შინაარსზე გადასვლა

სუდანი (რეგიონი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუდანის ტიპური ლანდშაფტი

სუდანი (არაბ. بلاد السودان, bilâd as-sûdân სიტყვასიტყვით „შავების ქვეყანა“) — საჰარის სამხრეთით მდებარე ცენტრალური აფრიკის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც იმყოფება ეკვატორიდან ჩრდილოეთით მე-5 პარალელამდე. იგი გადაჭიმულია დასავლეთით სენეგალიდან აღმოსავლეთით ეთიოპიამდე და სამხრეთით კენიამდე. ხელსაყრელი კლიმატის გამო ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულში და ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულში აქ ცხოვრობდა მთელი აფრიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტი. მისი ფართობია დაახლოებით 5 მილიონი კმ². სასაზღვრო ზონას სუდანსა და საჰარას შორის ჰქვია საჰელი.

დასავლეთ-სუდანური სავანა დასავლეთ აფრიკაში
აღმოსავლეთ-სუდანური სავანა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში

რეგიონი დაყოფილია შემდეგ სუბრეგიონებად:

დასავლეთი სუდანი (ჩადის ტბამდე), ცენტრალური სუდანი (ჩადის ტბიდან სუდანის რესპუბლიკისა და სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის საზღვრებამდე), აღმოსავლეთი სუდანი (სუდანის რესპუბლიკისა და სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის ტერიტორიები მდინარე თეთრ ნილოსამდე).

ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ერთმანეთთან ახლო მდგომ დასავლეთ და ცენტრალურ სუდანს (აფრიკის ბუნებრივი რეგიონები) ხშირად აერთიანებენ ერთ კულტურულ რეგიონად.

დასავლეთ-სუდანის სავანა, ნაკრძალი ბურკინა-ფასოში

რეგიონის კლიმატი სუბეკვატორული და მუსონურია. ზამთარში მოქმედებს ჩრდილო-აღმოსავლეთის პასატი (ზამთრის მუსონი), რომელსაც ხშირად ეძახიან ჰარმატანს, ჭარბობს კონტინენტური ტროპიკული ჰაერი, დგას ცხელი, მშრალი ამინდი. ყველაზე უფრო ცივი თვის საშუალო ტემპერატურა 20-დან 26 °C-მდეა. სუდანის რეგიონის დიდი ნაწილი უკავია ტიპურ სავანებს, რომლებსაც სამხრეთში ცვლის მაღალბალახოვანი (ბალახის სიმაღლე 5 მეტრამდე) სავანა და ფოთლოვან-მარადმწვანე ტყეები. დასავლეთი სუდანი კარგად ირწყვება (ჩადის ტბა) და ნაყოფიერია. აღმოსავლეთ სუდანს აქვს ველის და უდაბნოს ხასიათი.

ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფებია — მანდე, ჯოლოფები, სონგაი, ჰაუსა, ბაგირმი და სხვა; ზოგიერთი ხალხი სარწმუნოებით მუსლიმია.