საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბაჟო სამსახური
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბაჟო სამსახური | |
---|---|
შეიქმნა | 30 აგვისტო, 1919 |
შტაბ-ბინა | თბილისი |
მდებარეობა | საქართველო |
მთავარი ორგანო | მთავარი საბაჟო |
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბაჟო დაწესებულება — ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს ერთ-ერთი უწყება, რომელიც ახორციელებდა ქვეყანაში შემოსული მგზავრებისა და საქონლის აღრიცხვას და კონტროლს, ასევე ფისკალურ ფუნქციას. დაარსდა 1918 წლის 30 აგვისტოს კანონით.
არსებობდა მთავარი საბაჟო, პირველი, მეორე და მესამე ხარისხის საბაჟოები. ცენტრალური მართვა-გამგეობის უფლებით აღჭურვილი იყო მთავარი საბაჟო თბილისში (დასაქმებული იყო 48 თანამშრომელი). პირველი ხარისხის საბაჟო მდებარეობდა ფოთში (მუშაობდა 44 ადამიანი). მეორე ხარისხის საბაჟოები იყო ნატანების (20 თანამშრომელი) და სოხუმის (14 თანამშრომელი), მესამე ხარისხისა კი გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ათონში, ყულევში, ანაკლიაში, ოზურგეთში, ბაკურიანში, აწყურში, აბასთუმანში, დარიალში, ლაგოდეხში, ვორონცოვკაში, ფოილოში, ნადრევანში (ყველა ამ საბაჟოში შტატით გათვალისწინებული იყო 4-4 თანამშრომელი: გამგე, თანაშემწე და 2 დარაჯი). სულ საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 183 ადამიანი.
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ გადმოიბარა საქართველოში არსებული ყოფილი რუსეთის იმპერიის საბაჟო გამშვები პუნქტები, სულ 14 დაწესებულება, მათ შორის სამხრეთ საქართველოში ორჯოხის, ოლთისისა და ლიმანის, ხოლო შავი ზღვაის პირას ადლერის, სოჭის და ტუაფსეს საბაჟოები. პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთად ნაწილი საბაჟოებისა გაუქმდა.
საქართველოში შემოდიოდა საქონელი რუსეთიდან, თურქეთიდან (ოსმალეთიდან), აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან. აქტიური სავაჭრო საქმიანობა წარმოებდა ყირიმის, ქერჩისა და დონის ოლქებთან. 1918 წლის მაისის — 1919 წლის მაისის მონაცემებით, ქვეყნის ბიუჯეტში ბაჟის და სხვა საბაჟო გადასახადების სახით შემოვიდა 12 904 176 მანეთი. ამავე პერიოდში საქართველოდან გაიტანეს 158 439 931 მანეთის საქონელი. ძირითადად, საქონლის შემოტანა და გატანა ხდებოდა რკინიგზით და გემით, ასევე ავტომობილებით.
სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა ათეულობით დიდი თუ პატარა ფირმა და კერძო მოვაჭრე. ხშირი იყო კონტრაბანდული საქონლის შემოტანისა და მებაჟეების მოსყიდვის მცდელობა. იმისათვის რომ თავიდან აეცილებინათ მებაჟეთა მხრიდან კანონდარღვევა და კორუფცია, მთავარი საბაჟო მიმართავდა მებაჟეთა ხშირ როტაციას, ასევე, კონტრაბანდის აღმოჩენის მიზნით, შექმნილი იყო სპეციალური აგენტურული ქსელი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამუშია ჯ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 341.