შინაარსზე გადასვლა

სტალინური რეპრესიები აზერბაიჯანში

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დასახვრეთტა სია“ აზერბაიჯანის სსრ-ში. სტალინის, კაგანოვიჩის და მოლოტოვის ხელმოწერები. 1937 წლის სექტემბერი.

სტალინური რეპრესიები აზერბაიჯანში მიმდინარეობდა 1920-იანი წლების ბოლოდან 1950-იანი წლების დასაწყისამდე აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. შეეხო აზერბაიჯანის მთელ მოსახლეობას, მათ შორის პარტიულ და სამთავრობო მუშაკებს, სასულიერო პირებს, ინტელიგენციას და მდიდარ გლეხებს.

რეპრესიები, რომელმაც პიკს მიაღწია 1937-1938 წლებში (დიდი წმენდა), განხორციელდა შსსკ-ს მონაწილეობით უმაღლესი ხელისუფლების მითითებების შესაბამისად. ისინი დაემთხვა მირ ჯაფარ ბაღიროვის ეპოქას, რომელიც ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანს. მის სახელს საბჭოთა ლიტერატურაში უკავშირებდნენ 1930-იანი წლების მასობრივი რეპრესიების თემას და მოიხსენიებენ, როგორც  რესპუბლიკაში 1937-1938 წლების რეპრესიების წამყვან ინიციატორად. შვედი პოლიტოლოგი სვანტე კორნელი მას „აზერბაიჯანელ სტალინს“[1] უწოდებდა, ხოლო საბჭოთა-რუსი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი დიმიტრი ფურმანი „აზერბაიჯანელ ბერიას“[2].

რეპრესიების დაწყება დაკავშირებულია სტალინის ხელისუფლებაში მოსვლის წინა პერიოდთან.

1927 წელს მოხდა მოვლენების სერია, რომელიც ემსახურებოდა ქვეყანაში სტალინური რეპრესიების დაწყების პროცესს. მაისში ინგლისის კონსერვატიულმა მთავრობამ საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

რამდენიმე დღის შემდეგ, 7 ივნისს ვარშავაში საბჭოთა ელჩი პიოტრ ვოიკოვი მონარქისტმა მოკლა. მონარქისტული და ზოგადად თეთრი ძალების წარმომადგენლები განაგრძობდნენ ოპოზიციაში ყოფნას და პირველი რეპრესიები ზუსტად მათ შეეხოთ. ვოიკოვის მკვლელობა კი ამის კარგი საფუძველი გახდა[3]. ინგლისის წინაშე არსებული „სამხედრო საფრთხე“ შემდგომი ქმედებების საბაბი იყო როგორც შიდაპარტიული მეტოქეების, ისე ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ. იმავე წლის ზაფხულში, დააპატიმრეს მონარქისტებისა და თეთრი გვარდიის წევრები.

ამავდროულად, სტალინმა მოახერხა ნიკოლაი ბუხარინის ჯგუფის წინააღმდეგობის გატეხვა და მოახერხა, რომ ცენტრალური კომიტეტიდან „გაერთიანებული ოპოზიციის აგენტების“ - ლევ ტროცკისა და გრიგორი ზინოვიევის გაძევების გადაწყვეტილება მიეღოთ[4].

1929 წლის 18 იანვარს არასასამართლო ორგანო გადაწყვეტს ტროცკის სსრკ-დან გაძევებას. ამგვარად, პარტიის ხელმძღვანელობაში სტალინის გარდა არავინ დარჩა.

სტალინმა 1929 წელი გამოაცხადა „დიდი გარდატეხის წლად“. სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზნებად გამოცხადდა ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია და კულტურული რევოლუცია.

აზერბაიჯანის შიდაპოლიტიკური ცხოვრება 1920-იან წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევოლუციამდე აზერბაიჯანში გაჩნდა ორი მუსულმანური სოციალ-დემოკრატიული პარტია - „ჰუმეთი“, რომელიც დაიშალა ორ ფრთად - ბოლშევიკურ და მენშევიკურ და ირანიდან მყოფი ემიგრანტების ორგანიზაცია „ადალათი“. ისინი კონკურენციას უწევდნენ ლიბერალურ პარტიას „მუსავათსა“ და პანისლამურ „იტიჰადს“.

1920 წელს „ჰუმეთი“, „ადალათი“ და რსდმპ-ის ბაქოს კომიტეტი გაერთიანდა აზერბაიჯანის კომუნისტურ პარტიაში (ბოლშევიკები). ერთის მხრივ, პარტია დამოუკიდებლად ითვლებოდა. მას ჰყავდა საკუთარი პოლიტბიურო, ორგბიურო და ცენტრალური კომიტეტი.

1920 წლის 8 აპრილს სკკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმის გადაწყვეტილებით შეიქმნა ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო. იმავე წლის ივნისში კავკასიის ბიუროს შემადგენლობაში შეიქმნა ბაქოს სამეული, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეგო ორჯონიკიძე[5].

1920 წლის აპრილში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანში კომუნისტური პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, აზერბაიჯანელ კომუნისტებს შორის ჯგუფური ბრძოლა დაიწყო.

ბრძოლა მიმდინარეობდა ორ ჯგუფს შორის: ეროვნულად ორიენტირებულ კომუნისტებს ნარიმან ნარიმანოვის მეთაურობით და ინტერნაციონალისტებს შორის, რომლებიც ძველი ტრადიციების წინააღმდეგ იბრძოდნენ[6]. რაც შეეხება ოპოზიციურ „მუსავათს“, მისი მემარჯვენე ფრთის ლიდერები საზღვარგარეთ გადასახლდნენ, მემარცხენე ფრთას კი ქვეყანაში არსებობის გაგრძელების საშუალება მიეცა[7].

აზერბაიჯანის რევოლუციურ კომიტეტში და აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოში მუსლიმები დომინირებდნენ და ტონს აძლევდნენ ნაციონალ -კომუნისტებს აძლევდნენ. ვითარება 1920-იანი წლების დასაწყისში შეიცვალა და ცენტრალურ კომიტეტში დომინირებდნენ რუსი და სომეხი კომუნისტები. რუსი ისტორიკოსის ა.კირილინას აზრით, კიროვი და მისი მესვეურები კი იყვნენ „მოსკოვის მიერ დანიშნული გუბერნატორები“, მაგრამ დიდ როლს მაინც ვერ თამაშობდნენ, ვინაიდან ნ.ნარიმანოვი ასრულებდა კოლოსალურ როლს რესპუბლიკაში[8]. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე, რომელიც მოქმედებდა მოსკოვის პოლიტბიუროსა და აზერბაიჯანულ პარტიულ ორგანიზაციას შორის, ბაქოს პრეზიდიუმი ვერ განახორციელებდა გადაწყვეტილებებს. ბაქოს საქალაქო პარტიულ კომიტეტში დომინირებდნენ რუსები და სომხები, ხოლო მუსლიმი კომუნისტები აკომპლექტებდნენ პარტიის რაიონულ კომიტეტებსა და სამთავრობო უწყებების ოფისებს[9].

