯახი ფლობდა თითქმის 200,000 ჰექტ. მამულებს აღმოსავლეთ ბენგალის სხვადასხვა რაიონში. შილონგში, ასამსა და კალკუტაში არსებულ უძრავ ქონებასთან ერთად წლიური ქირიდან მიღებული შემოსავალი 120,000 ფუნტს (2,736,497.94 აშშ დოლარის ექვივალენტი 2017 წლისთვის) შეადგენდა. [9]
მისი ძმისშვილი ვასიუდინ ხაჯა გახდა გენერალი, მსახურობდა მე-2 არმიის კორპუსის (GOC-in-C) მეთაურად. 1974 წელს ის ბანგლადეშში დაბრუნდა. უმცროსი ძმა შაჰაბუდინი გახლდათ ინფორმაციის მინისტრი პრეზიდენტ მუჰამედ აიუბ ხანის ადმინისტრაციაში.
ხავაჯა ნაზიმუდინის პატივსაცემად მის სახელს ატარებს საცხოვრებელი უბნები კარაჩიში (ნაზიმაბადი და ჩრდილოეთ ნაზიმაბადი), გზის კვანძი (ნაზიმუდინის გზა) ისლამაბადში და გზატკეცილი დაკაში. [10]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინდოეთის იმპერიის ორდენის რაინდი (1934).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sir Khwaja Nazimuddin // Munzinger Personen (გერმ.)
- ↑ "Khawaja Nazimuddin | Former Governor General of Pakistan". 1 June 2003. Retrieved 20 September 2016.
- ↑ "দিল্লির সিংহাসনে প্রথম বাঙালি এবং তাঁর ভূমিকা | মতামত" დაარქივებული 2022-11-03 საიტზე Wayback Machine. . 22 August 2015.(ბენგ.)
- ↑ Alumni - Trinity Hall
- ↑ "The Official website of the Dhaka Nawab Family: Biographies" დაარქივებული 2013-03-07 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 12 January 2012.
- ↑ "In Memory of the Three Leaders". 12 August 2016.
- ↑ Indo-iranica (1991) Indo-iranica Iran Society. Retrieved 20 March 2017.
- ↑ Qasmi, Ali Usman (16 December 2015). "1971 war: Witness to history". herald.dawn.com. Retrieved 21 January 2016.
- ↑ Ahmed, Khaled (22 July 2015). "Defined by exclusion". The Indian Express. Retrieved 22 January 2016.
- ↑ "Stamp of Sir Khawaja Nazimuddin".