შინაარსზე გადასვლა

ხაშმის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაშმის ციხე — კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის დასავლეთ განაპირას, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე. სავარაუდოდ, თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით.

ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად: „ხაშმს, ყვეს მონასტვრი და ციხე ნათლისმცემლის მონაზონთა“. ჩანს, რომ XVIII საუკუნის I მეოთხედში ციხე და ეკლესია უკვე აშენებული ყოფილა. გერმანელი მეცნიერის და მოგზაურის იოჰან გიულდენშტედტის ცნობით, იმხნად, ლეკების ხშირი შემოსევების გამო, ხაშმის ციხე უკვე მიტოვებული ყოფილა.

კომპლექსში შედის: წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, სამი კოშკი და გალავანი. ნაგებობები ერთდრულად არ არის აგებული. თავდაპირველად აქ მდგარა მხოლოდ ეკლესია, რომლისთვისაც აგებიდან მოკლე ხანში, დასავლეთიდან კოშკი მიუშენებიათ, ხოლო ეკლესიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ოცდაათიოდე მეტრზე, ჭიშკირიანი კოშკი აუგიათ. ამ კოშკთან ერთად, ეკლესიას გალავანიც უნდა ჰქონოდა, მოგვიანებით, გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ გალავნის ნაცვლად ახალი გალავნი აუგიათ, რომელიც ბევრად უფრო მეტ ფართობს ფარგლავდა. ჭიშკრიანი კოშკის გარდა, ახალ გალავანში სამი ცილინდრული კოშკიც იყო ჩართული. მას შემდეგ რაც ციხემ ფუნქცია დაკარგა, იგი ძლიერ დაზიანდა. XIX საუკუნის ბოლოს ციხის ტერიტორიაზე სახლები ჩაუდგამთ და ერთ-ერთი კოშკი მთლიანად მოუშლიათ.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დგას ეზოს დასავლეთ ნაწილში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეების მიჯნით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ტლანქად დამუშავებული ქვიშაქვით, გამოყენებულია ასევე რიყის ქვა და აგური. აგურითაა ნაწყობი კამარა, კონქი და საბჯენი თაღები.

ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარი თარაზულადაა გადახურული.

აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის იატაკი, დარბაზის იატაკის მიმართ, ოდნავ შემაღლებულია. აფსიდის მხრების ხაზიდან რამდენადმე წინ წამოწეული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. აფსიდის ღერძზე გაჭრილია გარეთკენ ოდნავ შევიწროებული, შეისრულთაღოვანი სარკმელი, რომელიც XIX საუკუნეში ძლიერ გაუგანიერებიათ. აფსიდში სამი ნიშაა მოწყობილი. ორი მათგანი სარკმლის ჩრდილოეთითაა, ხოლო ერთი - სამხრეთით. ამ უკანასკნელსა და საკურთხევლის სარკმელს შორის, იატაკის დონეზე, მცირე სამალავია. საკურთხევლის შუაში დგას აგურით ნაგები, ოთხწახნაგა ტრაპეზი. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისაგან ქვის კანკელითაა გამიჯნული.

დარბაზის გრძივი კედლები და კამარა, თითო შეკიდული პილასტრითა და მათზე გადაყვანილი, შეისრული საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა, შეისრულია კამარაც და კონქის თაღიც. პილასტრები სუფთად დამუშავებული, მოზრდილი ქვებითაა ნაწყობი და დასრულებულია ქვიშაქვისავე კაპიტელებით, რომელთა პროფილს თარო და შეზნექილი ზედაპირი შეადგენს. ორივე პილასტრს ძირი მომრგვალებული აქვს. თითო პილასტრი დარბაზის დასავლეთ კუთხეებშიცაა, მათზე კედლის მიმდებარე თაღია გადაყვანილი. კამარის ორივე მონაკვეთის ზედა ნაწილი შეკრული კამარის მსგავსადაა გამოყვანილი - თითოეული მათგანი ოთხი სამკუთხა ნაწილისგან შედგება, რომელთა წვეროები თავს კამარის ცენტრში იყრის. ინტერიერი შელესილია. ადრე კედლები შეთეთრებული ყოფილა.