აზერბაიჯანში „კორენიზაციის“ პროცესი დაიწყო ნარიმან ნარიმანოვის დროს და მოსკოვის პარტიულ აპარატზე დამოკიდებულების გარეშე, მაგრამ მოსკოვი ნაციონალიზაციასა და კორენიზაციაზე წავიდა 1923 წლის მეორე ნახევარში, რათა თავიდან აეცილებინა ნაციონალ-კომუნისტების საფრთხე[10]. ნარიმანოვი გამოჩენილ ეროვნულ კომუნისტებს ეკუთვნოდა. თუმცა, 1923 წელს ის დაეცემა და მისი მხარდამჭერები დევნას დაექვემდებარებიან.

1926-1929 წლებში სამი მდივანი - ალი ჰეიდარ კარაევი, ლევონ მირზოიანი და გ. აღავერდიევი (სანამ ეს უკანასკნელი 1927 წელს ი. კასიმოვმა არ ჩაანაცვლა) იყვნენ რესპუბლიკის მთავარი მოქმედი პირები[11]. სტალინი ინფორმირებული იყო აზერბაიჯანის პარტიის ხელმძღვანელობაში თვითნებობისა და ნეპოტიზმის შესახებ და 1929 წელს დაიწყო სტრუქტურის წმენდა. ა.კარაევმა, ლ.ი.მირზოიანმა, იუ.კასიმოვმა და სხვებმა დაკარგეს თანამდებობები, რის გამოც 1929 წლის სექტემბრიდან 1930 წლის თებერვლამდე აზერბაიჯანში არ არსებობდა ქმედუნარიანი მთავრობა. ბაქოდან წამყვანი „ჰუმეთის“ წარმომადგენლების გაყვანის შემდეგ ი.სტალინმა დაიწყო ბაქოს რაიკომის ყველა მდივნის შეცვლა, რომლებსაც ჰქონდათ ლ.მირზოიანისა და ა.კარაევის მხარდამჭერების რეპუტაცია. ამგვარად, აზერბაიჯანული პარტიის ლიდერების წმენდით, განადგურდა პირადი სამოკავშირეო ქსელები. აზერბაიჯანული პარტიული ორგანიზაციის შემდეგი ლიდერების - ნ.ფ. გიკალოსა და ვ.ი.პოლონსკის დროს, ინტრიგები და დაპირისპირება არ შეწყვეტილა. საბოლოოდ, ვ.ი.პოლონსკის ნაცვლად, 1933 წელს სტალინმა აზერბაიჯანის ახალ ლიდერად მირ ჯაფარ ბაღიროვი დანიშნა[12]. ასე დაიწყო ბაღიროვის ოცწლიანი ეპოქა აზერბაიჯანის სსრ-ში.

პოლიტიკური რეპრესიები 1930-იან წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წლის 13 ივლისს ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის სსრ-ს შსსკ-ს დირექტორატი, რომელსაც 15 ივლისიდან ხელმძღვანელობდა სუმბატოვ-თოფურიძე, ასევე 15 ივლისიდან ხელმძღვანელობდა შსსკ-ს ნახიჩევანის ასსრ-ს და შსსკ-ს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს[13][14].

1937 წლის 1 იანვარს შეიქმნა აზერბაიჯანის სსრ შსსკ, რომელსაც ჯერ იუ.სუმბატოვ-თოფურიძე ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მ.რაევი[13]. 1934 წლის ივლისიდან 1938 წლის ივლისამდე ნახიჩევანის ასსრ-ს შსსკ-ის ხელმძღვანელები იყვნენ ვაკულჩიკი, ხოჯაევი, მამედოვი, ლისინი, დასაევი. მთიანი ყარაბაღის შსსკ-ს 1934 წლის ივლისიდან 1937 წლის ივლისამდე ხელმძღვანელობდნენ მარკარიანი, ბრუტენცი, საადიანი[13].

მიუხედავად იმისა, რომ შსსკ-ს ორგანოები გახდნენ რეპრესიების მთავარი დამრტყმელი ძალა, მისი თანამშრომლები თავად გახდნენ წმენდების მსხვერპლნი. 1937 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ეუბ კასუმოვი დააპატიმრეს და „ანტისაბჭოთა საქმიანობის“ ბრალდებით 1938 წლის აპრილში მიესაჯა 5 წლით გაგულაგება[15]. 1938 წლის ნოემბერში კი პირდაპირ ბაღიროვის კაბინეტში დააპატიმრეს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი მ. რაევი, რომელიც გამომძიებელი პაველ ხენტოვის ჩვენებით მონაწილეობდა პატიმრების ცემაში[16].

1934 წლის 1 დეკემბერს ლენინგრადში უმუშევარმა ლ.ვ.ნიკოლაევმა მოკლა ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის ლენინგრადის რეგიონალური კომიტეტის ხელმძღვანელი - სერგეი კიროვი. ეს მკვლელობა გამოიყენეს 1920-იან და 1930-იანი წლების დასაწყისში ოპოზიციის ლიდერებისა და მონაწილეების საბოლოო ლიკვიდაციის საბაბად.

რეპრესიულმა კამპანიამ აზერბაიჯანში, კიროვის მკვლელობიდან პირველ პერიოდში არ მიიღო სერიოზული მასშტაბები[17]. თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. პოლიტბიურომ აზერბაიჯანის სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წინადადებით, 25 დეკემბერს გამოსცა გადაწყვეტილება აზერბაიჯანიდან განედევნათ და ქონების კონფისკაცია მოეხდინათ კულაკების 87 ოჯახს, ასევე მათ ვინც ანტისაბჭოური განწყობილებით გამოირჩეოდა, დიდი კაპიტალისტური საწარმოების მფლობელებსა და ა.შ.[18]

1935-1936 წლებში აზერბაიჯანში რეპრესირებულ იქნა პარტიული და სახელმწიფო აპარატის 128 გამოჩენილი მოღვაწე, რაც ნაკლები იყო საქართველოსთან (186 კაცი) და სომხეთთან (142 კაცი) შედარებით[19].

