ჰისარ-ალაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰისარ-ალაი
ჰისარ-ალაი
ჰისარ-ალაი
კოორდინატები: 39°28′00″ ჩ. გ. 69°58′00″ ა. გ. / 39.46667° ჩ. გ. 69.96667° ა. გ. / 39.46667; 69.96667
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
უმაღლესი წერტილი კლდოვანი პიკი
სიმაღლე 5621 
სიგრძე 900 კმ
სიგანე 80-150 კმ
ჰისარ-ალაი — ტაჯიკეთი
ჰისარ-ალაი

ჰისარ-ალაი — მთათა სისტემა პამირ-ალაის მთიან მხარეში, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 900 კმ, სიგანე 80-150 კმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება ფერღანის ველი და ყიზილყუმის აღმოსავლეთი ნაწილი, სამხრეთით — ყარშის სტეპი, ტაჯიკეთის დეპრესია და ალაის ველი. დასავლეთ და შუა ნაწილში აღმართულია თურქესტანის ქედი, ზარაფშანის ქედი, ჰისარის ქედი და მათი შტოქედები; აღმოსავლეთ ნაწილში — ალაის ქედი.

ქედები მეტად ასიმეტრიულია: სამხრეთი კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი — დამრეცი. ალაისა და თურქესტანის ჩრდილოეთ მთისწინა ქედებზე შემორჩენილია ნეოგენ-პლეისტოცენში ტექტონიკური მოძრაობების შედეგად დეფორმირებული მოსწორებული ზედაპირები. ასავე ქედების ჩრდილოეთ კალთებს ებმის ინტენსიურად დანაწევრებული ლიოსური მთისწინეთი („ადირები“). თხემები და მწვერვალები დაფარულია მყინვარებით, რომელთა შორის ყველაზე დიდია ზარაფშანის მყინვარი, რომლის სიგრძე 25 კმ, ფართობი 41 კმ² აღწევს.

ჰისარ-ალაის მთათა სისტემა წარმოიქმნა ჰერცინული დანაოჭების შედეგად. აგებულია დანალექი და მეტამორფული ქანებით, რომელშიც ჩართულია გრანიტები და დიორიტები. ინტრუზივებთან დაკავშირებულია ვოლფრამის, მოლიბდენის, დარიშხანის, ოქროს, ვერცხლისწყლის, სტიბიუმის საბადოები. საკმაო რაოდენობით არის ქვანახშირიც.

ჰისარ-ალაიში მკაფიოდ არის გამოხატული ჰავის ვერტიკალური სარტყლურობა. სამხრეთ და დასავლეთ ქარპირა კალთებზე ნალექები 1000-2000 მმ-მდეა წელიწადში. ქარზურგა კალთებზე და ქვაბულებში ზოგან 200 მმ-ზე ნაკლები. მთავარი არტერიაა მდინარე ზარაფშანი, რომელიც თოვლისა და მყინვარის წყლით იკვებება; ბევრია ტბა, რომელთა შორის აღსანიშნავია ისქანდერქოლი, მარღუზორი და სხვა.

მთისწინეთში ეფემერული ნახევარუდაბნოებია, რომელთაც ზემოთ ნაირბალახოვანი და ბუჩქნარიანი სუბტროპიკული სტეპის ზონა ცვლის; საშუალომთიანეთში მეჩხერი ტყე, სტეპი და მდელოებია, უფრო ზემოთ — მაღალმთის მდელოები. ქედების თხემზე ტიპობრივი ნივალური ზონაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]