ტაჯიკეთის გეოგრაფია
ტაჯიკეთი მთიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის 93 % უკავია მთებს, რომლებიც ტიან-შანის, ჰისარ-ალაის და პამირის სისტემებს განეკუთვნება. ტერიტორიის თითქმის ნახევარი 3000 მ-ზე მაღლა მდებარეობს. ვაკეებს უკავია ხეობების გაფართოებული ადგილები და მთათაშუა ქვაბულები.
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესპუბლიკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილშია ყუსმის ქედი (სიმაღლე 3769 მ-მდე, მწვერვალი ბობოიობი) და მოღოლთაუს მთები (სიმაღლე 1624 მ-მდე), რომლებიც ტიან-შანის სისტემაში შედის; სამხრეთით ფერღანის ქვაბულის დასავლეთი ნაწილია, რომელიც ვიწრო გასასვლელით უერთდება მშიერ სტეპს. ტაჯიკეთის ცენტრალური ნაწილი უკავია ჰისარ-ალაის მთათა სისტემას. ალაის ქედის (სიმაღლე 5539 მ-მდე) დასავლეთით განშტოებულია თურქესტანის (სიმაღლე 5509 მ-მდე), ზარაფშანისა (სიმაღლე 5489 მ-მდე) და ჰისარის ქედები; ტაჯიკეთის სამხრეთ-დასაცლეთ ნაწილში შედარებით დაბალი (2300 მ-მდე) ქედებია, რომელთა შორის 300-400-იდან 1200 მ სიმაღლეზეა ჰისარის, ვახშისა და სხვა ხეობები. ტაჯიკეთის აღმოსავლეთ ნაწილი პამირის ფარგლებშია (კომუნიზმის პიკი, 7495 მ; ლენინის პიკი, 7134 მ). დასავლეთ პამირს ახასიათებს ვიწრო ქედები, რომლებიც ერთმანეთისგან ღრმა და ვიწრო ხეობებითაა გამოყოფილი. მთისძირი 1700-1800 მ სიმაღლეზეა, ხოლო მწვერვალები 6000 მ-ზე მეტს აღწევს. აღმოსავლეთ პამირში 3700-4200 მ სიმაღლეზე ვრცელი ქვაბულები და ფართო ხეობებია, რომლებზედაც აღმართულია 1000-1500 მ შეფარდებითი სიმაღლის დამრეცკალთებიანი ქედები.
ბუნებრივი რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პამირსა და ჰისარ-ალაიში აღმოჩენილია სტიბიუმის, ვერცხლისწყლის, დარიშხანის, ბორის, პიეზოკვარცის, მთის ბროლის, ოპტიკური ფლუორიტის, ისლ. შპატის, ლაზურიტის, კეთილშობილი შპანელის, ოქროს, ვოლფრამის მადნის საბადოები; ყურამის ზონაში — პოლიმეტალების, იშვიათი ლითონების, შეელიტის, ქვანახშირის საბადოები; ტაჯიკეთისა და ფერღანის დეპრესიებში — ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, საწვავი ფიქლები, ქვამარილი, საშენი მასალა. ტაჯიკეთი მდიდარია მინერალური წყაროებით.
ჰავა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰავა კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 2, -2 °C-იდან (ხეობებსა და მთისწინეთში) -20 °C-მდე (პამირში). ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -60 °C აღწევს (პამირში). ივლისის საშუალო ტემპერატურა შესაბამისად 30-იდან 0 °C-მდე. ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი 48 °C-ია (ქვედა ფანჯი). ჰისარის ქედის სამხრეთ კალთებზე ნალექი 1600 მმ-მდეა წელიწადში, ხოლო აღმოსავლეთ პამირში — 72 მმ. თოვლის მიჯნა ჰისარ-ალაის მთებში მდებარეობს 3800 მ-დან (დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით) 4200-4400 მ-მდე (ჩრდილო-აღმოსავლეთით), პამირში 4000 მეტრიდან (ჩრდილო-დასავლეთით) 5200 მ-მდე (აღმოსავლეთ რაიონებში). თანამედროვე გამყინვარების საერთო ფართობია 8470 კმ². გამყინვარების უდიდესი ცენტრები ჩრდილოეთ და დასავლეთ პამირშია (ფედჩენკოს მყინვარი, სიგრძე 77 კმ, ფართობი 907 კმ²). ჰისარ-ალაიში უდიდესია ზარაფშანის მყინვარი (სიგრძე 25 კმ-მდე, ფართობი 41 კმ²).
წყლის რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარეთა ქსელი არათანაბარია. თითქმის ყველა მდინარე ამუდარიის, სირდარიისა და ზარაფშანის აუზს განეკუთვნება. ამუდარიის აუზს მთელი ფართობის 3/4 უკავია. ტაჯიკეთის ფარგლებში ამ აუზს განეკუთვნება მისი შემადგენელი მდინარეები ფანჯი და ვახში თავისი შენაკადებით და მდინარე ქაფარნიპანი. სირდარიის აუზს განეკუთვნება მდინარეები ისფარა, ხოჯა ბაქირგანი, ყარასუ, აქ-სუუ. ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მდინარე ზარაფშანის მხოლოდ ზემო დინებაა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად და ჰიდროენერგიის წყაროდ. ტბებიდან უდიდესია ყარაქოლი. ბევრია ხელოვნური ტბა-წყალსაცავი.
ნიადაგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაკეზე და დაბალმთიანებში რუხი ნიადაგებია; მთის საშუალო ზონაში — მთის ყავისფერი, უფრო მაღლა — მდელოსტეპის, სტეპის და უდაბნო-სტეპის.
ფლორა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაჯიკეთში უმაღლესი მცენარეების 5 ათასზე მეტი სახეობა ხარობს. ჭარბობს ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარეულობა. ტაჯიკეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის |ვაკეები (სიმაღლე 500 მ-მდე) უდაბნოს სარტყელს განეკუთვნება. 500-700 მ-ზე მაღლა ეფემეროიდული მცენარეულობა ხარობს, მთისწინეთში (700-900 მ სიმაღლეზე) — მსხვილმარცვლოვანი, ეფემეროიდული მცენარეულობა. საშუალომთიანეთში (1200-2800 მ-მდე) ხე-ბუჩქნარს უკავია. ტაჯიკეთში ხეებისა და ბუჩქების 156-ზე მეტი სახეობაა. ჰისარის, პეტრე პირველისა და დარვაზის ქედების ტენიანი კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებითა და ბუჩქნარებით. პამირზე მცენარეულობა მხოლოდ დასავლეთ ნაწილსა და ხეობებში გვხვდება. მაღალმთიან სარტყელში გავრცელებულია მაღალი მთის მდელოები, მდელოსტეპი, სტეპი და გაუდაბნოებული სტეპი.
ფაუნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაჯიკეთის თანამედროვე ფაუნაში ძუძუმწოვართა 81, ფრინველთა 365, ქვეწარმავალთა 49, თევზების 40-მდე და მწერების 7-8 ათასი სახეობაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 672-673.