დიდი წმენდა აზერბაიჯანში: 1937-1938 წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ-ში მასობრივ რეპრესიებს საფუძველი ჩაეყარა ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თებერვალ-მარტის პლენუმზე, რომელიც გაიმართა 1937 წლის 23 თებერვალს - 3 მარტს მოსკოვში, სადაც სტალინმა გააკეთა მოხსენება „პარტიული მუშაობის ნაკლოვანებებისა და ტროცკისტებისა და სხვა ორმაგი გამყიდველების აღმოსაფხვრელად ღონისძიებების გატარების შესახებ“. აღნიშნულის მიზნად კი დაასახელა სოციალიზმის აშენება. პლენუმზე დამსწრეებს შორის იყო მირ ჯაფარ ბაღიროვი.

ბაქოში დაბრუნებულმა, 19 მარტს, ბაღიროვმა მოიწვია აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის VI მარტის პლენუმი, სადაც დელეგატებს მოსკოვის პლენუმის შედეგები აცნობა. თავის გამოსვლაში მან რესპუბლიკის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაუნათლებლობისა და უცოდინრობის დონეზე გაამახვილა ყურადღება. ბაღიროვმა თავისი გამოსვლა ღია მუქარით დაასრულა, რომ გაანადგურებდა პარტიის მთელ ხელმძღვანელობას[20]. პლენუმმა ცენტრალური კომიტეტიდან გაიყვანა სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე ა.ფარაჯზადე, ასევე მ.ჯუვარლინსკი, მ.ჰაჯიევი, მ.მამედოვი, ა.პეტერსონი, მ.მეჰდიევი, გ.ჰუსეინოვი, ლ.რასულოვი, ბ.პირვერდიევი და მ.ნაიბოვი[21]. პარტიიდან კი მხოლოდ მ.ნაიბოვი გარიცხეს[22].

შიფრული დეპეშა ბაქოდან სტალინს

9 ივლისს ბაღიროვმა მოსკოვში გაგზავნა შიფრული დეპეშა, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას რეპრესიების ქვეშ მოქცეულთა რაოდენობაზე და ითხოვდა მათ წინააღმდეგ სანქციების გატარებას. შიფრული დეპეშა ასევე შეიცავდა მოთხოვნას ბანდების წევრების ოჯახების ბანაკებში გასახლებისა და მოსახლეობის სხვა ჯგუფების წინააღმდეგ სამი საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ. ბაღიროვმა შესთავაზა იუველიან სუმბატოვის, თეიმურ გულიევისა და ჯანგირ ახუნდზადეს „ტროიკაში“ (სამეულში) შეყვანას[23]. მეორე დღეს ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს დადგენილება გამოვიდა სამეულის შემადგენლობისა და რეპრესირებულთა საზღვრების დამტკიცების შესახებ, მათ შორის აზერბაიჯანში.

„ტროიკების“ შექმნის დასაწყისიდან და 1938 წლის შემოდგომამდე აზერბაიჯანში რეპრესიებმა კულმინაციას მიაღწია. რეპრესიებს ექვემდებარებოდნენ პირები, განურჩევლად ეროვნებისა. 1937 წელს აზერბაიჯანში დააპატიმრეს ქარხნებისა და მრეწველობის 57 დირექტორი, 95 ინჟინერი, 207 საბჭოთა და პროფკავშირის მუშაკი, 8 პროფესორი. თითქმის ყველა დახვრიტეს. 1937 წელს 2792 ადამიანს მიესაჯა სიკვდილით დასჯა პოლიტიკური დანაშაულისთვის, ხოლო 4425 ადამიანს გრძელვადიანი პატიმრობა შეეფარდა[16].

რეპრესირებულთა შორის იყვნენ აზერბაიჯანელები, რუსები, სომხები, ებრაელები და სხვა ეროვნებები[24]. კასპიის გადაზიდვის კომპანიის ასობით თანამშრომელი დაისაჯა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდების გამო. მათი უმეტესობა შედგებოდა რუსებისგან, სომხებისგან, ებრაელებისგან. მათ შორის მხოლოდ რამდენიმე აზერბაიჯანელი იყო[25].

გერმანელი ისტორიკოსის იორგ ბაბეროვსკის თქმით, „1937 წლის ზაფხულის დასაწყისიდან 1938 წლის შემოდგომამდე აზერბაიჯანი ფაქტობრივად კონტროლის გარეშე აღმოჩნდა“[26]. მხოლოდ 1937 წელს დააპატიმრეს 22 სახალხო კომისარი, 49 რაიკომის მდივანი, 29 რაიონული აღმასკომის თავმჯდომარე[16]; ამ წელს დაიღუპა 18 სახალხო კომისარი და რაიკომის ყველა მდივანი[27]. სოფლის მეურნეობის, განათლებისა და იუსტიციის სახალხო კომისრებთან ერთად დაიღუპნენ მათი მოადგილეები და მათ დაქვემდებარებული განყოფილებების თითქმის ყველა თანამშრომელი[27]. მაგრამ ამავე დროს, აზერბაიჯანი გახდა ერთადერთი რესპუბლიკა, რომელმაც რეპრესიების წლებში აიცილა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის შეცვლა[28]. მირ ჯაფარ ბაღიროვი ამ თანამდებობაზე 1953 წლამდე დარჩა.

რიგი პარტიული და სახელმწიფო მუშაკების დაკავებას წინ უძღოდა მათ მიმართული განცხადებები. სასიკვდილო განაჩენის მიღების შემდეგ, გადამზიდავი კომპანიის „კასპარის“ ხელმძღვანელმა, ივან მენიაილოვმა დაასახელა 138 თანამზრახველი, რომლებთანაც იგი მონაწილეობდა დივერსიაში. მათ შორის იყო „კასპარის“ პოლიტიკური განყოფილების ყოფილი უფროსი და იმ დროს ნახიჩევანის რეგიონალური პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი ჰასან რაჰმანოვი, რომლის ძმა ჰუსეინ რაჰმანოვი ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მთავრობას. ისტორიკოსი ე.ისმაილოვი მიიჩნევს, რომ ბაღიროვმა სტალინს მიმართა ჰასან რახმანოვის გადაყენების წინადადებით და მისი ძმის მთავრობის მეთაურის პოსტის შენარჩუნების შეუძლებლობის შესახებ[29]. 1937 წლის 26 სექტემბერს იოსებ სტალინმა გაუგზავნა შიფრული დეპეშა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტს:

ვიკიციტატა
„ბაქო. აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს. ბაღიროვს


ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი ჰუსეინ რახმანოვისა და ჰასან რახმანოვის დაპატიმრების უფლებას გასცემს. გთხოვთ, საფუძვლიანად გაასუფთაოთ ჰასან რახმანოვის მიერ დაბინძურებული ნახიჩევანის რესპუბლიკა ყოველგვარი ბოროტი სულებისგან. გაითვალისწინეთ, რომ ნახიჩევანის რესპუბლიკა ყველაზე საშიში წერტილია მთელ ამიერკავკასიაში. აუცილებელია იქ ნამდვილი ბოლშევიკური დადასტურებული ლიდერობის დაყენება. გამოგიგზავნით იუსუფ კასიმოვს.[30]

რეპრესირებულ იქნა ასევე მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მთელი ხელმძღვანელობა[25]. რეპრესიები ყველაზე მეტად მირ ჯაფარ ბაღიროვს აწყობდა, რომელმაც ისარგებლა არსებული ვითარებით თავისი პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მიზნით.

