ტროცკიზმი

ტროცკიზმი — მარქსიზმ-ლენინიზმისა და მსოფლიო კომუნისტური მოძრაობისადმი მტრულად განწყობილი იდეურ-პოლიტიკური მიმდინარეობა. წარმოიშვა XX საუკუნის დასაწყისში როგორც მენშევიზმის ნაირსახეობა. სახელწოდება მიიღო თავისი იდეოლოგისა და ლიდერის ლ. ტროცკის გვარის მიხედვით.
კომუნისტური მოძრაობის ისტორია სავსეა ვ. ი. ლენინის, ბოლშევიკების წინააღმდეგ ტროცკის ბრძოლით. ტროცკი ლენინიზმს ჯერ კიდევ 1903 დაუპირისპირდა რსდმპ II ყრილობაზე, ახალი ტიპის მარქსისტული პარტიის წესდებისა და პროგრამის საკითხებში. შემდეგ კი ებრძოდა ბოლშევიკებს მენშევიკებთან ერთად, ეწინააღმდეგებოდა ყველა პრინციპულ საკითხში. ვ. ი. ლენინი მას მტერზე უფრო საშიშ მოლაყბეს, „იუდუშკას“ უწოდებდა და წერდა: „მარქსიზმის არც ერთ სერიოზულ საკითხში არ ჰქონია ტროცკის მტკიცე შეხედულება, იგი ყოველთვის ამა თუ იმ უთანხმოების „ჭუჭრუტანაში“ გაძვრებოდა ხოლმე და ერთი მხრიდან მეორეზე გადარბოდა“.[1] I მსოფლიო ომის წლებში ვ. ი. ლენინი ხაზგასმით მიუთითებდა: „ამ არამზადას მაშინვე შეუკრავს პირი „ნოვი მირის მემარჯვენე ფრთასთან მემარცხენე ციმერვალდელთა წინააღმდეგ !! ასეა საქმე !! აი როგორ იქცევა ტროცკი!! მუდამ ის არის, რაც არის – მელაკუდობს, თაღლითობს, პოზიორობს როგორც მემარცხენე, ეხმარება მემარჯვენეებს“.[2] ტროცკი თავიდაზვე მხარში ედგა ცენტრიზმს და იმპერიალისტური ომის სამოქალაქო ომად გადაქცევის ლენინურ გეგმას უპირისპირებდა პროლეტარიული პოლიტიკის მტრულ ლოზუნგს: „არც გამარჯვება, არც დამარცხება“. ლენინიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ტროცკიმ კიდევ უფრო გააძლიერა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ჩაშალა 1918 ბრესტის საზავო მოლაპარაკება, გამოდიოდა პროფკავშირებში მუშათა დემოკრატიის გაშლის წინააღმდეგ, მოითხოვდა მათში მბრძანებლობისა და ადმინისტრირების მეთოდების დანერგვას. თავიდანვე დაღუპვას „უწინასწარმეტყველებდა“ საბჭოთა ხელისუფლებას და სხვა. ტროცკის ანტიბოლშევიზმი კიდევ უფრო გამოაშკარავდა ვ. ი. ლენინის ავადმყოფობის დროს, განსაკუთრებით კი გარდაცვალების შემდეგ. ტროცკი დოგმატურად ამახინჯებდა მარქსის პერმანენტული რევოლუციის იდეას, უარყოფდა თავდაპირველად ცალკე აღებულ ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში, სახელდობრ, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობას. არ სწამდა მუშათა კლასის ხელმძღვანელობით გლეხობის რევოლუციის როლი და მთელი ძალ-ღონით ცდილობდა ლენინიზმის შეცვლას ტროცკიზმით. კომუნისტურმა პარტიამ კომინტერნისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მხარდაჭერით დაგმო ტროცკიზმი. საკავშირო კპ (ბ) XV ყრილობამ მოიწონა ცკ-ის 1927 ნოემბრის გადაწყვეტილება ტროცკისა და მისი აქტიური მომხრეების პარტიიდან გარიცხვის შესახებ. 1928 წლიდან ტროცკიზმი აღარ წარმოადგენდა პოლიტიკურ მიმდინარეობას საბჭოთა კავშირში. ანტისაბჭოტა მოქმედებისათვის ტროცკი 1929 წელს გაასახლეს სსრკ-იდან, 1932 წელს ჩამოერთვა საბჭოთა მოქალაქეობა, რომლის იდეურ განადგურებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გენერალური მდივნის ი. ბ. სტალინის გამოსვლებს.
საზღვარგარეთ ტროცკიმ კიდევ უფრო სრულად ჩამოაყალიბა თავისი ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური შეხედულებები. 30-იან წლებში ტროცკისტები ფაშისტური გერმ. მხარეზე იყვნენ და სსრკ-ს უწინასწარმეტყველებდნენ გარდუვალ დამარცხებას. II მსოფლიო ომის დროს ტროცკისტები გამოვიდნენ ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნის წინააღმდეგ. 1938 წლის სექტემბერში 11 ქვეყნის ტროცკისტულმა ჯგუფებმა გამოაცხადეს ე. წ. „ინტერნაციონალის“ შექმნა, რომელიც არასოდეს არ წარმოადგენდა ერთიან ორგანიზაციას და 50-იანი წლებიდან დაიშალა მასობრივი მუშათა მოძრაობისაგან მოწყვეტილ ურთიერთშორის მებრძოლ ჯგუფებად. 60-იანი წლებიდან ტროცკისტები დაჯგუფდნენ რამდენიმე ცენტრის („საერთაშორისო სამდივნო“, „საერთაშორისო კომიტეტი“ და სხვა) ირგვლივ მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ტროცკიზმმა ვერ პოვა პრაქტიკული განვითარება. ლევ ტროცკი 1929 წლის თებერვალში გადაასახლეს საბჭოთა კავშირიდან, თუმცა მას არ შეუწყვეტია იდეოლოგიური ბრძოლა და სიცოცხლის განმავლობაში მუდმივად აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირის მმართველობას. სწორედ ასეთი ქმედებების გამო ესპანელმა რამონ მარკადერმა სტალინის დაკვეთით 1940 წლის 20 აგვისტოს წერაქვით სასიკვდილოთ დაჭრა ლევ ტროცკი, ეს უკანასკნელი კი შემდეგ დღეს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ტროცკისტული იდეოლოგიის მიმდევრებიც იდევნებოდნენ და იხვრიტებოდნენ, რის შედეგადაც თეორია მხოლოდ თეორიად დარჩა, ხოლო მთავარი მიზანი, რომელიც სტალინის ბოუროკრატიული მმართველობის დამხობას გულისხმობდა — მიუღწეველი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრეგაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 60-61.
- Alex Callinicos. Trotskyism (Concepts in Social Thought) University of Minnesota Press, 1990.
- Belden Fields. Trotskyism and Maoism: Theory and Practice in France and the United States Praeger Publishers, 1989.
- Alfred Rosmer. Trotsky and the Origins of Trotskyism. Republished by Francis Boutle Publishers, now out of print.
- Cliff Slaughter. Trotskyism Versus Revisionism: A Documentary History (multivolume work, now out of print)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|