დარბაზის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, პილასტრსა და აფსიდის მხარს შორის, მაღალი, შეისრული თაღით გადახურული სარკმელი იყო გაჭრილი, რომელიც, ისევე როგორც საკურთხევლის სარკმელი, XIX საუკუნეში ძლიერ გაუგანიერებიათ. ჰქონდა თუ არა ეკლესიას სარკმელი დასავლეთითაც, ამჟამად არ ირკვევა, რადგან XIX საუკუნეში, ეკლესიის ფართობის გაზრდის მიზნით, დასავლეთ კედელი მთელ სიმაღლეზე გაუხსნიათ.

ეკლესიის ფასადები სადაა, კედლები მოპირკეთებულია არცთუ ისე სუფთად დამუშავებული ქვიშაქვით. წყობა მეტ-ნაკლებად წესიერია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, კედლის სიღრმეში ჩაძირული, მოჩუქურთმებული ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ჯვრის ზედა და განივ მკლავებს წაწყვეტებული ბოლოები აქვს და ირგვლივ, ცერად ჩაკვეთილ არეზე გამოყვანილი, ჩუქურთმიანი არშია ევლება. ჯვრის ქვედა მკლავის ბოლოსთან შემორჩენილი იყო თავდაპირველი სარკმლის თაღი. იგი ნახევარწრიული მოყვანილობისაა, გამოკვეთილია ერთ ქვაში და გარშემო სადა ლილვი ევლება. თავდაპირველი სარკმლის ზედა ქვა სამხრეთ ფასადზეც იყო შემორჩენილი. მასში ლილეშემოვლებული, შეისრული თაღია გამოკვეთილი. ეკლესიის კედლები დასრულებულია ნათალი ქვის ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, ლილვი და წრეთარგი შეადგენს. ეკლესია გადახურული იყო ლორფინით.

კოშკი გეგმით კვადრატულია და ეკლესიას მთელ სიგანეზე გაუყვება. თავდაპირველად იგი სამსართულიანი ყოფილა. პირველი სართული, როგორც ჩანს, ეკლესიის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა, მეორე - საცხოვრებელია, რომელზეც, სავარაუდოდ, სამრეკლოს ფაჩანტური იყო დადგმული. კოშკი, ისევე როგორც ეკლესია, XIX საუკუნის გადაკეთებებით, მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. მისი პირველი სართული სამხრეთიდან შეისრული თაღით იყო გახსნილი. მეორე, გაცილებით ვიწყო შესასვლელი სართულის ჩრდილოეთ კედელშია. დასავლეთ კედელში კი მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. კიბის უჯრედში შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ კიდესთანაა. მეორე, თავდაპირველი შესასვლელი კიბეს გარედან, დასავლეთიდანაც აქვს. შიგნით, სართულის ოთხივე კედელზე, გამოყვანილია შეისრული თაღები, კუთხეებში კი - შეისრულთაღოვანი აფრები, რომლებიც მთლიანად აგურით ნაწყობ, „თეფშისებრი“ გუმბათის წრიულ საფუძველს ქმნის. სართულის ჩრდილოეთ კედელში, იატაკიდან 0,7-0,8 მეტრ სიმაღლეზე, ორი მცირე, შეისრულთაღოვანი ნიშაა. მათგან აღმოსავლეთით მდებარე, ადრე არსებული კარის ამოშენებულ ნაწილშია მოწყობილი. სამხრეთ კედელში კი მხოლოდ ერთი განიერი ნიშაა, რომელიც, ისევე როგორც ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნიშა, კარის ღიობში ჩაშენებულ კედელშია.