რეპრესიების ქვეშ მყოფთა შორის იყო ჩინგიზ ილდრიმიც. წარსულში ის, 1920 წლის აპრილის გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. რესპუბლიკის სამხედრო და საზღვაო საკითხებში სახალხო კომისრად მსახურობდა. დიდი წმენდის დროს ის კრივოი როგის ქარხნის დირექტორი იყო. ილდირიმი წაიყვანეს ბაქოში, როგორც „ბეკის შვილი“, სადაც აწამეს, შემდეგ კი მოსკოვში წაიყვანეს და იქ დახვრიტეს. მას მოჰყვა აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ეიუბ ხანბუდაგოვი, რომელსაც 1924 წლის ნაციონალისტური თავდასხმები გაახსენდა[31]. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ჩვენება მისცა გ.სულთანოვმა[32].

დაპატიმრების თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთი კომუნისტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდა[27].

რეპრესიებმა გაანადგურა აზერბაიჯანის სსრ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის უმეტესი ნაწილი[33]. პარტია „ჰუმეთის“ თითქმის ყველა წევრი გახდა ტერორის მსხვერპლი. მხოლოდ მ.კასუმოვსა და ბ. კასიმოვს მიუსაჯეს პატიმრობა[27]. განადგურდა კომუნისტური ელიტის „ძველი გვარდია“[34]. სოციალიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ტერორის მსხვერპლნი გახდნენ, იყვნენ დადაშ ბუნიათზადე, ს.ეფენდიევი, ჰამიდ სულთანოვი, მისი მეუღლე აინა სულთანოვა, თ.ალიევი, რუჰულა ახუნდოვი[27], რეპრესიებს შეეწირა უ. რახმანოვი, ჩ.ილდრიმი, მ.ჰუსეინოვი, მ.კულიევი, ა.კარაევი, გ.მუსაბეკოვი, ი.დოვლატოვი[35].

გამოჩენილი მოღვაწეების სასამართლო პროცესები და დაპატიმრებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰამიდ სულთანოვი

1937 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო პროცესი „შემახას საქმეზე“, რომელიც 2 ნოემბრამდე გაგრძელდა. სასამართლო პროცესზე მთავარი ბრალდებული გახდა ჰამიდ სულთანოვი[32]. როგორც გამოჩენილი რევოლუციონერი მოღვაწე აზერბაიჯანში, ის ერთ დროს იყო ორგანიზაცია „ჰუმეთის“ ცენტრალური კომიტეტის წევრი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და ნახიჩევანის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. მისი მეუღლე იყო ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი რევოლუციონერი ქალი, იუსტიციის სახალხო კომისარი აინა სულთანოვა.

სულთანოვთან ბრალდებულებს შორის კიდევ ცამეტი ადამიანი იყო. მან აღიარა, რომ იგი იყო რუჰულა ახუნდოვთან, ს.ეფენდიევთან, გ.მუსაბეკოვთან, გ.ვეზიროვთან, დადაშ ბუნიათზადესთან, გ.საფაროვთან და ე.ხანბუდაგოვთან ერთად კონტრრევოლუციური, ნაციონალისტური ცენტრის წევრი იყო, რომლის მიზანი საბჭოთა ხელისუფლების დამხობა, აზერბაიჯანის სსრ-ის სსრკ-დან გაყვანა, კაპიტალისტური საკუთრების აღდგენა იყო. ცენტრი ახორციელებდა ტერორისტული აქტების მომზადებას პარტიისა და მთავრობის ლიდერების წინააღმდეგ. ამ ცენტრის ხელმძღვანელად რუჰულა ახუნდოვი დასახელდა, დირექტივების შემსრულებლებად კი შემახას მაზრის ხელმძღვანელები. დანარჩენმა ბრალდებულებმა მსგავსი ჩვენებები მისცეს[32].

სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ცხრა ადამიანს: გ.სულთანოვს, ხ.ჰუსეინოვს, ი.იბრაрიმოვს, ა.ამიროვს, ა.ავალოვს, გ.იურხანოვს, ა.მამედოვს, ა.კალანტაროვს და მ.ჰუსეინოვს. დანარჩენები ბანაკებში გაანაწილეს, სადაც 8-დან 20 წლამდე მიუსაჯეს[36]. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰამიდ სულთანოვის არც ერთი თანამოაზრე არ გადარჩა[31].

ალი ჰეიდარ კარაევი იყო გამოჩენილი სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. წარსულში ის შეუერთდა „ჰუმეთის“ ჯერ მენშევიკურ, შემდეგ კი ბოლშევიკურ მიმდინარეობებს. იყო დეპუტატი როგორც მენშევიკური საქართველოს, ისე აზერბაიჯანის პარლამენტში პარტია „მუსავათის“. ახალი ხელისუფლების პირობებში იგი ხელმძღვანელობდა სახალხო კომისარიატებს მართლმსაჯულებისა და შრომის, აზერბაიჯანის სსრ სამხედრო და საზღვაო საკითხებში; იყო აზრევკომის წევრი. 1920-იანი წლების ბოლომდე წამყვანი თანამდებობები ეკავა აზერბაიჯანის კომუნისტურ პარტიაში.

ალი ჰეიდარ კარაევი

როგორც რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, 1928-1929 წლებში იგი ცდილობდა ჩაეხშო ბაღიროვის ანტიპარტიული ქმედებები და დასვა კითხვები ამ უკანასკნელის ქცევის შესახებ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმების წინაშე. ბაღიროვი, თავის მხრივ, წერდა განცხადებებს ალი ჰეიდარ კარაევის წინააღმდეგ, რომლის ასლებიც გადასცა ლავრენტი ბერიას[37].

1936 წელს, 1926 წელს გამოქვეყნებული ა. კარაევის წიგნის „უკანასკნელი წარსულიდან“ უარყოფითი მიმოხილვით, მირ ჯაფარ ბაღიროვი მიუბრუნდა კარაევის გაშავების საქმეს. აზერბაიჯანის ლიდერმა მოახსენა უფროსობას ა.კარაევის მიერ მენშევიკურ ორგანიზაციაში მისი წევრობის სავარაუდო დამალვის შესახებ. 1937 წლის 3 თებერვალს  კომუნისტური პარტიის პარტიულმა კოლეგიამ, განიხილა ეს საკითხი და არ აღმოაჩინა საფუძველი ალიჰეიდარ კარაევის წარსულის დამალვაში დადანაშაულებისთვის[37].

მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ, აზერბაიჯანის სსრ შსსკ-ს  წინადადებით, ა.კარაევი და მისი მეუღლე მოსკოვში დააპატიმრეს და ბაქოში გადაიყვანეს. მას ბრალი წაუყენეს მენშევიკური წარსულის დამალვაში, კონტრრევოლუციური ნაციონალისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში (1933 წლიდან), აგრეთვე დივერსიასა და ტერაქტების მომზადებაში, კერძოდ, ბაღიროვის წინააღმდეგ. ა.კარაევმა გასცა როგორც საკუთარ თავი, ასევე მ.ორახელაშვილი, რ.ახუნდოვი და სხვა პირები, მაგრამ მალევე უარჰყო ჩვენება და სასამართლო პროცესზე მათ სიცრუე უწოდა. 1938 წლის 21 აპრილს ალიჰეიდარ კარაევს მიესაჯა სიკვდილით დასჯა[37].

ინტელიგენციის რეპრესიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აჰმედ ჯავადი

რეპრესირებულთა შორის იყო რევოლუციამდე განვითარებული მწერლების უმეტესობა, ისევე როგორც საბჭოთა თაობის არაერთი მწერალი[38].

ჯერ კიდევ 17 მაისს გაზეთებმა „კომუნისტმა“ და „ბაქოს მუშამ“ გამოაქვეყნეს სტატიები პოეტების აჰმედ ჯავადისა და ჰუსეინ ჯავიდის, ისევე როგორც სხვა მწერლების წინააღმდეგ. ისინი შერაცხეს „მუსავატისტებად, პან-თურქისტებად და ნაციონალისტებად“[39]. 1937 წლის 4 ივნისის ღამეს დააპატიმრეს პოეტები აჰმედ ჯავადი, მიქაილ მუშფიგი, ჰუსეინ ჯავიდი, სანილი და მწერალი მუსახანლი[40].

პოეტი აჰმედ ჯავადი, რომელიც აზერბაიჯანის ჰიმნის სიტყვების ავტორია 1937 წელს დააპატიმრეს. 12 ოქტომბრის საღამოს ის გაასამართლეს და მეორე დღეს დახვრიტეს. ამის შემდეგ მისი მეუღლე დააპატიმრეს და, როგორც „სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს“, მიუსაჯეს 8 წელი. ის იმყოფებოდა ჩრდილოეთ ყაზახეთის ბანაკში. მოგვიანებით შუქრიე ხანუმმა განაცხადა, რომ მისი ქმარი ბაღიროვის მითითებით დააკავეს[41].

მიქაილ მუშფიგი

ნიჭიერი პოეტი მიქაილ მუშფიგი, რომელმაც სულ რაღაც 29 წელი იცოცხლა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. პოეტი გახდა „ცილისმწამებლური დასმენის მსხვერპლი“[42]. ის დახვრიტეს 1938 წლის 5 იანვარს[43].

იუსიფ ვეზირ ჩემენზემინლი

1940 წლის იანვარში, არაერთი რეპრესირებული ადამიანის ჩვენების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მწერალი იუსიფ ვეზიროვის დაპატიმრების შესახებ, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ჩემენზემინლი. ჯერ კიდევ 1937 წელს ვეზიროვი გარიცხეს აზერბაიჯანის მწერალთა კავშირიდან მისი რომანის „სტუდენტების“ გამო და ასევე გაათავისუფლეს ყველა თანამდებობიდან. ამასთან დაკავშირებით ვეზიროვი იძულებული გახდა უზბეკეთის ქალაქ ურგენჩში გადასულიყო, სადაც ასწავლიდა მასწავლებელთა ინსტიტუტში. 1940 წელს ვეზიროვი დააპატიმრეს ურგენჩში და წაიყვანეს ბაქოში. მას ბრალი დასდეს კონტრრევოლუციურ მუსავატისტურ-ნაციონალისტურ ორგანიზაციაში მონაწილეობასა და პანთურქისტული და ტროცკისტული პროპაგანდის წარმართვაში. მიესაჯა 8 წლით შრომით ბანაკში ყოფნა[44]. გარდაიცვალა პატიმრობაში უნჟლაგის ბანაკში 1943 წლის 3 იანვარს[45].

მწერალი და აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი თაღი შაჰბაზი 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს. მას ბრალი ედებოდა „კონტრრევოლუციური ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრობაში“. 1938 წლის 2 იანვარს შაჰბაზს მიესაჯა სიკვდილით დასჯა და იმავე დღეს დახვრიტეს[46].

ზოგადად, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის მაშინდელი წევრობის თითქმის ნახევარი, კერძოდ 27 წევრი, რეპრესირებულ იქნა[47], მათ შორის სულთან მაჯიდ განიზადე, ომარ ფაიკ ნემანზადე, მამედ ქაზიმ ალექპერლი, სეიდ ჰუსეინი, ამინ აბიდი და ა.შ.

ჰუსეინ ჯავიდი

პოეტმა ჰუსეინ ჯავიდმა თავისი მოღვაწეობის პირველ ათწლეულში მოიპოვა საყოველთაო აღიარება, როგორც მე-20 საუკუნის აზერბაიჯანული პროგრესული რომანტიზმის უდიდესმა წარმომადგენელმა[48].

მისი დაკავების მიზეზი იყო კონტრრევოლუციური კავშირების მხარდაჭერა „მუსავატისტების მთელ რიგთან, რომლებთანაც იგი აწარმოებდა საუბრებს...  შემოიკრიბა ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდა პოეტები, რომლებსაც მუსავატის სულისკვეთებით ასაზრდოებდა“[40]. პოეტი ბრალს არ აღიარებდა; „ტროიკის“ პირველ და მეორე სხდომაზე მის საქმეზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და ის კვლავ ციხეში იყო. 1938 წლის გაზაფხულზე, აზერბაიჯანის შსსკ-ს ახალი ხელმძღვანელობით ჰუსეინ ჯავიდს ბრალი ედებოდა აზერბაიჯანის სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით მხილებაში[49].

