განკულაკება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კულაკებს გავყრით კოლმეურნეობებიდან“, საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატი, 1930 წ.

განკულაკება (რუს. Раскулачивание) — სსრკ-ისა და სკპ(ბ)-ის ხელმძღვანელობის მიერ კოლექტივიზაციის წინ და მის დროს იმ გლეხების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიული ზომების სისტემა, რომლებიც კულაკების ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. წარიმართა კულაკობის, როგორც კლასის ლიკვიდაციის ლოზუგით. განკულაკების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო სსრკ-ის სახალხო კომისართა საბჭოს (სახკომსაბჭო) 1929 წლის 21 მაისის დადგენილებით განსაზღვრული ნებისმიერი ნიშანი: გლეხის მეურნეობაში ერთ მჭამელზე 300 მანეთზე მაღალი წლიური შემოსავალი (მაგრამ ოჯახზე არანაკლებ 1500 მანეთისა); ვაჭრობაში ჩაბმულობა; მანქანების, სათავსოების გაქირავება; დაქირავებული შრომის გამოყენება; წისქვილის, ზეთსახდელის, საცეხვის, ხილის ან ბოსტნეულის საშრობის ქონა და სხვ. ამ ნიშანთა არარსებობის შემთხვევაში, მიმართავდნენ სასოფლო საბჭოებში შენახულ ძველ ფისკალურ სიებს, გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მაუწყებელთა მოხსენებებს, მეზობლებს. მასობრივი განკულაკება დაიწყო 1930 წელს სკპ(ბ) ცკ-ს პოლიტბიუროს 30 იანვრის დადგენილებით, სსრკ ცაკ-ისა და სახკომსაბჭოს 1 თებერვლის დადგენილებითა და გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს 2 თებერვლის № 44/21 ბრძანებით.[1]

განკულაკების დროს გლეხებს ანაწილებდნენ სამ კატეგორიად: „ბოროტმზრახველი კონტრრევოლუციური აქტივის“ გლეხებს აპატიმრებდნენ და გზავნიდნენ ციხეებსა და შრომა-გასწორების ბანაკებში, მათ ოჯახებს გადაასახლებდნენ, კოლექტივიზაციის ყველაზე აქტიურ მოწინააღმდეგეებს ხვრეტდნენ, „კონტრრევოლუციის დახმარებისკენ მიდრეკილებს“ ოჯახთან ერთად გადაასახლებდნენ სპეციალურ დასახლებებში ოლქის (მხარის, რესპუბლიკის) ცალკეული რაიონებში ან ქვეყნის შორეულ რეგიონებში; დანარჩენებს ასახლებდნენ სპეციალურად გამოყოფილ მონაკვეთებში კოლმეურნეობის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ჩამორთმეული ქონება, საქონელი, საკვები და საოჯახო მარაგები გადაეცემოდა კოლმეურნეობებს ან ყიდდნენ.

„შორს კულაკი კოლმეურნეობისგან!“, საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატი, 1930 წ.

განკულაკებას თან ახლდა გლეხთა საპროტესტო გამოსვლები, „თვითგანკულაკება“ (საქონლის დაკვლა, ქონების გაყიდვა) და ქალაქში ან მშენებლობებზე გაქცევა. 1933 წელს მასობრივი განკულაკება ძირითადად დასრულდა, ინდივიდუალური გრძელდებოდა. განკულაკებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქვეყნის ხელმძღვანელობის თავდაპირველ გეგმას, რამდენადაც ადგილობრივი პარტიულ-სახელმწიფო ორგანოები და ღარიბ-ღატაკთა აქტივი დაჟინებით მოითხოვდა განკულაკების მასშტაბების გაფართოებას. სულ 1929–1940 წლებში განკულაკება შეეხო დაახლოებით 1,1 მილიონ მეურნეობას (საერთო რაოდენობის 4–5%-ს, 5–6 მილიონ ადამიანს; ნიკოლოზ ივნიცკის მონაცემები), 4 მილიონი ადამიანი გადაასახლეს (მათი ნაწილი — ციხიდან და შრომა-გასწორების ბანაკებიდან გათავისუფლების შემდეგ; ვ. ზემსკის მონაცემები). ამ დროის განმავლობაში შიმშილისგან და დაავადებისგან დაიღუპა არანაკლებ 600 ათასი ადამიანი. განკულაკებულთა უმრავლესობა სინამდვილეში საშუალო გლეხი იყო. მრავალი გადარჩენილი გადასახლებული (სპეციალურ და შრომით დასახლებებში) სსრკ-ის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონების ბუნებრივი რესურსების ათვისების სამუშაო ძალის წყარო გახდა.

1948–1950 წლებში განკულაკება შეეხო დასახლეთ უკრაინის, დასავლეთ ბელორუსიის, მოლდავეთის, ბალტიისპირეთის გლეხობას (ეს რეგიონები სსრკ-ის შემადგენლობაში დიდი სამამულო ომის წინ ან შემდეგ შევიდა).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ковалёв Д. В. Раскулачивание // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 227–228.