კოშკის მეორე სართულიც გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. აქაც გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება. სართული, აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი ფართო, სამკუთხა თაღით გადახურული ღიობით, უშუალოდ უკავშირდება ეკლესიის დარბაზს. სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში გაჭრილია თითო მოზრდილი, შეისრულთაღოვანი სარკმელი. დასავლეთ კედელში შეისრულთაღოვანი ნიშა. ოთხივე კედელზე, მთელ სიგანეზე, შეისრული თაღებია გადაყვანილი. ამ სართულზეც ზედა სართულზე ასასვლელი კიბე დასავლეთ კედელშია მოწყობილი. კიბის შესასვლელი კი - დასავლეთ კედლის სამხრეთ კიდესთან. კოშკის ორივე სართული შელესილია.

კოშკი გარედან მარტივი, კუბური მასაა. კედლები რიყის წვრილი ქვითა და აგურითაა ნაგები. ქვა თანაბარი ზომისაა და მოქცეულია აგურის ორი რიგით გამოყვანილ, თარაზულ ზოლებს შორის. ზოლები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილითაა დაშორებული და შესაბამის კედლებს მთელ სიგრძეზე გაუყვება. კუთხეები და არქიტექტურული ელემენტები ძირითადად აგურისაა. კედლების ზედაპირი გასწორებულია წმინდა დუღაბით, რომელშიც ქვები თითქმის მთლიანად არის ჩაძირული. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელი ოდნავ შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია მოქცეული, რომლის ზედა, თაღის მიღმა დარჩენილი ნაწილი, თევზიფხურად ნაწყობი აგურის წყობითაა შევსებული.

2004-2005 წლებში, „საქართველოს ისტორიის ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ დაფინანსებით, ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

ეკლესიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდგარი კოშკი ეკლესიაზე მიშენებული კოშკის თანადროულია. იგი გეგმით თითქმის კვადრატულია — სამსართულიანი. კოშკის პირველი სართული შეისრულკამაროვანი გადასასვლელია, მეორე საცხოვრებელი, ხოლო მესამე - საბრძოლო ბანი. საშენი მასალა ორგვარია: რიყის ქვა და აგური. კოშკის გარეთა კედლები ძირითიდად რიყის ქვითაა ამოყვანილი, აგური კუთხეების და არქიტექტურული ელემენტების წყობაშია გამოყენებული. შიგნით, კონტრატული ნაწილები და კედლები თითქმის მთლიანად აგურისაა. პირველი სართული აღმოსავლეთით და დასავლეთით გახსნილია შეისრული თაღებით. ორივე თაღი ორსაფეხურიანია. აღმოსავლეთ თაღი შედარებით უფრო ვიწროა და დაბალი, ვიდრე დასავლეთისა. გასასვლელის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. ღრმა, მაღალი შეისრულთაღოვანი თითო უბეა, რომელთა გრძივ კედლებში თითო შეისრულთაღოვანი ნიშაა - შუაში თითო სათოფურით. ამ ნიშების ზემოთ, კამარის გვერდებზე, სამალავებია მოწყობილი.

კოშკის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე სამხრეთ კედელშია. კიბეში შესასვლელი კარიც ამ მხრიდანაა. მეორე სართული კვადრატულია. იგი გადახურული ყოფილა გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიული საფუძველი ოთხივე კუთხეში განლაგებული, მოზრდილი აფრებითაა შექმნილი. XIX საუკუნეში სართულის საცხოვრებლად გამოყენების მიზნით, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში მოწყობილი ნიშები სარკმლებად გადაუკეთებიათ. ამჟამად სართულის აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევარი და დასავლეთ კედლის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. სართულის სამხრეთ კედლის შუაში პატარა, სწორკუთხა ნიშაა, მის თავზე - თაღოვანი სარკმელი, რომლის აღმოსავლეთ წირთხლში კედელში მოწყობილ სამალავში შესაძრომია. სართულის სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდესთან, კიბის უჯრედში შესასვლელი კარია. ჩრდილოეთ კედელში კი - განიერი სარკმელი. სართულის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში ბუხარია. მის უკან - სამალავი. დასავლეთ კედელში მოწყობილი ყოფილა ბანზე ასასვლელი კიბე, რომელიც სამხრეთ კედელში არსებული კიბის გაგრძელებაზეა.