მოსკოვის საგანგებო სხდომაზე საქმე არ განხილულა. ბაქოში საქმის ხელახალი შემოწმებისას, მას ჯაშუშობაში დასდეს ბრალი[49]. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, „დადგინდა, რომ ჰუსეინ ჯავიდი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში, შემდეგ კი გერმანიაში და, შსსკ-ს თანახმად, ჰუსეინ ჯავიდი განეკუთვნებოდა ჯაშუშობისთვის“. 1939 წლის 9 ივნისს პოეტს ბანაკში 8 წელი მიუსაჯეს, მაგრამ სასჯელში ჯაშუშობის ბრალდება არ არის მითითებული. ჰუსეინ ჯავიდი გარდაიცვალა 1941 წელს დასავლეთის გამასწორებელი შრომით ბანაკში (ტაიშეტის მახლობლად)[50].

ლიტერატურათმცოდნე მწერალმა სალმან მუმთაზსა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აზერბაიჯანის ფილიალის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის მკვლევარ ალი ნაზიმს ბანაკებში 10 წელი მიესაჯათ. პირველი გარდაიცვალა 1941 წელს სოლ-ილეცკის ციხეში. მეორეს გარდაცვალება სხვადასხვა წყაროების მიხედვით განიხილება. ერთი წყაროს მიხედვით ნაზიმიც 1941 წელს გარდაიცვალა[51].

აზერბაიჯანელი პოეტი და აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორიკოსი მიქაილ რაფილი გარიცხეს აზერბაიჯანის მწერალთა კავშირიდან. მიზეზი ის იყო, რომ „მან კონტრრევოლუციური პანთურქიზმის იდეები ლიტერატურაში გაატარა... სასტიკად დაუპირისპირდა აზერბაიჯანულ ხალხურ პოეზიას, იცავდა ფორმალისტურ ტენდენციებს“. მას ბრალი ედებოდა 1934 წელს დაარსებულ საკავშირო გაერთიანებულ ცენტრში მონაწილეობაში, მაგრამ არაუგვიანეს 1939 გაათავისუფლეს[52].

1937 წლის ბოლოს დააპატიმრეს ალესქერ ალექპეროვი[53], ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი არქეოლოგი და ეთნოგრაფი[54] და არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მეცნიერების ფუძემდებელი აზერბაიჯანში[55]. ალექპეროვი გარდაიცვალა ციხეში 1938 წელს[53].

აღამირ მამედოვიც, აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, რეპრესირებულ იქნა. მას ბრალი წაუყენეს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში, პანთურქიზმში, ტროცკიზმში. დახვრიტეს 1938 წ.[56]

1938 წლის 17 მარტს პიანისტი, ბაქოს აღმოსავლეთ კონსერვატორიის დამფუძნებელი ხადიჯა გაიბოვა დააპატიმრეს კონტრრევოლუციურ ორგანიზაცია „მუსავათში“ მონაწილეობის ბრალდებით[57]. მისი ქმარი რაშიდ გაიბოვი ასევე დააპატიმრეს როგორც „ხალხის მტერი“. ხადიჯა გაიბოვას სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ის დახვრიტეს 1938 წლის ოქტომბერში. მისი რეაბილიტაცია მხოლოდ 1957 წელს მოხდა[58].

რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ მსახიობებიც. 1937 წელს,მსახიობი, აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი ულვი რაჯაბი დააპატიმრეს, როგორც „ხალხის მტერი“. მოგვიანებით კი შეთითხნილ საქმეზე დასდეს ბრალი[58]. მსახიობი იმავე წელს დახვრიტეს.

აბას მირზა შარიფზადე

1937 წლის დეკემბერში დააპატიმრეს აზერბაიჯანის დრამატული თეატრის მსახიობი და ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი აბას-მირზა შარიფზადე. შარიფზადეს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. მტკიცებულების სახით კი დაასახელეს მისი ხშირი ვიზიტები განჯაში სპარსეთის საკონსულოში 1932 წელს. სინამდვილეში, ეს იყო მეგობრული შეხვედრები, რომლებსაც თავად კონსული აწყობდა, რომელიც აზერბაიჯანული თეატრის დიდი მოყვარული იყო და უყვარდა საღამოების გატარება მსახიობების გარემოცვაში[59]. დაკავების კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი იყო შარიფზადეს ძმის, გულამ-მირზა შარიფზადეს[60]. პოლიტიკური საქმიანობა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს 1918-1920 წლებში. იმ დროისთვის კი გულამ შარიფზადე ემიგრაციაში ცხოვრობდა.

აბას შარიფზადე ასევე დაადანაშაულეს რეპრესირებული პოეტების მიქაილ მუშფიგისა და ჰუსეინ ჯავიდის მოღვაწეობის პოპულარიზაციაში[61]. საგამოძიებო საქმის თანახმად, შარიფზადე შსსკ-ს კედლებში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჰუსეინ ჯავიდთან და ულვი რაჯაბთან, ასევე რუჰულა ახუნდოვთან[62]. 1938 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის სსრ „ტროიკამ“ აბას მირზა შარიფზადე სიკვდილით დასაჯა „ჯაშუშობისთვის“. 1938 წლის ნოემბერში შარიფზადე დახვრიტეს შსსკ-ს სარდაფში[62][63].

დიდი წმენდის დასასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეპრესიები ძირითადად 1938 წლის ნოემბრამდე მიმდინარეობდა. 1938 წლის 31 იანვარს, ბოლშევიკების გაერთიანებული კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ მიიღო გადაწყვეტილება „ანტისაბჭოთა ელემენტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის სსრ-ში 2000 ადამიანი ექვემდებარებოდა სიკვდილით დასჯას. მთელი 1938 წლის განმავლობაში განიხილებოდა არანაკლებ 10000 ადამიანის საქმე. ისინი გაასამართლეს როგორც პოლიტიკური, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, ასევე ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის, ჯაშუშობისთვის, დივერსიისთვის. „ტროიკამ“ საქმე განიხილა 7241 პირის მიმართ, მათგან 5061 პოლიტიკურ დანაშაულში იყო ბრალდებული, ხოლო 2180 კრიმინალურ დანაშაულში. მხოლოდ ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის 1108 ადამიანს მიესაჯა სიკვდილით დასჯა[16].

აზერბაიჯანში დიდი წმენდის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა უცნობია[64]. სხვადასხვა ლიტერატურაში სხვადასხვა ციფრები იყო მოცემული ინფორმაციის წყაროების მითითების გარეშე.

