კოლექტივიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კოლექტივიზაცია — წვრილ გლეხურ მეურნეობათა გაერთიანება მსხვილ სოციალისტურ მეურნეობებად - კოლმეურნეობებად, აგრარული სფეროს რეფორმა სსრკ-ში. კოლექტივიზაციას საფუძვლად ედო სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაცია და საზოგადოებრივი საკუთრების ყოვლისმომცველი სისტემის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, სახელმწიფო მექანიზმების მეშვეობით. იგი მიმდინარეობდა 1929-1933 წწ. კოლექტივიზაციას თან ახლდა ძალადობა, რეპრესიები და გაუგონარი, არადამიანური ტრაგედიები.

კოლექტივიზაციამ მდიდარი და შეძლებული გლეხების (ე. წ. „კულაკების“) დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. „გაკულაკება“ საქართველოში ძალზე მწავავედ წარიმართა.

ხელისუფლებმა გლეხებს წაართვა ადგილ-მამულები, მიწა, დაქირავებული მუშები, პირუტყვი, სამუშაო მანქანები, ინვენტარი კოლმეურნეობის სასარგებლოდ. გაკულაკებულთათვის ასეთი ყოფა აუტანელი შეიქმნა და მათი მხრიდან მწვავე წინააღმდეგობები გამოიწვია, დაიწყო მასობრივი გამოსვლები და დაუმორჩილებლობის მცდელობები. მათ პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართეს. ხალხი წვავდა და ანადგურებდა კოლექტივში შესატან ქონებას, თავს ესხმოდა ხელმძღვანელ ორგანოებსა და მუშაკებს.

ხელისუფლების რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელისუფლება ყოველგვარი დათმობის გარეშე მიმართავდა უხეშ და განუკითხავ ძალადობას, შეძლებული გლეხობა „ექსლოატატორებად“ მონათლა: მამა შვილს დაუპირისპირა, ოჯახის წევრთა შორის განხეთქილება შეიტანა. დაიწყო ურჩთა მასობრივი დაპატიმრებები. 1932 წ. 7 აგვისტოს კანონით „სოციალისტური საკუთრების“ სრულიად უმნიშვნელო რაოდენობის ხელყოფაც კი 10 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა, საზოგადო საკუთრების მითვისება კი სასჯელის უმაღლეს ზომას – დახვრეტას ითვალისწინებდა. საეჭვო პირებს „სამეულები“ ასამართლებდნენ და ან მეზობელ რაიონებში, ან ადმინისტრაციული წესით ციმბირში ასახლებდნენ.

საგრძნობად გაიზარდა „შავსიელთა“ რაოდენობა არა მარტო კულაკებისა და „ნეპმანების“, არამედ „პოლიტიკურად არასაიმედო“ პირების ხარჯზე. ყველა საეჭვო ადამიანი „ხალხის მტრად“ შერაცხეს. მათ სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, შვილებს კი სკოლიდან რიცხავდნენ.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განუკითხაობამ 1933 წელს – კოლექტივიზაციის დასრულების წელს, – გამოიწვია მასობრივი შიმშილი, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ყველაზე მეტად დაზარალდა მარცვლეულის მწარმოებელი რეგიონები: – უკრაინა, ყუბანი, ვოლგისპირეთი და სხვ. უკრაინაში, კერძოდ, 7 მილიონი კაცი გაწყდა შიმშილით. უკრაინის ამ უსაშინლესი ტრაგედიის 50 წლისთავი სამგლოვიარო მარშებით აღინიშნა ევროპის დედაქალაქებში 1983 წელს.

ყუბანის მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში შემოიხიზნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]