გალავანი გეგმით თითქმის კვადრატული მოხაზულობისაა. გალავანში ჩართული იყო სამი ცილინდრული კოშკი. მათგან ერთი იდგა სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. ეს კოშკი და მისი მიმდებარე კედლები XIX საუკუნეში დაუნგრევიათ და მის ადგილას საცხოვრებელი სახლი აუგიათ. დანარჩენი ორი კოშკიდან ერთი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია, მეორე კი, გარედან, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზეა მიდგმული.

ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი კოშკიც. დანარჩენ კოშკებთან ერთად XIX საუკუნეში საუკუნეში საცხოვრებლად გამოიყენებოდა და ისეა გადაკეთებული, რომ ზოგი ნაწილის თავდაპირველი არქიტექტურული გადაწყვეტის გარკვევა არ ხერხდება. კოშკი სამსართულიანია. ნაგებია რიყის ქვით. კოშკის პირველი და მეორე სართულებს შესასვლელები ცალ-ცალკე, ეზოდან აქვს. პირველ სართულზე გაჭრილია ხუთი სათოფური და ერთი ფართო სარკმელი. სათოფურებიდან ორი შეწყვილებულია, სამი - ცალმაგი. იატაკში მოწყობილი ყოფილა ჭა, რომელიც ქვისა და აგურის დეკორატიული წყობითაა გამოყვანილი. მეორე სართული, პირველის მსგავსად, დაბალია.

სამხრეთ კოშკი გალავანზე გარედანაა მიდგმული. იგი ორსართულიანია. კოშკს საბრძოლო ბანი ჰქონია, რომელიც მთლიანად დანგრეულია. ერთადერთი შესასვლელი მეორე სართულიდანაა. კარი თაღოვანია და გარედან საფეხურებით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული, რომელსაც ზემოდან კბილანა ფრიზი ასრულებს. შესასვლელის გვერდებზე, ერთ ვერტიკალზე განლაგებული ოთხ-ოთხი რომბია. შესასვლელი და მისი მორთულობა მთლიანად აგურითაა გამოყვანილი. კოშკის პირველი სართული შიგნითაც წრიულია. სართულის მხოლოდ ერთი სარკმელი აქვს, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილშია გაჭრილი. მეორე სართული გეგმით არაწესიერი რვაგვერდაა. შესასვლელის პირდაპირ, ერთ-ერთ გვერდში სწორკუთხედში ჩამჯდარი, შეისრულთაღოვანი ბუხარია. ბუხრის ორივეე მხარეს, თითო მაღალი და ღრმა, თაღოვანი ნიშაა - თითო შეწყვილებული სათოფურით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ნიშებში, სათოფურის გარდა, თითო სარკმელიცაა. დანარჩენი ორი გვერდიდან ერთში, კედელში მოწყობილი კიბის შესასვლელია. მეორეში - პატარა ნიშა. კიბე ამ სართულს პირველ და მესამე სართულებთან აკავშირებდა.

ციხის გალავანი ნაგებია მთლიანად რიყის ქვით. გალავნის შემორჩენილი ნაწილები ორიარუსიანია და მომრგვალებული თავი აქვს. ორივე იარუსზე ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია განლაგებული. გალავნის ჩრდილოეთ კედლის შუაში გარეთკენ შვერილი, ნახევარწრიული ნიშაა, რომელშიც, გალავნის მსგავსად, სათოფურები ორ რიგადაა განლაგებული. გალავნის დასავლეთ კედლიდან მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. ამ მხარეს ციხეს, მდინარეზე ჩასასვლელად, კარი ჰქონია. კარის წინ მცირე ბაქანი იყო მოწყობილი.