მაგალითად, დიდი რუსული ენციკლოპედიის მიხედვით, 1937-1938 წლების რეპრესიების დროს აზერბაიჯანში 70 ათასი ადამიანი დაიღუპა[65]. პოლონელი ისტორიკოსი ტადეუს სვენტოჩოვსკი წერდა, რომ ბაღიროვის მიერ განხორციელებული წმენდების შედეგად 1940 წლისთვის დაახლოებით 70 000 აზერბაიჯანელი დაიღუპა[34]. სხვა შეფასებით, 1937-1938 წლებში აზერბაიჯანში მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი დაახლოებით 80-100 ათასი ადამიანი გახდა[16]. საბჭოთა ისტორიკოსი აბდურაჰმან ურალოვი 1937-1938 წლებში აზერბაიჯანში რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობას 120 000 ადამიანად აფასებს[66]. კონფლიქტოლოგი არიფ იუნუსოვი ასევე საუბრობს 120 ათას ადამიანზე, რომელიც ემსხვერპლა დიდი წმენდის დროინდელ რეპრესიებს. ის ხაზს უსვამს, რომ 3,2 მილიონი მოსახლეობით (1939 წლის აღწერა) ეს უზარმაზარი მაჩვენებელია აზერბაიჯანისთვის[64].

ბაღიროვის სასამართლო პროცესი აზერბაიჯანის სსრ-ში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წლის 12 აპრილს ბაქოში დაიწყო ღია სასამართლო პროცესი ბაღიროვზე. ბაღიროვთან ერთად სასამართლოს წინაშე კიდევ ხუთი ადამიანი წარსდგა. „ბაღიროვისა და მისი თანამზრახველების“ მიმართ ერთ-ერთი დადასტურებული ბრალდება იყო „კონტრრევოლუციური ნაციონალისტური ორგანიზაციის რეზერვის მემარჯვენე-ტროცკისტური ცენტრის“ საქმე, რომლის მიხედვითაც 1938 წელს სამასზე მეტი წამყვანი პარტიული და საბჭოთა მუშაკი დააპატიმრეს, რომელთაც მიესაჯა სიკვდილით დასჯა ან გრძელვადიანი თავისუფლების აღკვეთა.

1956 წლის 26 აპრილს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ბაღიროვი სხვა ბრალდებულებთან ერთად დამნაშავედ ცნო „მოღალატე ჯგუფში მონაწილეობისა და საბჭოთა მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული რეპრესიების ჩადენაში“ და აზერბაიჯანის სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 63 სტატიის საფუძველზე მას რუბენ მარკარიანთან, ტიმოფეი ბორშჩევთან და ხორენ გრიგორიანთან ერთად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მთელი ქონების კონფისკაციით. აღა სალიმ ატაკიშიევსა და სტეპან იემელიანოვს შრომით ბანაკებში ოცდახუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს[67].

რეპრესიები და რელიგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტალინური რეპრესიების წლებში ხელისუფლებამ, ხალხის სავარაუდო მოთხოვნილებებზე დაყრდნობით, დაიწყო მეჩეთების მასობრივი დახურვა. პარტიულ და სამთავრობო ჩინოვნიკებს ადანაშაულებდნენ მეჩეთებში პარასკევის მსახურებაში დასწრების გამო, მოლებს კი გმობდნენ მოვალეობის შესრულების გამო. რეპრესიების ფონზე „რელიგიასთან ბრძოლის არასაკმარისი მონდომებაც“ შეიძლება გამხდარიყო დაპატიმრების საფუძველი[68]. სტალინის დროს ქალაქ ბაქოში თითქმის ყველა მეჩეთი დაიხურა, ორის გარდა[69].

ბიბი-ჰეიბათის მეჩეთის დანგრევის პროცესი

1929 წელს დაიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა ისლამის წინააღმდეგ. მხოლოდ 1929 წელს აზერბაიჯანში 400-მდე მეჩეთი ერთდროულად დაიხურა ან გადაკეთდა კლუბებად. 1933 წლისთვის რესპუბლიკაში მხოლოდ 17 მეჩეთი იყო დარჩენილი. თუ თავიდან მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა შეეჩერებინა ანტირელიგიური კამპანია, 1937 წლიდან ტერორმა და „რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლამ“ ახალი ძალა მოიპოვა. რეპრესირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი 1937-1938 წწ. ინტელიგენციასთან ერთად იყვნენ სამღვდელოების განათლებული ნაწილის წარმომადგენლები[64]. 1930-იან წლებში დაანგრიეს ისეთი რელიგიური ნაგებობები, როგორიცაა ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი, წმინდა თადეოსისა და ბართლომეოს სომხური ეკლესია, ალექსანდრე ნეველის ტაძარი და პოლონეთის კათოლიკური ეკლესია.

რეპრესიებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა ისლამს. რეპრესიების შედეგად, 1930-იანი წლების ბოლოს, დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ისლამის ტრადიციულ მიმართულებებს, არამედ პრაქტიკულად ლიკვიდირებულ იქნა მრავალი ისლამური ტარიკატი და საზოგადოება[64].

  1. Azerbaijan Since Independence
  2. Фурман Д. Е. Несостоявшаяся революция. Политическая борьба в Азербайджане (1988-1993 годы) // Дружба народов. — 1994. — № 4. — С. 152.
  3. Данилов В. П. К истории сталинского террора // Куда идёт Россия?.. Формальные институты и реальные практики : Материалы девятого международного симпозиума. — М., 2002. — С. 309—310.
  4. Данилов В. П. К истории сталинского террора // Куда идёт Россия?.. Формальные институты и реальные практики : Материалы девятого международного симпозиума. — М., 2002. — С. 311—313.
  5. Гражданская война и военная интервенция в СССР: Энциклопедия / Гл. ред. С. С. Хромов; Ред. кол.: Н. Н. Азовцев, Е. Г. Гимпельсон, П. А. Голуб и др. — М.: Советская энциклопедия, 1983. — С. 244—245. — 704 с. — 150 000 экз.
  6. Ашнин Ф. Д., Алпатов В. М., Насилов Д. М. Репрессированная тюркология. — М.: «Восточная литература» РАН, 2002. — С. 296.
  7. Майкл СМИТ - Память об утратах и азербайджанское общество
  8. Кириллина А. А. Неизвестный Киров. — СПб.-М.: Изд. дом „Нева“, Олма-Пресс, 2001. — С. 87.
  9. Баберовски Й. Враг есть везде. Сталинизм на Кавказе. — М.: Российская политическая энциклопедия (РОССПЭН), Фонд «Президентский центр Б.Н. Ельцина», 2010. — 855 с. — ISBN 978-5-8243-1435-9.
  10. Баберовски Й., 2010, с. 306, 311.
  11. Исмаилов Э. Р. История «Большого террора» в Азербайджане. — М.: Политическая энциклопедия, 2015. — 239 с.
  12. Баберовски Й., 2010, с. 744—753, 757.
  13. 13.0 13.1 13.2 РУКОВОДИТЕЛИ ТЕРРИТОРИАЛЬНЫХ ОРГАНОВ НКВД СССР
  14. СУМБАТОВ (ТОПУРИДЗЕ) ЮВЕЛЬЯН ДАВИДОВИЧ
  15. Петров Н. В. Кто руководил органами госбезопасности, 1941-1954 гг. Справочник. — М., 2010. — С. 448-449.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 CENTRAL ASIA AND THE CAUCASUS
  17. Исмаилов, 2015, с. 48.
  18. Хлевнюк О. В. Политбюро. Механизмы политической власти в 30-е годы. — М.: Российская политическая энциклопедия (РОССПЭН), 1996. გვ.44
  19. Известия ЦК КПСС. — М., 1989. — № 6. — С. 78.
  20. Баберовски Й., 2010, с. 774—775.
  21. Исмаилов, 2015, с. 87.
  22. Исмаилов, 2015, с. 88.
  23. Юнге М., Бордюгов Г., Биннер Р. Вертикаль большого террора. История операции по приказу НКВД №00447. — М.: Новый Хронограф; АИРО-XXI, 2008. — С. 71—72. — ISBN 978-5-94881-083-6, 978-5-91022-104-2.
  24. Как Азербайджан пережил «большой террор»
  25. 25.0 25.1 Исмаилов, 2003, с. 151.
  26. Баберовски Й., 2010, с. 775—776.
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 Баберовски Й., 2010, с. 777.
  28. Метёлкина Л. Н. Особенности ротации региональной политической элиты в СССР (на примере первых секретарей ЦК КП(б) — КП союзных республик в 1930-1964 гг.) // Известия Иркутского государственного университета. — 2012. — № 2 (9), ч. 1. — С. 138.
  29. Исмаилов, 2015, с. 120.
  30. Лубянка. Сталин и Главное управление госбезопасности НКВД. Архив Сталина. Документы высших органов партийной и государственной власти. 1937—1938. — М.: МФД, 2004. — С. 380.
  31. 31.0 31.1 Баберовски Й., 2010, с. 778.
  32. 32.0 32.1 32.2 Исмаилов, 2015, с. 128—129.
  33. Свентоховский, 2001, с. 36.
  34. 34.0 34.1 Tadeusz Swietochowski, Brian C. Collins. Historical Dictionary of Azerbaijan. — Scarecrow Press, 1999. — С. 31. — 145 с. — ISBN 0-8108-3550-9.
  35. The Azerbaijani Turks : power and identity under Russian rule
  36. Исмаилов, 2015, с. 131.
  37. 37.0 37.1 37.2 Реабилитация: как это было. Документы Президиума ЦК КПСС и другие материалы. В 3-х томах. Т. 1. Март 1953 — февраль 1956. — М.: МФД, 200. — С. 276—277.
  38. Ашнин, Алпатов, Насилов, 2002, с. 130.
  39. Ашнин, Алпатов, Насилов, 2002, с. 134.
  40. 40.0 40.1 Ашнин, Алпатов, Насилов, 2002, с. 146.
  41. Ашнин, Алпатов, Насилов, 2002, с. 134—136.
  42. Ашнин, Алпатов, Насилов, 2002, с. 138.
  43. Ашнин, Алпатов, Насилов, 2002, с. 140.
  44. Следственное дело №169 // «Азербайджан» : газета. — 5 января 1990. — № 1 (13).
  45.   YUSİF VƏZİR ÖZ VƏTƏNİNƏ NƏ VAXT QAYIDACAQ?
  46. Следственное дело №12493 // «Элм» : газета. — 5 мая 1990.
  47. Страна окнами в будущее. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-25. ციტირების თარიღი: 2023-04-21.
  48. Джафар М. Гусейн Джавид. — Б.: Элм, 1982. — С. 3.
  49. 49.0 49.1 Ашнин, Алпатов, Насилов, 2002, с. 147—148.
  50. Ашнин, Алпатов, Насилов, 2002, с. 149.
  51. Ашнин, Алпатов, Насилов, 2002, с. 156—157.
  52. РАФИЛИ Микаэл (Микаил, Микаэль) Гаджи Гасан-оглы (1905-1958)
  53. 53.0 53.1 АЛЕКПЕРОВ Алескер Казым-оглы (1895-1938?)
  54. Кобычев В., Трофимова А. А. К. Алекперов, Исследования по археологии и этнографии Азербайджана, Баку, 1960, 249 стр. // Советская этнография. — 1961. — № 5. — С. 181, 183.
  55. Халилов Д. А. Памяти Алескера Казым оглы Алекперова // Советская археология. — 1966. — № 3. — С. 122.
  56. Следственное дело №12493 // «Элм» : газета. — 1 февраля 1990.
  57. Исмаилов, 2015, с. 166—167.
  58. 58.0 58.1 XX ƏSR AZƏRBAYCAN MUSIQI TARIXI – TOTALITAR ZAMAN KƏSIYINDƏ
  59. Памяти актера
  60. დოკუმენტური ფილმი «Aktyor ömrü. Abbas Mirzə Şərifzadə». ITV, 2013.
  61. "Я УШЕЛ!"
  62. 62.0 62.1 Рахманзаде Ф. Дар судьбы. — Б.: Язычы, 1990. — С. 76. — 302 с.
  63. Reviving the Memory of Silenced Voices
  64. 64.0 64.1 64.2 64.3 Юнусов А. С. Ислам в Азербайджане. — Б.: Заман, 2004. — С. 150—155. — 388 с. — ISBN 9952-8052-0-9.
  65. Большая Российская Энциклопедия. — М., 2005. — С. 262.
  66. The permanent purge; politics in Soviet totalitarianism - Zbigniew Brzezinski
  67. Копия приговора Военной коллегии ВС СССР от 26 апреля 1956 г. по делу М. Д. Багирова, Т. М. Борщева, Р. А. Маркаряна, X. И. Григоряна, С. И. Атакишиева и С. Ф. Емельянова
  68. Свентоховский, 2001, с. 33.
  69. Свентоховский, 2001, с. 37.
  • Баберовски Й. Враг есть везде. Сталинизм на Кавказе. — М.: Российская политическая энциклопедия (РОССПЭН), Фонд «Президентский центр Б.Н. Ельцина», 2010. — 855 с. — ISBN 978-5-8243-1435-9.Исмаилов Э. Р. История «Большого террора» в Азербайджане. — М.: Политическая энциклопедия, 2015. — 239 сИсмаилов Э. Р. История «Большого террора» в Азербайджане. — М.: Политическая энциклопедия, 2015. — 239 с.
  • Исмаилов Э. Р. История «Большого террора» в Азербайджане. — М.: Политическая энциклопедия, 2015. — 239 с.
  • Свентоховский Т. Русское правление, модернизаторские элиты и становление национальной идентичности в Азербайджане // Азербайджан и Россия: общества и государства / Редактор-составитель Д. Е. Фурман. — М.: Летний сад, 2001.